- პირველი შვილის დაღუპვის შემდეგ ნინოს ხასიათი ძალიან შეეცვალა. ბუნებრივია, ეს არავის გვიკვირდა, უბრალოდ გვწყინდა, რომ ვერაფრით ვეხმარებოდით. ასეთ დროს ნუგეშისცემა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მე მისი უახლოესი მეგობარი ვიყავი და ჩემზე
- რა ხნის ბავშვი დაეღუპათ?
- ირაკლი სამი წლის იყო. მშობლებს ზამთარში ბაკურიანში ჰყავდათ, გაუცივდათ და თურმე პატარას საშინელი ხველა დააწყებინა. სიცხე მისცა თუ არა, მაშინვე თბილისში წამოიყვანეს. გზა დიდთოვლობის გამო გაუგრძელდათ. რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანა გაჩერებული იყო და ადგილიდან ვერ იძროდა. სანამ თბილისში ჩამოიყვანდნენ, ბავშვი გზაში გაიგუდა. ფაქტობრივად, მშობლების ხელში დალია სული.
- ამის შემდეგ წყვილს ბავშვი აღარ ეყოლა?
- ხუთი თუ ექვსი წლის განმავლობაში ნინო და მისი მეუღლე ამ ტრაგედიიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ. უფრო სწორად, თემური ცდილობდა, რომ მათი ოჯახი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა, მაგრამ ნინომ ფეხი ვერ აუწყო. ხანდახან მგონია, რომ იმ წლებში ნინო თავის ქმარს არც გაჰკარებია, სხვა შემთხვევაში დაორსულდებოდა, რადგან ჯანმრთელი ქალი იყო და არავითარი პრობლემა არ ჰქონია. არაერთხელ მინახავს ნინო თავის ოთახში მარტო, ხოლო მისი მეუღლე მისაღებ ოთახში შლიდა ტახტს და იქ ეძინა.
- ექვსი წელი საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე იწვეს და ამას ქმარი იტანდეს...
- გეთანხმებით, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თემურს სხვა ქალი არ ეყოლებოდა. ახალგაზრდა კაცი იყო, 30 წლის, და ბუნებრივია ვიღაცასთან სიახლოვის სურვილი ექნებოდა. თუმცა ერთ ზაფხულსაც ნინომ და თემურმა ზღვაზე წასვლა დაგეგმეს. ეს გადაწყვეტილება ნინომ ქმრის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მიიღო. იქიდან საოცრად შეცვლილი დაბრუნდა. წონაშიც მომატებულიყო და ლამაზი ფერიც ჰქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ ორსულად იყო და ექოსკოპიაზე მისულებს გვითხრეს, რომ ნინო ბიჭის დედა გახდებოდა. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, ამ ამბავმა რა სიხარული გამოიწვია. საბედნიეროდ, ორსულობის პერიოდმა და მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მათ ოჯახში ხალისი დაბრუნდა. ნინოს პირველი შვილი ნათლია მე ვიყავი, მეორე კი ჩვენს ერთ უახლოეს მეგობარს მოანათვლინა. გიორგი საოცრად კარგი ბავშვი იზრდებოდა. გარეგნულად ძალიან ჰგავდა თავის გარდაცვლილ ძმას. სამი წლის რომ გახდა, ირაკლისა და გიორგის ფოტოები გვერდი-გვერდ რომ დაგეწყოთ, ვერ გაარჩევდით, რომ ეს ორი სხვადასხვა ბავშვი იყო. როცა სკოლაში შევიდა, მშობლებს დაჰყავდათ კალათბურთზე, ცურვაზე, ცეკვაზე. 14 წლის ასაკში სამი უცხო ენა იცოდა. მოგეხსენებათ, ოჯახში ერთი შვილი რომ იზრდება, ყველა მასზეა გადართული და უნდათ, რომ მაქსიმალური განათლება მიიღოს. ნინოს ქმარი სამსახურში დააწინაურეს, ხელფასი მოემატა და გაფართოება გადაწყვიტეს. ბინა შეიცვალეს და სხვა უბანში გადავიდნენ. ბუნებრივია, გიორგის ახალი მეგობრები გაუჩნდნენ. სამწუხაროდ, არც თუ ისე კარგ წრეში მოხვდა. ჯერ სწავლას უკლო, მერე უმადობა დასჩემდა, თუ ჭამდა, მხოლოდ ტკბილეულს ეტანებოდა. მოკლედ, ძალიან შეიცვალა და თვალსა და ხელს შუა „გაფუჭდა“. იმდენად აგრესიული გახდა, რომ მამაც ვერ აკონტროლებდა.
- ნარკოტიკების მომხმარებელი ხომ არ გახდა?
- დიახ, მეც სწორედ აქეთ მივიდვარ. მალე მათი ოჯახიდან ნივთებიც დაიკარგა. ეჭვი გიორგის მეგობრებზე მიჰქონდათ და როცა ეს ბავშვს შეაპარეს, მან სკანდალი მოაწყო და ბოლოს ისიც კი აღიარა, რომ ძვირფასეულობა სახლიდან თავად გაჰქონდა და ყიდდა. თემური შეეცადა ბავშვი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაეყვანა - ყველაფერს მივატოვებ და მის გვერდით ვიქნებიო. ფაქტობრივად, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მამა-შვილი აეროპორტში წავიდა, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ გიორგი აეროპორტიდან გამოიპარა და სამი დღე სახლში არ გამოჩენილა. ბოლოს დაბრუნდა ჭუჭყიანი, დასაბანი, გაუბედურებული. იმ საღამოს მეც ნინოს ოჯახში ვიყავი და გიორგის კარი რომ გაუღეს, დედ-მამას მისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ვფიქრობ სწორად მოიქცნენ, რადგან საყვედურს აზრი არ ჰქონდა. ბავშვი აბაზანაში შევიდა, იბანავა, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთხივემ ერთად ვივახშმეთ. მერე ბოდიში მომიხადა, ძალიან დაღლილი ვარ, უნდა დავწვე და დავიძინოო. მერე ნინო მიყვებოდა, გიორგის მეორე დღეს 3 საათამდე სძინებია. როცა ადგა, მითხრა, დედა, მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გავალო. წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს ერთ-ერთ ბაღში გარდაცვლილი იპოვეს. სხეულზე არანაირი ძალადობის კვალი არ ეტობოდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ძილის წამლის ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ჩანს, თავი მოიკლა, თუმცა მიზეზი დღემდე დაუდგენელია.
- თქვენს მეგობარს მეტი შვილი აღარ ჰყოლია?
- არა. ამ ამბის შემდეგ თემური რუსეთში გადაიხვეწა და ნინო მიატოვა. არ ვამართლებ, მაგრამ მისი მაინც მესმის. აღარ შეეძლო ხელმეორედ აეტანა ის, რაც მათი პირველი შვილის სიკვდილის შემდეგ მის ცოლს დაემართა. ახლა ნინო მარტოა. კვირაში რამდენჯერმე დისშვილები შეუვლიან ხოლმე და მე ვნახულობ. ვცდილობ, გარეთ გამოვიყვანო და მცირე ხანს მაინც ვატარო სუფთა ჰაერზე.
მკითხველის ისტორია