- როცა მე გავჩნდი, მამაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო. დედა ჩემზე შვიდი თვის ორსული დატოვა და თავად ლენინგრადში გაურკვეველ
- ალბათ ბებიასა და ბაბუას თქვენს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით...
- რასაკვირველია, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე. ბიძა მამის მაგივრობას მიწევდა, მაგრამ ცოტა უცნაური კაცი იყო. რასაც შოულობდა, ქალებსა და რესტორნებში ხარჯავდა. როცა გაუჭირდებოდა, დედამისს მიადგებოდა და ისიც თავის ვაჟს გაუჩენელს გაუჩენდა. ბებიაჩემისთვის ვაჯიშვილის სიტყვა კანონი იყო. ბოლოს იმდენი ვალები დაედო, მევალეებს ემალებოდა. მისი გულისთვის ბებიამ ძვირფასეულობა, აგარაკი და ბოლოს სახლიც გაყიდა. ექვსოთახიანი ბინა გვქონდა და ოროთახიანში გადავბარგდით. ბაბუაჩემი ბიძაჩემს ხმას აღარ სცემდა. რასაც შოულობდა, დედაჩემთან და ჩემთან მოჰქონდა. იცით, დედაჩემზე როგორი შეშლილი იყო? თუ დედა სახლში არ იყო, აივანზე მანამ იდგა, სანამ ქუჩაში თვალს არ მოჰკრავდა. მგელივით მშიერი რომ ყოფილიყო, ქალიშვილი თუ გვერდით არ ეჯდა, ლუკმას არ გატეხდა. მოკლედ ბებია ბიძას დასდევდა და ბაბუა დედაჩემს. ბოლოს ბიძაჩემმა იმდენი ქნა, რომ ვიღაც ნიღბიანები სახლში შემოგვიცვივდნენ. ჩვენი გაქურდვა უნდოდათ. ბაბუა გაიქაჩა, მაგრამ თავში ჩაარტყეს და იატაკზე უგონოდ დაეცა.
- სახლში თქვენ და დედათქვენიც იყავით?
- დიახ, ბიძაჩემის გარდა ყველა სახლში იყო. მე პატარა ვიყავი და ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.
- წაიღეს რამე?
- აღარაფერი გვქონდა და რას წაიღებდნენ?! იმ დროს ბებიაჩემს უკვე ყველაფერი გაყიდული ჰქონდა და პატარა ბინაში ვცხოვრობდით. ამ შემთხვევის შემდეგ ბაბუაჩემი ვეღარ გამოკეთდა. ლოგინად ჩავარდა. დედაჩემი დღე და ღამე მის სასთუმალთან იჯდა. ხან ელაპარაკებოდა, ხან ტიროდა. ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა. ბიძაჩემი საკუთარი მამის გასვენებაში ვერ მოვიდა. მევალეები იყვნენ ჩასაფრებული და თუ გამოჩნდებოდა, დარწმუნებული ვარ, იქვე მოკლავდნენ. მგონი, ბაბუას ამბავზე მეტად ბებიაჩემი სწორედ ბიძაჩემის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნას განიცდიდა. ბაბუა რომ დაკრძალეს და ბებია სახლში მოვიყვანეთ, დაწვა და აღარც ამდგარა. სულ კედლისკენ იყო გადატრიალებული და ხმას აღარ გვცემდა. ნელ-ნელა ჭამასაც უკლო და ბოლოს ისე დაუძლურდა, დედა საკუთარი ხელით აჭმევდა. სიკვდილის წინ სულ ბიძაჩემი ელანდებოდა. საწყალმა ორი ღამე იწვალა და გარდაიცვალა.
- და ბიძათქვენი სად იყო?
- არ ვიცი. ის ვერც დედამისის დაკრძალვაზე მოვიდა. ვიცი, რომ დედასთან სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა და სულ ეს იყო. მერე სადღაც საზღვარგარეთ წავიდა და მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
- ანუ თქვენ და დედა სულ მარტო დარჩით...
- სამწუხაროდ, ასე გამოვიდა. დედამ მუშაობა დაიწყო. ის ინგლისური ენის სპეციალისტია და მოსწავლეები აიყვანა. როგორღაც გაგვქონდა თავი. ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა, მისი მომეტებული ყურადღება და მეთვალყურეობა იყო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ მისი ერთადერთი იმედი მე ვიყავი და ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. ერთხანს სახლშიც კი არ მოვდიოდი, ძმაკაცთან თუ ვრჩებოდი, არ ვურეკავდი და არ ვაფრთხილებდი. საწყალი ქალი ხან სად მეძებდა და ხან სად. მთხოვა სიგარეტი არ მოწიო და მის ჯინაზე დავიწყე მოწევა. ახლა ამ ყველაფერზე მეცინება კიდეც (იცინის). კიდევ კარგი ''წამალზე'' არ შევჯექი, თორემ დედაჩემი ნამდვილად მოკვდებოდა.
- ანუ არც ''წამლისთვის'' აგივლიათ გვერდი, ხომ?
- 32 წლის ვარ. მე რომ 16-18 წლის ბიჭი ვიყავი, წამლის შოვნის პრობლემა არ გვქონდა. არც ისე გვიჭირდა, რომ რამდენიმე ძმაკაცს საკაიფოდ ფული ვერ შეგვეგროვებინა. მერე ერთხელაც მივხვდი, რომ ''ვიძირებოდი'', რამდენიმე კვირა სახლში ჩავჯექი და არავის ვეკონტაქტებოდი. დედაჩემს ვერაფერს გამოაპარებთ, მაგრამ მაშინ აბიტურიენტებს ამზადებდა, გამოცდების ციებ-ცხელების პერიოდი იყო და ეს ამბავი გამორჩა.
- პროფესიული არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთეთ?
- არა, დედას უნდოდა სამედიცინოზე ჩამებარებინა, მაგრამ მე არქიტექტურა მიტაცებდა და ''გეპეიში'' ჩავაბარე. ეწყინა, მაგრამ რას იზამდა.
- თქვენი დაოჯახების საკითხს უმტკივნეულოდ ვერ მიიღებდა...
- სწორად მიხვდით, თუმცა როცა ქეთი გავაცანი, ისე მოეწონა, რომ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. თავიდან თითქოს ქეთი და დედაჩემი დამეგობრდნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა მაეჭვებდა. დედას რძლის სახით ერთგვარი კონკურენტი გამოუჩნდა. ახლა მე ორად უნდა ''გამეყო'' ჩემი სიყვარული და ვიცოდი, დედა ამას ვერასოდეს შეეგუებოდა. ამ მოჩვენებითმა იდილიამ ორი წელიც ვერ გასტანა. ვგრძნობდი, რომ დედასა და ცოლს შორის ვიხლიჩებოდი. იმასაც მივხვდი, რომ სახლში ძველებურად აღარ მიმიხაროდა. ამ ხნის განმავლობაში ბავშვიც გვეყოლა. დედაჩემი ჩემს შვილს ღამეებსაც უთევდა და ჩემ ცოლს დაძინების საშუალებასაც აძლევდა, მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო. არც კი ვიცი, ეს როგორ აგიხსნათ. მოკლედ, ფაქტი ისაა, რომ მე დღეს ცოლი აღარ მყავს. სახლში კვლავ მე და დედა ვცხოვრობთ. ერთად დავდივართ სტუმრად, დასასვენებლად და ა.შ. ვხედავ და ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ის ბედნიერია. როცა ღამით ვაგვიანებ, ღელავს და სანამ არ მივალ, არ დაწვება. მესმის და ვიცი, რომ ამხელა კაცს დედა არ უნდა მაკონტროლებდეს. არც მე უნდა ვიყო მასზე მიწებებული და არც ის, მაგრამ რა ვქნა, ვინ ჰყავს ჩემ გარდა?! ვერც ვეჩხუბები და ვერც გავკიცხავ. მთელი ცხოვრება შემომწირა და თავი მომიძღვნა. დედის ერთადერთი სიხარული და იმედი ხომ მხოლოდ მე ვარ.
მკითხველის ისტორია