- დედაჩემისთვის მესამე შვილი ვარ, თუმცა ვინც ჩემამდე გააჩინა, მათ არ ვიცნობ,
- ოთხივეს საერთო მამა გყავთ?
- არა, ჩემი უფროს და-ძმას საერთო მამა ჰყავთ. მამაჩემი დედას მეორე ქმარი იყო, ავტოავარიაში დაიღუპა, როცა მე ორი წლის ვიყავი. ჩემი უმცროსი დის მამა, ანუ ჩემი მამინაცვალი დღეს დაჭერილია. ქურდობისთვის იხდის სასჯელს. ძალიან ჩახლართული ამბავია, არა?! მოკლედ, დედაჩემს სამი ოფიციალური ქმარი ჰყავდა, ისე კი ვინ იცის, რამდენ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა. ალბათ სათვალავი მასაც არეული აქვს.
- და თქვენი უფროსი და-ძმა სად არიან?
- არ ვიცი. უფრო სწორად, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი მამამ ჯერ თბილისში წამოიყვანა, როგორც მერე მითხრეს ახლა საბერძნეთში არიან, ბებიასთანო.
- თბილისში თქვენ და თქვენი პატარა და როდის ჩამოხვედით?
- მას შემდეგ, რაც მივხვდი, თუ მარიამი დედაჩემის გვერდით დარჩებოდა, ან გაგიჟდებოდა ან ფიზიკურად დასახიჩრდებოდა. იცით, ამ პატარა ბავშვს დედა როგორ გამეტებით სცემდა?! ადრე, როცა მარიამს გამოვესარჩლებოდი ხოლმე, მეც მირტყამდა. ერთი-ორჯერ სკოლიდან სახლში რომ დავბრუნდი და მარიამი მოვიკითხე, მისი ხმა სარდაფიდან შემომესმა. შინ არავინ იყო, სარდაფის გასაღებიც ვერ ვიპოვე, რომ ბოქლომი გამეხსნა, ბოლოს ისე გავმწარდი, ნაჯახით დავამტვრიე ფიცრები და ისე ამოვიყვანე.
- თქვენი მამინაცვალი დედას ასეთ საქციელს არ აპროტესტებდა?
- სამწუხაროდ, მამანაცვლის სიტყვებს არანაირი წონა არ ჰქონდა, ისეთი ლოთი იყო, ხან სად ეძინა და ხან სად. მთელი სოფელი დასცინოდა, საშინელი უსაქმური იყო, მერე იქურდა და დაიჭირეს. დედაჩემი მას სახლის გამო გაჰყვა. მამაჩემი რომ დაიღუპა, დედა მისმა დედამთილმა სახლიდან გამოაგდო. ბებიაჩემს ერთადერთი შვილიშვილი მე ვყავდი, მაგრამ რძალს იმდენად ვერ იტანდა, როცა გარდაიცვალა, ბინა მეზობლებს დაუტოვა. ამის მერე დედა ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. რომელიღაც სადგურზე გაუცვნია მამინაცვალი და აჰკიდებია. კაცს უთქვამს, მარტო ვცხოვრობ და სანამ რამეს იშოვი, შენ და შენი შვილი ჩემთან იყავითო. ეტყობა, იმ პერიოდში დედამ მთელი თავისი მომხიბვლელობა გამოიყენა და იმ კაცის მიმართ სითბო გამოიჩინა. ფაქტი ისაა, რომ ორ თვეში კაცმა ცოლად მოიყვანა.
- მამის მხრიდან რომ არავინ გყავთ გასაგებია, მაგრამ დედის მშობლები ცოცხლები არ არიან?
- კი, ორივე, მაგრამ მათ შვილი 16 წლის ასაკში მოიკვეთეს და მას შემდეგ დედაჩემს თავის მშობლები აღარ უნახავს. არც ისინი ინტერესდებიან ერთადერთი შვილის ამბით. როგორც ვიცი, თავიდანვე ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყო, არავის არაფერს უჯერებდა. როცა წამოიზარდა, ვიღაც-ვირაცებთან დაძვრებოდა, ყველას არცხვენდა. საწყალმა მამამისმა თურმე რამდენჯერმე სახლში გამოკეტა, ორჯერ საწოლს გამოაბა, რომ არსად წასულიყო, მაგრამ ეს მაინც დაძვრებოდა. გეფიცებით, `დედას~ რომ ვუწოდებ, მრცხვენია კიდეც.
- იქნებ დედათქვენი სწორედ ამიტომ ექცეოდა შვილს ასე სასტიკად, რომ მშობლებისგან სითბო არ ახსოვდა?
- რას ამბობთ, მარიამის ხელა რომ იყო, მაშინ კი არ ცემდნენ და სარდაფში კი არ კეტავდნენ?! ეს მერე, როცა ცუდ გზას დაადგა. თურმე მანამდე ზედ ჰყვებოდნენ, თან ერთი შვილი ჰყავდათ და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ანებივრებდნენ. მე ბებია-ბაბუას არ ვიცნობ, ჩვენი ერთი შორეული ნათესავისგან ვიცი ეს ყველაფერი.
- როდის გადაწყვიტეთ, რომ დედას გამოქცეოდით?
- როცა უკვე დედა ყველა ზღვარს გადავიდა. ერთხელ საშინელი სადილი მოამზადა. უფრო სწორად, შვრიის ფაფაში მწვანილი და ხახვი ჩააჭრა და მარიამს მისი ჭამა უბრძანა. რასაკვირველია, ბავშვი ვერ ჭამდა, მაგიდასთან იჯდა და ტიროდა. დედამ ერთხელ უყვირა, ჭამე, თორემ სარდაფში ჩაგკეტავო, ამ სიტყებზე ჩემი და შეშინდა და უფრო ხმამაღლა ატირდა. დედა მივარდა, სკამს ფეხი ჰკრა და ბავშვი ძირს დავარდა. მარიამმა თავი დაარტყა და რამდენიმე წამით გაითიშა. მაშინვე ხელში ავიტაცე, ძლივს მოვასულიერე. იმ ღამით გადავწყვიტე, რომ დედა მიმეტოვებინა. მეორე ღამით ჩემი და მარიამის მცირე ბარგით სახლიდან გამოვიპარე. არც წერილი დამიტოვებია და არც არავისთვის არაფერი დამიბარებია. მხოლოდ ორი დღის მერე დავურეკე დედას მობილურზე და ორი სიტყვით ვუთხარი, კარგად ვართ, არ გვეძებო, შენთან არასოდეს დავბრუნდებით-მეთქი.
- ლიკა, შენ და შენი და სად ცხოვრობთ, თავს როგორ ირჩენთ?
- სიმართლე გითხრათ, თბილისისკენ რომ მოვდიოდი, იმას ვფიქრობდი, სხეულით ვაჭრობაც რომ დამჭირდეს, ამაზეც წამსვლელი ვარ, ოღონდ კი იმ საშინელი ქალისგან შორს ვიყოთ-მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ დამჭირდა. იმ ღამოთ, როცა სახლიდან გამოვიპარეთ, გზაზე პირველივე მანქანას ავუწიე ხელი. საჭესთან ხანშიშესული კაცი იჯდა, გაუკვირდა ასეთ დროს აქ რას აკეთებთ, თბილისში ვბრუნდები და თუ თქვენც იქით მიდიხართ, გამომყევითო, გზაში ათასი რამ გამოგვკითხა, ჯერ სიმართლეს ვუმალავდი, მაგრამ მერე ტირილი წამსკდა და ყველაფერი ვუამბე. კაცი დაფიქრდა და მერე მითხრა, სამუშაოს გიპოვი, მარიამს კი ჩემს მეუღლეს დავუტოვებთ ხოლმეო. იმ კაცს ერთ სახლში ორი ბინა აქვს. ოროთახიანი და ერთოთახიანი. შვილები საზღვარგარეთ ჰყავს და მშობლებს ისინი არჩენენ. ასე რომ, იმ ერთოთახიანის გაქირავება არ უწევთ. სწორედ ის ოთახი დაგვითმეს ჩვენ. გეფიცებით, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი კეთილი ადამიანები ჩვენს დროში კიდევ არსებობენ. იმ კაცმა თავისი მეგობრის რესტორანში მიმტანად მომაწყო. სამ დღეში ერთხელ მიწევს მორიგეობა. დანარჩენი ორი დღე თავისუფალი ვიყავი, გადავწყვიტე ნამცხვრები გამომეცხო და ჩამებარებინა. საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და მეზობელმა მითხრა, შუ და ეკლერი გამოაცხვე და ჩემს მაღაზიაში გავყიდიო. ასეც მოვიქეცი. აი, ახლა ასე ვცხოვრობთBმე და ჩემი და (იღიმის).
- დედას აღარ შეხმიანებიხართ, როგორც მივხვდი...
- არა და ამის სურვილიც არ მაქვს. საერთოდ არ მაინტერესებს როგორაა და როგორ ცხოვრობს. იცით, თავიდან მარიამმა დედა რამდენჯერმე მოიკითხა, მაგრამ ჩვენი დიასახლისი მის მიმართ ისეთ სითბოს იჩენს, მგონი, ახლა სულ აღარ ახსოვს დედა. მარიამი მომავალ წელს სკოლაში მიდის. მინდა, რომ ბედნიერი ბავშვი იყოს. ეს წლები ხომ აღარ განმეორდება. მადლიერი ვარ ამ ცოლ-ქმარის, მე და ჩემმა დამ ახლა გავიგეთ, რა არის ნამდვილი სითბო და სიყვარული.
მკითხველის ისტორია