- სამედიცინო ტექნიკუმი რუსეთში დავამთავრე. დეიდაჩემი იქ არის გათხოვილი და მისი ინიციატივით ოთხი წელი მოსკოვში ვცხოვრობდი. ჩვენს მეზობლად ერთი ახალგაზრდა ბიჭი მხვდებოდა. უცნაური ტიპი იყო. მაღალი, შავგვრემანი, გამხდარი, გრძელი თმით, საყურით.
- მოსკოვში რას აკეთებდა?
- პარაფსიქოლოგიის განხრით სწავლობდა. ზოგადად ძალიან განათლებული ადამიანი იყო, წინასწარმეტყველური ნიჭიც ჰქონდა. როცა რაღაც საქმეზე მივდიოდი, თუ შემხვდებოდა, დამაკვირდებოდა და მეტყოდა, ტყუილად წვალობ, მაგ საქმიდან არაფერი გამოვაო, ასეც ხდებოდა. ერთხელ, როცა მამაჩემი ჩამოვიდა ჩემ სანახავად, გიამ შორიდან დაინახა. იმ საღამოს ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, მამაშენს უთხარი მატარებლით დაბრუნდეს, მისთვის ფრენა სარისკოაო. მამას ვერ ვუთხარი, ისედაც მშიშარა კაცი იყო და არ მინდოდა ამეღელვებინა. ალბათ გიას სიტყვებს არც დავუჯერე. როცა უკან ბრუნდებოდა, მამას თვითმფრინავში გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
როცა ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგე, აღრიალებული მივვარდი გიასთან. ვლანძღავდი, ვყვიროდი, მამაჩემი შენ გამო დაიღუპა-მეთქი. მითხრა, საკუთარ თავს ადანაშაულებ იმაში, რომ ჩემი სიტყვები არ გადაეცი, ახლა სინდისის ქენჯნა გაწუხებს და გინდა დანაშაული სხვას გადააბრალოო. გავჩუმდი, რადგან ეს სიმართლე იყო. გია კი ისევ განაგრძობდა ლაპარაკს, მამაშენის სული ჯერ ისევ დედამიწაზეა, თუ გინდა მასთან შეგახვედრებ და პატიება თვითონ სთხოვეო. იმ წუთებში ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა და გიამ ამ მომენტით ისარგებლა. არ შემიძლია, - ჩავილაპარაკე შეშინებულმა. გია თვალებში ჩამაცქერდა, - შეგიძლია, შენ ნიჭი გაქვს, ისევე, როგორც მე. თუ დამიჯერებ და შენს ნიჭს განავითარებ, სასწაულებს მოვახდენთ, ადამიანების მართვას შევძლებთ და ყველაფერს მივაღწევთო. გია ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, შიში გამიქრა და ინტერესი გამიჩნდა.
- დაუჯერეთ?
- მან ერთი სასწაული ჩემ თვალწინ მოახდინა. იმ ღამით მამაჩემთან დალაპარაკება შევძელი. გიამ ბნელ ოთახში შემიყვანა. სარკის წინ დავჯექი და თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი, გია მოძრაობდა და რაღაცას აკეთებდა, მე მისი დანახვა არ შემეძლო. მერე ნელ-ნელა თითქოს ოთახი განათდა. როცა თვალები გავახილე, მკრთალი შუქი იყო და ბურუსი. შორიდან მამაჩემი მოდიოდა. ის პიჯაკი ეცვა, რითიც აეროპორტში გავაცილე. ბედნიერი სახე არ ჰქონდა, მაგრამ როცა შემამჩნია, გაუხარდა. ხელი ხელზე შემახო და ჩაიარა, ცივი იყო, ყინულივით. მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. მერე ისევ თვალები მიმელულა და ნელ-ნელა ყველაფერი გაიფანტა. ამ დღის შემდეგ გიას ყოვლისშემძლეობაში ეჭვი აღარ შემპარვია. როცა მამის დაკრძალვიდან დავბრუნდი, მთლიანად მის განკარგულებაში ვიყავი.
- კონკრეტულად რას აკეთებდით?
- დეტალურად ვერ მოგიყვებით, სხვებსაც რომ იმავეს გაკეთების სურვილი არ გაუჩნდეთ. როგორც გია ამბობდა, გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარებოდით. რეალურად კი ეს შავი მაგია იყო. გიას შეეძლო, თუ მოინდომებდა, თავისი კლიენტი უბედნიერესად ექცია, ისიც შეეძლო, ადამიანი რამდენიმე დღეში მოესპო. დამბლა დაეცა, ჭკუიდან შეეშალა, ფიზიკურად გაენადგურებინა. რაც შეეხება ჩემ მონაწილეობას ამ საქმეში, არანაირი ნიჭი არ მქონია, გია როგორც დამხმარეს ისე მიყენებდა. თანაც ჩვენი ურთიერთობა უფრო შორს წავიდა. ერთად ვმუშაობდით დღისით და ერთად ვატარებდით ღამეებს. ბოლოს მისგან დავფეხმძიმდი. როცა გიას ვუთხარი, გაუხარდა, მითხრა, მოსვენებით ცხოვრება გჭირდება, თბილისში დავბრუნდეთ, ბინას გიყიდი და ხშირად გინახულებო. ასეც მოიქცა.
თვითონ ისევ მოსკოვში დაბრუნდა, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ მოფრინავდა, იმდენი ფული ჩამოჰქონდა, სად დამეხარჯა, არ ვიცოდი. გია ჩვენი შვილის დაბადებასაც დაესწრო. სამშობიაროდან ისეთი პომპეზურობით გამომიყვანა, დედოფალს შეშურდებოდა
რამდენიმე კვირა მამა-შვილი ერთად იყო, შემდეგ კი ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ბავშვი ექვს თვემდე დღითიდღე იზრდებოდა, ერთ საღამოს კი გია შინ მოულოდნელად დაბრუნდა. სიხარულით ლამის ჭკუიდან შევიშალე, ის მთელ ქვეყნიერებას მერჩივნა. მაკოცა, ბოდიში მომიხადა დაგვიანებისთვის, შემდეგ ბავშვისკენ გაემართა. მაგრამ პატარა ხელში აიყვანა თუ არა, ბავშვმა საშინელი კივილი მორთო. ვიფიქრე, რომ იუცხოვა, თუმცა პატარამ არც რამდენიმე დღის შემდეგ მიიკარა. თანდათან ბავშვმა ჭამაც შეწყვიტა და სიცხემ აუწია. ექიმი მოვიყვანეთ, წამლები გამოუწერა, მაგრამ არაფერი შველოდა.
ერთ ღამით, როცა ბავშვი ძლივს დავაძინე და ოთახიდან გავედი, ჩუმი ხრიალის ხმა მომესმა, ბავშვის საწოლისკენ გავიქეცი, ღამის ნათურა ენთო, მაგრამ ოთახს კარგად ანათებდა. მკვეთრად გავარჩიე, რომ პატარა გოგონას საწოლთან რაღაც ჩრდილი იდგა, დიდი გაწეწილი, შავი ლანდი და ბავშვს სახეზე ეფინებოდა, გოგონა კი ხრიალებდა. ვიკივლე და პატარას ხელი დავავლე. წამოვაყენე, მან თვალები გაახილა და თითქოს თავისუფლად ამოისუნთქა. მეორე ღამეს იგივე გამეორდა.
სიცხე უმატებდა და ბავშვი ნელ-ნელა სიცოცხლის ნიშან-წყალს კარგავდა. არ ვიცოდი, რა მექნა. გიაც თავზარდაცემული დადიოდა. მისი განწყობა კიდევ უფრო მაშინებდა. ის ხომ ყოველთვის გრძნობდა, რა მოხდებოდა მომავალში. ერთ დღესაც გია ბავშვის ოთახიდან გამოვიდა და მითხრა: - ყველაფრისთვის მზად იყავი, რაც უნდა მოხდეს, იმას წინ ვერ აღუდგები. - რაა? - დავიღრიალე სასოწარკვეთილმა – ეს შენი ცოდვების დამსახურებაა, ბავშვი ამის გამო იტანჯება, ჩემს შვილს გადავარჩენ, ოღონდ ჩვენი ცხოვრებიდან წადი, ახლავე წადი, - ოთახიდან ოთახში შეშლილივით დავრბოდი და გიას ნივთებს ვაგროვებდი. მერე ყველაფერს ხელი მოვხვიე და სადარბაზოში გავყარე. ვემუდარებოდი წასულიყო და ჩვენი შვილი გადაერჩინა.
- დარწმუნებული იყავით, რომ მისი წასვლა ბავშვს უშველიდა?
- იმ წუთებში რაღაც გამინათდა გონებაში, მივხვდი, რომ ასე იქნებოდა და არც შევმცდარვარ. გიას წასვლიდან რამდენიმე კვირაში ჩემი პატარა ისევ ისეთი ხალისიანი ბავშვი იყო.
- თქვენი აზრით, რისი ბრალი იყო მისი ავადმყოფობა?
- გია ცოდვაში ბოლომდე ჩაიძირა, ის ჩრდილიც მისი ცოდვის სახე იყო, რომელიც ცდილობდა ყველაფერი სპეტაკი გაენადგურებინა. ამას ან რაღაც ნიჭის წყალობით მივხვდი, ან დედობრივმა ინსტინქტმა მიკარნახა... სიმართლე გითხრათ, გია ძალიან მენატრება, მაგრამ როცა სასწორზე ბავშვისა და გიას სიყვარული დევს, რასაკვირველია, ყოველთვის ჩემი პატარას სასარგებლოდ გავაკეთებ არჩევანს. არჩევანის უფლება ხომ ყველას გვაქვს, მათ შორის გიასაც, უზენაესის წინაშე მონანიების გზით ხომ შეუძლია ჩვენამდე მოსვლა, მაგრამ ალბათ უარს ვერ იტყვის იმაზე, რასაც ამდენი წელი შეალია.
მკითხველის ისტორია