ქეთი, 32 წლის:
- რეზო ჩემი საუკეთესო მეგობარია, ბევრი ამბობს, ქალსა და მამაკაცს შორის
უნივერსიტეტში ხუთი წელი ერთად ვსწავლობდით. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანის ბუნება და ხასიათი ამოიცნო. თითქმის ყველაფერში ერთმანეთს ვგავდით, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხჯერ მოვასწარი გათხოვება, მას კი დაქორწინება არ უნდოდა. მამაჩემი მემუქრებოდა, თუ კიდევ ერთხელ გიხსენებია ოჯახის შექმნა, ყელს გამოგჭრიო, რეზოს მამაც ლანძღვა-გინების კორიანტელს ატრიალებდა, მიზეზი აქაც ოჯახის შექმნა იყო, რეზო ცოლის მოყვანასთან დაკავშირებით ისე პასიურობდა, მშობლებს უკვე გეი ეგონათ და მამა სულ მჯიღს იცემდა გულზე, ჩემი ხელით მოვკლავო.
- მამა მართალი იყო?
- არა, გამორიცხულია. რეზო უბრალოდ მეოცნებე ტიპი იყო, თავის სამყაროში ჩაკეტილი, ლექსებს წერდა, მთაში დაეხეტებოდა. სიყვარულისგან რაღაც განსხვავებულს მოელოდა და სანამ არ იპოვიდა, ბანალურ ურთიერთობებზე დროის დახარჯვა ენანებოდა.
მის მშობლებს ამის გაგება უჭირდათ. რეზოს მოსვენება დაუკარგეს, ბოლოს ჩემი მეგობარი შეწუხდა და გამოსავლის ძებნა დაიწყო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ისეთი ქალი წარედგინა ''საცოლის'' სტატუსით, მშობლებს მინიმუმ ორი-სამი წელი რეზოს ცოლზე ოცნებაც აღარ გაებედათ. თეორიულად კანდიდატურა შეირჩა, ის განათხოვარი, შვილიანი, გაუნათლებელი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უნდა ყოფილიყო, თანაც საზიზღარი ხასიათით.
- ასე ''ყოვლად შემკული'' სად უნდა გეპოვათ?
- მეზობელი მყავს, ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. ის რეზოს მშობლებს რამდენიმე წუთში ნოკაუტში ჩააგდებდა. ამ მისიის შესასრულებლად გასამრჯელოსაც შევპირდით, 100 ლარს, მაგრამ სწორედ იმ დღეს, როცა ყველაფერი დავგეგმეთ, ღრმად პატივცემული ცისანა გაუჩინარდა, ალბათ კლიენტი გამოუჩნდა, მეტი შესთავაზა და რეზო თავისი პრობლემებით აღარც გახსენებია, ჩემი მეგობრის თვალები მახსოვს, მუხლებში ჩამივარდა, შენ უნდა გადამარჩინო, მის მაგივრად გამომყევიო. გამორიცხულია, წამოვიძახე, თავი დამანებე, ამის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ რეზო ფეხზე წამოდგომას არ ფიქრობდა, მუხლზე დაჩოქილი დამდევდა და მევედრებოდა.
- კი მაგრამ, თქვენ მისი მშობლები არ გიცნობდნენ?
- რეზოს დედ-მამა ბოლო რვა წლის განმავლობაში საბერძნეთში სამუშაოდ იყვნენ წასული, რეზო მარტო ცხოვრობდა. როცა ჩამოვიდნენ, ისე მოხდა, რომ პირისპირ შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, ისე რეზოს მშობლებმა ჩემზე ყველაფერი იცოდნენ და მგონი, ვუყვარდი კიდეც. ტელეფონითაც ბევრჯერ გვისაუბრია.
- რა გადაწყვიტეთ?
- რეზო ჩემი მეგობარი იყო და უარი ვერ ვუთხარი. დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გამოვცხადდი. კარი რეზომ გამიღო. თვითონვე დამარიგა კონსერვატიულად ჩაცმული არ გნახოო, მაგრამ მე აშკარად გადავაჭარბე. რეზომ რომ დამინახა, შეცბა. ღრმა დეკოლტე, წითელი პომადა, ერთი მტკაველი ბოლოკაბა, მაჯებზე ასხმული ბიჟუტერია და ქუსლმონგრეული ფეხსაცმელები. სამამამთილო, რომელსაც უკან სადედამთილო და საპაპამთილო მოსდევდნენ, ჰოლშივე შემეგებნენ, მაგრამ რაც უფრო მეტად მიახლოვდებოდნენ, უფრო მეტად ეკარგებოდათ მუხლებში ძალა. ბოლოს დედა კედელს მიეყრდნო და სკამზე უხმაუროდ ჩამოჯდა. საღეჭი რეზინის ცოხნით პირდაპირ თავზე წამოვადექი და დახმარება შევთავაზე.
- დედამთილებთან ურთიერთობის გამოცდილება კი გქონდათ...
- აბა, ოთხი დედამთილი გავისტუმრე, ცოტა ხომ არ არის. რეზოს დედა იმ არამზადებს არ ჰგავდა, სათნო თვალები ჰქონდა და ხმის ამოღება უჭირდა. როცა მაგიდასთან დავსხედით, რეზოს პაპამ ორმაგი სათვალე მოირგო, თვალებმოჭუტული მიყურებდა, მეჩვენება, თუ ამ უბედურებამ მართლა ჩვენს ოჯახში შემოაბიჯაო.
მე არაფერს ვიმჩნევდი, თამაში თითქოს მომეწონა კიდეც. სამამამთილოს სანთებელა მოვთხოვე, ფეხი ფეხზე გადავიდე და იმის საილუსტრაციოდ, რომ უკომპლექსო ვიყავი, ჩემი თავგადასავლის მოყოლა დავიწყე. სადედამთილო ისევ ემოციის მოთოკვას ცდილობდა, რეზოს მამას კი წუთში რამდენჯერმე ეცვლებოდა ფერი. – როცა შინ დავბრუნდი, ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა, - ვყვებოდი აღშფოთებული, - ეს იმას ნიშნავდა, რომ მისთვის სამაგიერო უნდა გადამეხადა. მეორე დღეს მის მეგობარს დავურეკე და შევთავაზე, ღამე ერთად გაგვეტარებინა. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა მტკივნეული იყო, მაგრამ ჩემს მეუღლეს ღალატისთვის პასუხი ხომ უნდა ეგო, - შეწუხებული სახით ვყვებოდი, თან სიგარეტს ვაბოლებდი. რეზოს მამამ აღშფოთებულმა წამოიძახა, - ამდენი უბედურების შემდეგ იქნებ გათხოვებაზე აღარ გეფიქრაო. რას ბრძანებთ, - ვიწყინე, - რეზო ჩემი ოცნების მამაკაცია, მასზე უარს ვერავინ მათქმევინებს, - გავიღიმე და გვერდით მჯდომ რეზოს მკერდზე მივაყრდენი თავი.
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. სწორედ ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა, მამამ შვებით ამოისუნთქა და კარის გასაღებად გავიდა. იმ დღეს რეზოს მშობლები ჩემს ვიზიტზე უარესს ალბათ ვერაფერს წარმოიდგენდნენ, მაგრამ როცა მასპინძელი უკან დაბრუნდა, მიწის ფერი ედო, გვერდით ჩემი მეზობელი ცისანა ედგა, როგორც ჩანს, მისმა პაემანმა არ გაამართლა, იფიქრა, რეზოსთან მივალ, შეპირებული ასი ლარი რატომ დავკარგოო. როგორც კი ოთახში შემოვიდა, ხელები გაშალა და ჩემი მეგობრისკენ გაემართა, გადაკოცნა, გულში ჩაეკრა და საზეიმო ხმით წამოიძახა: - მე და რეზოს ერთმანეთი გვიყვარს, დღემდე ცხოვრებაში არ გამიმართლა, ბევრი ცოდვა მაწევს კისერზე, მაგრამ პირობას გაძლევთ, ამის შემდეგ კაცებისკენ აღარ გავიხედავ, ჩემს ორ შვილსაც აქ გადმოვიყვან საცხოვრებლად და ჩვენს ოჯახში ბედნიერება დაისადგურებსო.
ცისანა მთვრალი ჩანდა, სახე აწითლებული ჰქონდა და თვალებს მტაცებელივით აცეცებდა. არ ვიცი, როდის გავიდა რეზოს მამა ოთახიდან, როცა უკან შემოვარდა, ხელში ორლულიანი სანადირო თოფი ეჭირა, ჩვენკენ მომართა და დაიღრიალა, - ახლავე გაეთრიეთ ჩემი სახლიდანო...
- რეზო დღემდე უცოლოა?
- რამდენიმე თვის წინ იპოვა ის, ვისაც ამდენი ხანი ელოდა, როგორც თვითონ ამბობს, ბედნიერია. თვის ბოლოს ქორწილი აქვთ. გასაგები მიზეზების გამო მე წვეულებაზე ვერ მივალ, ამიტომ თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა მივულოცო. რეზო ''რეიტინგის'' ერთგული მკითხველია და გაუხარდება, როცა ჟურნალის გვერდებზე საკუთარ სახელს ამოიკითხავს.
მკითხველის ისტორია
ქეთი, 32 წლის: