- ერთი მშურს ქალბატონების მხოლოდ, ის, რომ თავიანთ სიხარულსა თუ გულისტკივილს ხშირად ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს გულახდილად ანდობენ, ჩვენ, მამაკაცები კი ძირითადად ვდუმვართ, ვერიდებთი ჩვენი საფიქრალის სხვისთვის გაზიარებას. მეც ასეთი მამაკაცების რიცხვს
ქუთაისში დავიბადე. დედაჩემი მუსიკალურ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მამა კი ტაქსის მძღოლი იყო. ჩვეულებრივი, ნორმალური ოჯახი გვქონდა. ჩემმა მშობლებმა ის სიყვარულით შექმნეს. როცა ყრმობისა და შემდეგ სიჭაბუკის წლები მოვიდა, ჩემი გარეგნობის წყალობით ლამაზ-ლამაზი გოგონების ყურადღება არ მაკლდა, თუმცა ჩემი მზრუნველი დედიკო დარიგებებით მიბურღავდა ტვინს, იცოდე, ჭკვიანურად შეარჩიე საცოლე, თავს ყველას ნუ გაუტოლებ, ვინც თვალების პრუწვას დაგიწყებსო. მეც მჯეროდა დედაჩემის, ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი, ჩემი და, დიანა კი ყოველთვის ეჯიუტებოდა, ამიტომ დედა ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩემი შვილი უჩააო.
ჩვენს მეზობლად თბილისიდან ხშირად სტუმრობდა ერთი დედისერთა გოგო ელზა. გარეგნობით საშუალოზე ნაკლები ეთქმოდა, კონსერვატორიაში სწავლობდა, რატომღაც ამ გოგონათი იყო აღფრთოვანებული დედაჩემი. სულ მის თავდაჭერილობაზე, განათლებასა და კეთილშობილებაზე ლაპარაკობდა. აქებდა მის მშობლებსა და ოჯახს. რამდენჯერმე მისი როიალიც ახსენა, რომელიც თურმე მამიკომ ერთ-ერთ დაბადების დღეზე აჩუქა.
- ე.ი. დედათქვენი ცდილობდა თქვენთვის მოეწონებინა.
- ჰო, რასაკვირველია, ასე იყო.
- მერე მიზანს მიაღწია?
- არ ვიცი, ამას მიზნის მიღწევა ერქვა თუ რა, დღესაც ვერ გავარკვიე.
- თქვენი და ან მამა რა აზრის იყვნენ მასზე?
- მამაჩემი დედაჩემის აზრს ყოველთვის იზიარებდა, პრაქტიკულ ქალს ეძახდა, ჩემი და კი ვერ იტანდა ელზას და დედას ეწინააღმდეგებოდა, მე კი თანდათანობით ჭკუაში მიჯდებოდა დედაჩემის მიერ დახატული მომავალი და მალე დავქორწინდით კიდეც.
- ერთმანეთთან დაახლოების გარეშე?
- დაახლოების გარეშე არა, ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩემთან ოჯახშიც მოდიოდა, გავიცანი მისი მშობლებიც.
- გიყვარდათ ერთმანეთი?
- იმას არ ვიცი, ჩემს დამოკიდებულებას და გრძნობას მის მიმართ კი სიყვარულს ვერ დავარქმევდი. მშობლებმა დიდი ქორწილი გადაგვიხადეს. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ქორწინების შემდეგ კი მეუღლის ბინაში გადავბარგდი. თუმცა მანამდე ერთი თვე საქორწინო მოგზაურობაში ვიყავით. შემდეგი ერთი თვე ქუთაისში, ჩემს სახლში ვიცხოვრეთ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. დედაჩემი გამარჯვებულივით დადიოდა, მამამ პატარა ბიზნესი წამოიწყო და კარგად გვეხმარებოდა. ვერ ვერკვეოდი, ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობა სიყვარული იყო თუ მოვალეობა. ამ გაურკვევლობაში დაიბადა ჩემი პირველი შვილი ანა.
- მეუღლის მშობლებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- სიდედრი ძალიან კარგი ადამიანი იყო, სიმამრი არც თუ ისე სასიამოვნო, ოჯახს სულ თავს აყვედრიდა, როგორც ოჯახის მამა და მარჩენალი, თუმცა ეს არ იყო მთავარი. საქმე ის იყო, რომ როცა ლექციებიდან შინ ვბრუნდებოდი, არ მიხაროდა.
- ბავშვის დაბადების შემდეგ რაიმე შეიცვალა?
- ძალიან ცოტა, ბავშვი მიყვარდა, მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა. ხშირად მივდიოდი ჩემს მეგობართან და იქ დიდხანს ვრჩებოდი, სადაც დაქორწინებამდე ვცხოვრობდი.
- მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე?
- რასაკვირველია, გრძნობდა, რომ მასთან არ მიმიხაროდა, ამიტომ ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა. დედაჩემმაც გაიგო ეს და ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა. ანას დაბადებიდან რამდენიმე თვე გრძელდებოდა ჩვენი კინკლაობა. ერთი ხანობა ქუთაისშიც ჩავედი და თბილისში დაბრუნება აღარ მინდოდა.
- ვინმე სხვა ხომ არ გამოჩნდა, რომელიც თქვენსა და ელზას შუაში ჩადგა?
- არა, არავინ, მაგრამ არაფერს არ ვგრძნობდი ჩემი მეუღლის მიმართ, სიცარიელის გარდა. ქუთაისში დაბრუნებიდან ერთი თვის მერე ელზას მამის მეგობარმა ჩამომაკითხა. ჩემთან და დედაჩემთან საუბრის შემდეგ სინდისზე შემაგდეს, რომ ცოლ-შვილთან დავბრუნებულიყავი.
- თქვენი მეუღლე, რა თქმა უნდა, გრძნობდა, რომ არ გიყვარდათ, რატომღა უნდოდა თქვენი დაბრუნება, უყვარდით?
- შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვის უმამოდ დარჩენის ეშინოდა, ამას ისიც დაერთო, რომ ანას ეპილეფსიის ნიადაგზე ფიზიკური და გონებრივი განვითარება დაუქვეითდა. კიდევ ერთი და სერიოზული სანერვიულო გაჩნდა ოჯახში. მე თავგზა ამებნა, როგორ მოვქცეულიყავი, აღარ ვიცოდი. ვითომ გამოსავალი ვიპოვე და მამაჩემთან წავედი რუსეთში, რომელმაც თავისი საქმიანობა ახლა იქ წამოიწყო და ხელიც მოემართა, მეც იქ დავიწყე მუშაობა. ასე გავიდა შვიდი წელი.
- ცოლ-შვილთან ურთიერთობა გადაწყვიტეთ?
- ცოლთან კი, ბავშვთან არა, ყოველთვის ვუგზავნიდი ფულს და საჭირო წამლებს, მაგრამ ერთი ფიქრი არ მასვენებდა, პატარა ავადმყოფ ანას რომ გავექეცი.
- ამ წლების განმავლობაში ბავშვი ერთხელაც არ გინახავთ?
- რაც რუსეთში ვიყავი, არა, როცა დავბრუნდი, კი. ელზას ვატყობ, ჩემთან შერიგება უნდა, ისე, ნაცნობ-მეგობრებიც მეუბნებიან, ბევრი ოჯახი იმიტომ არ ინგრევა, რომ მეუღლეები შვილების გამო იტანენ ერთმანეთსო. მე კი არ ვიცი, რამდენად სწორია ეს. ამაზე ალბათ მაშინ უნდა მეფიქრა, როცა ანგარებით დაქორწინება გადავწყვიტე. ანას ავადმყოფობა კი ჩემი სასჯელია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერსად დავემალები.
მკითხველის ისტორია