03 ივნისი, 2014
ბერი, რომელმაც საყვარელი ქალის დავიწყება ვერ შეძლო - ''ჩვენ ერთი უცნაური ოჯახი ვართ''...
არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, ფერი დაეკარგა, სახის კუნთები დაეჭიმა, მაინც მოახერხა გაეღიმა - გილოცავო საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მდებარე მამათა მონასტერში რვა წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. მას ერთადერთი სურვილი ჰქონდა, მიეტოვებინა ხორციელი ვნებანი ბერი გამხდარიყო. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი იმედგაცრუებამ გადაადგმევინა და ვერ შეძლებდა ბერის ხვედრის გაზიარებას. ახალგაზრდა ქალი, რომელზეც ბერი წლების განმავლობაში უიმედოდ იყო შეყვარებული დღეს ტრაგიკული სიყვარულის ამბავს გვიამბობს.

- ერთმანეთს წლების წინ ერთ-ერთ ეკლესიაში შევხვდით. მაშინ 19 წლის ვიყავი, გიორგი
22-ის. ლამაზი, ზედმეტად ჭკვიანი თაფლისფერი თვალების გარდა
ყურადღებას ვერაფრით მიიქცევდა. ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მითხრა, ძალიან განათლებული და წესიერი ადამიანიაო. დამეთანხმებით, 19 წლის ასაკში ბიჭით რომ დაინტერესდე, ასეთი წარდგენა საკმარისი არ არის. გიორგის ბევრი ლაპარაკი არ შეეძლო, ხშირად წითლდებოდა, თითქოს არაფერი სწყინდა და უკმაყოფილებას ვერასოდეს შეამჩნევდი. გაცნობის შემდეგ ხშირად მირეკავდა, ვგრძნობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ თქმას ვერ მიბედავდა. მისი დაფარული სიყვარული ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის გასართობ თემად გადაიქცა, ''მარადი ქმარი'' დავარქვით და ბოლოს ისე გავთავხედდი, ჩემი თაყვანისმცემლების ამბებს ვუყვებოდი. გიორგი წყენას არ იმჩნევდა, ერთი-ორჯერ მირჩია კიდეც, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ბოლოს ნამდვილი სიყვარულიც მესტუმრა (მაშინ ასე ვფიქრობდი) და გათხოვება გადავწყვიტე. ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვეღარ მოვზომე და ეს ამბავი გიორგის ვახარე. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, ფერი დაეკარგა, სახის კუნთები დაეჭიმა, მაინც მოახერხა გაეღიმა - გილოცავო.
- გიორგი ამის შემდეგ წავიდა მონასტერში?
- არა, ორი წლის შემდეგ, თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ჩემი გათხოვებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დედა გარდაეცვალა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც გიორგის გააჩნდა. როცა სამძიმარზე მივედი, განადგურებული დამხვდა, აღარც მშვიდი სახე, აღარც თავაზიანობა. ადამიანის ასე შეცვლა არასოდეს მინახავს. ისე შემეცოდა, მინდოდა გვერდიდან არ მოვშორებოდი, მაგრამ საშინლად ეჭვიანი ქმარი მყავდა. შემდეგ გიორგის შესახებ მხოლოდ ის გავიგე, რომ მონასტერში წავიდა. მალე მეც ქმარს გავშორდი და სხვისი კი არა, საკუთარი ცხოვრებისაც ვეღარაფერი გავარკვიე. ჯერ ოჯახის დანგრევას ვნერვიულობდი და შინიდან გასვლა არ მინდოდა,Mშემდეგ ახალი გატაცება გამომიჩნდა, რომელიც რიგითი გარეწარი აღმოჩნდა, ჩემთან ღამე რომ გაატარა, უკვალოდ გაუჩინარდა. ბოლოს ერთი მანქანიდან მეორეში გადავდიოდი. იყო შემთხვევა, იმ მამაკაცის სახელის მეტი არაფერი ვიცოდი, ვის გვერდითაც მეღვიძებოდა. ამაზე მეტად ადამიანის დაცემა და გათახსირება ალბათ არ არსებობს.
- იცოდი და მაინც იმავეს აკეთებდი?
- ჭაობის პრინციპია, რაც ღრმად შედიხარ, უფრო ქვემოთ გექაჩება. როცა მშობლებმაც ზურგი მაქციეს, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა შემეცვალა. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ბუნებრივია, გადავწვიტე, აბორტი გამეკეთებინა. ოთხჯერ მივედი გინეკოლოგთან და ოთხჯერვე უკან გამოვბრუნდი. არ ვიცი, რა ძალა მაკავებდა, ალბათ გადაწყვეტილი იყო, რომ ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო.
- დღეს საქართველოში მარტოხელა დედობა რთულია.
- მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვი მეყოლებოდა. ცხრა თვე ამ იმედით გავატარე. ბოლოს მშობიარობის დღეც დადგა. თვრამეტი საათი ბლოკში ვიყავი. ტკივილებს კედლებზე გავყავდი, ექიმები თან მყვებოდნენ, ბავშვი არ იბადებოდა. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. საოპერაციოში შემიყვანეს და ხუთ წუთში გონება დამებინდა. როცა გონზე მოვედი, შვილი მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ მშობიარობიდან ოთხი დღე იყო გასული. სისხლის მოწამვლა, ხერხემლის პრობლემები, არ ვიცი, კიდევ რამდენ დაავადებას ითვლიდა ჩემი ''ავადმყოფობის ისტორია''.
- ბავშვი სად წაიყვანეს?
- ჯერ ისევ სამშობიაროში ჰყავდათ. ჩემს მშობლებს დავურეკე, ვუთხარი, თუ არ მომხედავთ, მოვკვდები და ამას თქვენს თავს ვერასოდეს აპატიებთ-მეთქი. ორდღიანი ფიქრის შემდეგ მომაკითხეს. ექიმებს უთხრეს, რომ ჩემ გადასარჩენად ყველა ხარჯს დაფარავდნენ, მაგრამ ბავშვის ხსენებაც არავინ გაბედოსო. ექიმებმა ჩემს გოგონას ორი კვირა მოუარეს, შემდეგ უპატრონო ბავშვთა სახლში უნდა გადაეყვანათ. ლოგინიდან ადგომა მიჭირდა. წინა ღამეს მაინც წამოვდექი და იმ ოთახში შევიპარე, სადაც ბავშვებს ეძინათ, ჩემი გოგონა ავიყვანე და გულში ჩავიკარი. ვერ წარმოიდგენთ, რა ლამაზი იყო, ანგელოზივით მიცქერდა, მე ვტიროდი, ის კი იღიმებოდა... უცებ თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ბავშვის დაწვენა ძლივს მოვასწარი, რომ გონება დამებინდა. თორმეტი საათი ისევ გათიშული ვყოფილვარ. როცა გამომეღვიძა, პირველი ჩემი შვილის ამბავი ვიკითხე. მითხრეს, იღბლიანი ყოფილა, მონასტრიდან ბერი მოვიდა, გვითხრა, რომ თქვენი ახლობელია და თან წაიყვანაო.
- ახალშობილი მონასტერში წაიყვანეს?
- საქართველოში მონასტრებთან რამდენიმე დაწესებულება ყოფილა, სადაც უპატრონო ბავშვებს იფარებენ, უვლიან, ზრდიან და ასწავლიან. როცა ეს მითხრეს, ვიფიქრე, რომ ლიზიკოს მედპერსონალი დაეხმარა, მაგრამ მალე პატარა წერილი მომიტანეს: ''შენს შვილს დედები გაზრდიან, მეც მის გვერდით ვიქნები, ყოველდღე ვინახულებ, ბედნიერი ვარ, რომ ლიზიზე მზრუნველობის უფლება მომეცა''. ხელს გიორგი აწერდა. ჩემში ეს წუთები კათარზისის დასაწყისად იქცა...
- ბავშვი როდის მოინახულე?
- როგორც კი ფეხზე ადგომა შევძელი. ძალიან ვღელავდი... იმ დღეს ჩემთვის ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი უნდა მენახა, ლიზიკო და გიორგი... ბევრი ვილაპარაკეთ. პირველად ჩემს ცხოვრებაში მომინდა, გიორგის გვერდით გამეტარებინა დარჩენილი წლები, მაგრამ მან ეს არ ისურვა... ბავშვი კარგა ხანს მონასტერში დავტოვე, მე ვმუშაობდი და ყოველ კვირა ვაკითხავდი ლიზიკოს. როცა ეკონომიკურად გავიმართე, წამოვიყვანე და ახლა ერთად ვცხოვრობთ. გიორგი მონასტერშია და იქიდან ლოცულობს ჩვენთვის. იქნებ უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენ ერთი უცნაური ოჯახი ვართ - მე, ლიზი და გიორგი.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ირმა
არ დაკარგო,გაუფრთხილდი ამ ორ ძვირადღირებულ არსებას. ბედნიერი ხარ,რომ გყავს გიორგი. უფალი გფარავდეს. შენს ადგილას მეც იგივე გზას დავადგებოდი მეც,როგორც გიორგი. წავიდოდი მონასტერში თუ შესაძლებელია ბავშვის წაყვანა.
20:51 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს !!!
ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და ეს ჟურნალისტები კიდე ოღონდ რამე დააწერინე და ყველაფერს აქვეყნებენ... ღმერთმა დალოცოს გიორგი და ამ გოგოს ლამაზ ცხოვრებას ვუსურვებ თავისი პატარა ანგელოზით რომელიც მოევლინა ამ ქვეყანაზე...
13:08 / 19-05-2015
გამოხმაურება / 0 /
კეკე
ნეტა ვინ იგონებს ხოლმე ამ აფსურდებს, მაგარი მეზრაპრეა როგორც ჩანს
11:46 / 19-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სხვის შეცდომებზე ლაპარაკი ყველას ადვილი გონია და მათი განსჯა, არავინ იცის ცხოვრებაში ვის რა ელის
10:12 / 19-05-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალისტი
აი ამიტომ დააფასე ადამიანი ვისაც უყვარხარ. ჯერ დაქალებთან ეღადავა ბიჭს, რაღაც კლიჩკები შეარქვა, მაგრად ეკაიფა. მერე უეჭველი ვიღაც მაგარი "ტიპი" გაიცნო დიდი ალბათობით მანქანიანი და უფრო შემსრულებელი და გაყვა. მერე გიორგის "ახარა" ეს ამბავი. ის ბიჭი აღმოჩნდა ნარკომანი ულომბარდებდა რაღაცეებს სახლიდან და "ბეზდელნიკობდა". ბოლოს ოჯახი დაინგრა, ამ გოგომაც აიშვა იგულავა, ბოლოს ვიღაცისგან დაორსულდა, იმას ვერ შეეტენა. და ბოლოს მოუნდა მშვიდი ცხოვრება და ოჯახი... აი რეალურად რა მოხდა
19:04 / 16-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS