კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, ლილოში ამას ნახევარ ფასში ვიყიდდითო დღემდე სადავოა, რომელი ვარიანტი ურჩევნიათ ქალებს, ქმრის ბედოვლათობაში გადაზრდილი ხელგაშლილობა, თუ ხელმომჭირნეობას ამოფარებული სიძუნწე, ალბათ არც ერთი და არც მეორე, თუმცა როგორც 28 წლის მარინა აცხადებს, იმაზე დამთრგუნველი არაფერია, როცა ქმარი ფულის გადახდის დროს უკან იხევს და სტუმრების მოსვლისას იმალება.
- არიან ადამიანები, რომლებმაც გაჭირვება, შიმშილი და ხელმოკლეობა გამოიარეს, ისინი ყოველთვის ფრთხილები არიან და მათი შეძენილი სიძუნწე გასაგებია, თუმცა ისეთებიც ხშირად გვხვდებიან, რომლებთანაც გაჭირვებას ახლოსაც არ ჩაუვლია,
- თქვენი ქმარი რომელ კატეგორიას ეკუთვნოდა?
- მისი ყველა ნათესავი, მამის მხრიდან, ისეთი ქვაწვია იყო, სტუმრად რომ მიხვიდოდი, ჭამას გრცხვენოდა. თეფშს ძირსაც ვერ უმალავდა, იმდენი სალათი ან წვნიანი მოჰქონდათ. ჩემი ქმარი მათი `გაუმჯობესებული~ ვარიანტი იყო, სტუმარი რომ მოვიდოდა, საძინებელში იმალებოდა, დამატებითი პურის ამოტანა რომ არ დამევალებინა.
- იქნება არ ჰქონდა?
- რომ არ ჰქონოდა, არ მოვითხოვდი. ხელმომჭირნეობით ყველაფერი შეიძინა, სახლი, აგარაკი, მანქანა, მაგრამ მაინც აგროვებდა. ჯიბეში 500 ლარი რომ სდებოდა, მაინც 50 თეთრიან პომიდორს და დამჭკნარ კიტრს ეძებდა, ზომას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი შემცველობააო, ამბობდა. ბაზარში ცოცხალი თავით არ მიშვებდა, თავად უნდა გამომყოლოდა და თითოეული კაპიკი გაეკონტროლებინა. მის გარეშე შაქარსაც კი ვერ ვიყიდდი.
- თქვენით კმაყოფილი იყო?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმატოფილი იყო, ფულის ყადრი არ იცი, მფლანგავი ხარო- მეუბნეობდა. 6 წელი მის გვერდით ვიცხოვრე და ჩემი ხელით ასი ლარი არ დამიხარჯავს, მფლანგველი ამას ჰქვია? მის დას შვილი რომ შეეძინა, გავბედე და თბილისის უნივერმაღში 50-ლარიანი ჩასაცმელი ვუყიდე. კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, ლილოში ამას ნახევარ ფასში ვიყიდდითო. მას შემდეგ თითქმის 5 წლის განმავლობაში საკუთარ დისშვილისთვის კამფეტიც კი არ მიუტანია, ისევ იმ 50 ლარს გლოვობდა.
- დაც მისნაირი თუ იყო, არ გაუკვირდებოდა...
- კი, ზუსტად მისნაირი იყო, მან ქმარიც გადაიბირა და შედარებით ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, მე კი ისეთი კაცის ატანა, როგორიც ჩემი ქმარი იყო, არ შემეძლო. ერთხელ სტუმრად დაქალი და მისი ქმარი მესტუმრნენ, გოგიმ გაიგო თუ არა მათი მანქანის ხმა, სახლის უკან გაიქცა (ჩვენ კერძო სახლი გვაქვს) და საქათმეში იმალებოდა. მივხვდი, რომ მათ წასვლამდე არ გამოვიდოდა და ვიცრუე, რომ სახლში არ იყო. ამჯერად ტყუილი არ გამივიდა, დაქალის ქმარმა ეზოს დათვალიერება მოინდომა და დაბარებულივით პირდაპირ იქეთ გავარდა, სადაც ჩემმა ქმარმა თავშესაფარი იპოვა, ჩვენც უკან გავყევით. როგორი სანახავი იყო, საქათმეში დამალული ქმარი, თავადაც კარგად წარმოიდგენთ.
იმ საღამოს სერიოზულად ვიჩხუბეთ. როცა გაბრაზებული ვიყავი, რამე საქმე რომ არ გამეკეთებინა, მოვკვდებოდი. ამჯერადაც სერვანდიდან დავიწყე ჭურჭლის გადმოლაგება და პატარა ყუთი ვიპოვე შიგნით ჩაკეცილი დოლარებით. გაცოფებული მივედი და ცხვირწინ დავუყარე- შენი წონა ფული რომ შეაგროვო კაცად მაინც ვერ იქცევი-თქო- ვუთხარი. პირველად მაშინ ასწია ჩემზე ხელი. თუმცა მისი ნამოქმედარიდან გამომდინარე, ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ გამკვირვებია.
- გაყრის ინიციატორი თავად იყავით?
- კი, მასთან ცხოვრება აღარ შემეძლო. სკანდალების გარეშე ვთხოვე განქორწინება. სიმართლე გითხრათ, ძალიან განიცადა, მას დედის შემდეგი თავისი ცოლ-შვილი უყვარდა, ამიტომ ჩვენი დაკარგვა არ უნდოდა. მითხრა, გამოვსწორდებიო, მაგრამ გენეტიკას სად გაექცევი.
მკითხველის ისტორია