01 ივნისი, 2014
ახალგაზრდა ქალის აღსარება - „ასე დაბნეული დედის მკვლელობის დღესაც არ ვყოფილვარ“...
50 წელს რომ გადასცილდა, ქურდობას ვეღარ ბედავდა, სამაგიეროდ ოჯახში დედაჩემს ავიწროებდა რა უფრო რთულია ამ სიტუაციაში აპატიო მამას, თუ ჩადენილი დანაშაულისთვის მშობელს პასუხი აგებინო. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა ქ.მ.-მ მიიღო, დღემდე მოსვენებას არ აძლევს. ფიქრობს, რომ ორივეს წინაშე შესცოდა და შედეგის გამოსწორებაც შეუძლებელია.

- ტრაგედია, რომელზეც მინდა გიამბოთ, რამდენიმე წლის წინ კახეთის რაიონში დატრიალდა. მისი უშუალო თვითმხილველი და მონაწილე თავად ვიყავი. ამ ამბის შემდეგ ჩემი ოჯახი სოფელში აუგად სახსენებელი გახდა. დედაჩემი ამ ამბავმა შეიწირა, მამაჩემი
კი შვილების დახმარებით სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მაშინ სწორად მოვიქეცით თუ არა, დღემდე ვერ გამირკვევია.
- საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხებოდა...
- დედა თვინიერი, თავმდაბალი, უთქმელი ქალი იყო. მისი მეუღლე კი მთელ რაიონში ცნობილი ქურდი იყო. მუდმივად მილიცია ეძებდა, ამიტომ სახლში იშვიათად ვნახულობდით. ღამის ორ-სამ საათზე მოდიოდა და რომ არ დაეპატიმრებინათ, გამთენიისას უკვე ტყეს აფარებდა თავს. დედაჩემი მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, როცა მილიციის მუშაკები სახლში მოადგნენ და დაემუქრნენ, თუ ქმარს არ დაგვაჭერინებ, თავად დაგაპატიმრებთო, დედამ იუარა, თითქმის ერთი წელია, თვალითაც არ მინახავსო. მილიციელი გადარეულა, აბა მაგ ბავშვის მამა ვინაა?- მიუთითებია ფეხმძიმე ქალის მუცელზე. დედაჩემს მოუტყუებია, მეზობლის კაცთან დავდივარო.
- ქმარმა ამის გამო იეჭვიანა?
- არა, მამაჩემმა კარგად იცოდა, რომ მისი ცოლი სხვისკენ გახედვას ვერ გაბედავდა, ვერც დედაჩემს მიეკარებოდა ვინმე, ვინც მამაჩემს იცნობდა. ისეთი დაუნდობელი და ფიცხი იყო, მთელ სოფელს შიშის ზარს სცემდა. ეს ეპიზოდი მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ბავშვობის ძალიან მკაფიო მოგონებად დამრჩა. დედაჩემი ქმრის საქმიანობის გამო ყოველთვის შეურაცხყოფილი და დამცირებული იყო, მამაჩემს კი ეს არ ანაღვლებდა. ერთ დღესაც მამაჩემის ადგილსამყოფელს მიაგნეს და დაიჭირეს. როგორც გაირკვა, ერთ მის ნაცნობს დაუბეზღებია, მაგრამ სასამართლომდე გაათავისუფლეს. სახლში ორი ძროხა გვყავდა, შემოგვითვალა გაყიდეთ და აღებული ფული პროკურორს ჩაუტანეთო. საქმე დაიხურა, მამაჩემმა კი ძველი საქმიანობა გააგრძელა. კვლავ ძებნა გამოცხადდა მასზე და წლების განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენი არეულ-დარეული, დაძაბული ცხოვრება. მე და ჩემს დას ყველაზე მეტად მშობლებს შორის მუდმივი უთანხმოება გვაწუხებდა.
- რაზე ჩხუბობდნენ?
- მამაჩემს ყველაფერზე შეეძლო დედაჩემს გაბრაზებოდა და შეურაცხყოფა მიეყენებინა. მოგვიანებით როცა ასაკი მოემატა და მეტ-ნაკლებად უნდა დასერიოზულებულიყო, უფრო მეტად აგრესიული გახდა. 50 წელს რომ გადასცილდა, ქურდობას ვეღარ ბედავდა, სამაგიეროდ ოჯახში დედაჩემს ავიწროებდა.
- შვილები მის დაცვას არ ცდილობდით?
- ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 17-18 წლის ასაკში მამის ისე მეშინოდა, როგორც პატარა ბავშვს. მისთვის სიტყვის შებრუნებას ვერ ვბედავდით. თანაც, მე და ჩემი და თბილისში წამოვედით სასწავლებლად და სოფელში მხოლოდ არდადეგებს ვატარებდით. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ ერთ ზაფხულსაც, როცა სასწავლებლიდან დაგვითხოვეს და კახეთში წავედით, მამა განსაკუთრებით გაღიზიანებული ჩანდა. საღამოს მეზობლის გოგონებთან ერთად სასეირნოდ გავედით. ჩვენს სახლს გარს ვენახი ეკრა. სწორედ იმ მხრიდან სასოწარკვეთილი კივილი მოგვესმა. ახალგაზრდებმა იხუმრეს, ალბათ ვიღაცას აუპატიურებენო. კივილის ხმა კიდევ რომ განმეორდა, უკვე დავრწმუნდი, რომ ჩვენი მიწის ნაკვეთიდან მოდიოდა. უკანმოუხედავად გავიქეცი. წარმოდგენაც არ შემეძლო, რა ხდებოდა, მაგრამ მუხლები მეკვეთებოდა, და მთელი ტანით ვკანკალებდი. როცა ვენახის ბოლოში მივაღწიე, უკვე გვიან იყო. დედაჩემი მიწაზე ეგდო, ქმარი ზემოდან დასჩერებოდა და ახრჩობდა. მამაჩემმა დედაჩემი მოკლა... ისე, სრულიად უმიზეზოდ.
- მილიციაში რატომ არ განაცხადეთ?
- მილიციიდან მოვიდნენ, მაგრამ მამის დანაშაული დავმალეთ. ვუთხარით, რომ დედას წნევამ დაარტყა და მოკვდა. ყველამ იცოდა, რეალურად რაც მოხდა, მაგრამ მომჩივანი არავინ იყო და სამართალდამცავებმაც მამაჩემის დაპატიმრების ინიციატივა არ გამოიჩინეს.
- თქვენ ფიქრობდით, რომ ადამიანის სიკვდილის გამო მას პასუხი არ უნდა ეგო?
- ვფიქრობდით, რომ მამის დაპატიმრებით დედას ვერ გავაცოცხლებდით. ალბათ გვიყვარდა კიდეც და სიკვდილისთვის ვერ გავწირეთ. ის მანამდე ორჯერ ნასამართლევი იყო და თუ ცოლის მკვლელობისთვის დაიჭერდნენ, დახვრეტა არ ასცდებოდა. თან თვითონაც გვეხვეწებოდა, ნუ გამწირავთო, დედათქვენი ამ საქციელს არ მოგიწონებდათო... მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა, ვცდილობდი, მომხდარზე აღარ მეფიქრა და მამაჩემთანაც ურთიერთობის გაგრძელება მომეხერხებინა. გასულ ზამთარს, როცა მის მოსანახულებლად ჩავედი, ღორი დაეკლა და მეზობლებთან ერთად ქეიფობდა. ღვინო რომ მოეკიდა, ლაყბობის ხასიათზეც მოვიდა. თავისი ახალგაზრდობის ამბები გაიხსენა, ბევრიც იტრაბახა, ბოლოს კი სინანულით თავი გადააქნია. - მხოლოდ იმას ვნანობ, მილიციის პუტანკამ რომ დამაბეზღა და დამიჭირეს. ამის გამო ორი ძროხის გაყიდვა დაგვჭირდა, ჩამშვეს კი პასუხი ვერ ვაგებინეო. თურმე სხვა სანანებელი არაფერი ჰქონდა. დედაჩემი ვითომც არ არსებობდა. ვუცქერდი მას და საკუთარი თავიც მეზიზღებოდა. ის თავმდაბალი, სათნო ქალი ყველამ გავიმეტეთ. მას შემდეგ ძალიან ცუდად ვარ. ძველი ტკივილი განმიახლდა. ასე დაბნეული დედის მკვლელობის დღესაც არ ვყოფილვარ. ახლა ქმარიც მყავს და შვილიც, ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მათგან მეც იგივე მივიღო, რაც დედაჩემმა თავისი ოჯახის წევრებისგან.
- ასე ნუ ფიქრობთ, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეთ, უფრო რთული იყო, ვიდრე მამის დაპატიმრება.
- არა, ყველას თავისი უნდა მიეზღოს. ამ საქციელით მამაც დავღუპეთ. რომ დაეჭირათ, იქნებ მეტად დაფიქრებულიყო საკუთარ საქციელზე და სინანულის გრძნობა გასჩენოდა. სიკვდილის წინ დანაშაული მოენანიებინა. ახლა კი მისი სული განწირულია, თუმცა ეს გზა თავად აირჩია, მასზე აღარ ვნერვიულობ... მაგრამ დედა მენატრება...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
tata
Ra sisulelea, romeli celic ar unda kofiliko, damxvrhval adamians da cnevis dartymisgan mkvdars ver asxvavebnen? Sisulele, netqv vinc zis da vinc qm istoriebs igonebs fulw rashi uxdiqn? Uamravi istoriaa chvens garshemo romlis dacerac sheileba, tu arada vinme iseti adamiani mainc ipovet vinc cota realobastan axlos myof istoriebs shegitxzavt uxerxulia ubralod :))))
21:46 / 18-09-2014
გამოხმაურება / 1 /
რა უბედურებაა....
ქართული შრიფტი რომ არსებობს, არაფერი გსმენიათ ამის თაობაზე?
11:06 / 12-09-2018
ქეთი
სულელური და მოგონილი ისტორიაა
22:26 / 20-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, სულის ტკივილი ვიგრძენი. დანაშაული დამალეთ მაგრამ მამასთან ურთიერთობა უნდა გაგეწყვიტათ სამუდამოდ. მარტოობაში ამოხდეს ძაღლივით სული მეტის ღირსი არაა.
12:56 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
პირადად ვერასდროს ვაპატიებდი არათუ ასეთ უღირს მამას (მასზე ერთი დადებითი არ თქმულა სტატიაში) ღირსეულსაც კი ასეთი მის გამო გაუხარელი დედის მკვლელობას... არ მჯერა ამ სტატიის საბედნიეროდ.
17:54 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამთა
რთული სიტუაციაა,ან ძალიან ძლიერი უნდა იყო ან კიდევ მამაზე გიჯდებოდე რომ ეგეთი დანაშაული აპატიო.მართალია დედას არაფერი ეშველებოდა, თუმცა მამა თუ დღესაც ვერ აცნობიერებს მის დანაშაულს მას ვერც ციხეში მიხვდებოდა. ამის გამო თავს ნუ დაიტანჯავ, დედა ცხონდება მისი სათნოების გამო, მამას კი პასუხი განკითხვის დღეს მოეკითხება.მაინც დაისჯება და ეს სასჯელი გაცილებით მძიმე იქნება ვიდრე აქ ელოდა. თქვენ კიდევ ხალხო რა დაგემართათ, ადამიანი განსაცდელშია და ლამის შეჭამეთ ბავშვური გადაწყვეტილების გამო.
22:57 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სხვისი განკითხვა ზოგადად არ მახასიათებს , მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ამბავმა შემძრა, რა ადამიანი ხარ თავად რომ ეგ აპატიე არაკაც რომელსაც კიდევ მამას უწოდებ ამდენი ტანჯვის მერე როგორც თავად ამბობ. დედის სიკვდილს შეესწარი და როგორ დააფარე ხელი მკვლელს, შენ რა ადამიანი ხარ თავად, გული საერთოდ არ გაქვს? არ მჯერა რომ შენ კიდევ შეიძლება წარსული გახსენდებოდეს. რამ გაგიქვავათ გული ადამიანებოო რამ. მკვლელობის თანამონაწილეობა ეგ.საშინელება პირდაპირ.
20:40 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
პირველი შემთხვევა ან უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო რა თქმა უნდა დავინდობდი მამას, მაგრამ ამ შემთხვევაში შვილებსაც დიდი შეცდომააქვს ჩადენილი,რაც არ ეპატიებოდათ
19:59 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ღმერთო რა იდიოტია ეს გოგოც და მისი დაც! დედა მოუკლა მამამ,სრულიად უმიზეზოდ,ქურდმა,მოძალადე,ნაგავმა მამამ და როგორ დაფარა,ან როგორ აპატია...საკუთარი ხელით მოვკლავდი ეგეთ მამას და ციხეში ჩასვჯდებოდი,დედის მკვლელს კი არ ვაცოცხლებდი! უდანაშაულო ქალი გამოასალმა წუთისოფელს და თითქოს არაფერი მომხდარა,ისე გააგრძელეს ცხოვრება მამამაც და შვილებმაც! შეგირცხვათ სინდისი და ნამუსი და ღვთის სასჯელის გეშინოდეთ სამივეს!ფუ.....გული მერევა უკვე....
16:46 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი გოგონა
დედა არ გყვარებიათ გამოდის,კიდევ კარგი ის ქალი არ მოესწრო შენისთანა ცუდ შვილს :)))))))
11:01 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
578
ალბათ შემდეგ სულ ერთი ხდება,მკვლელს დაიჭერენ თუ რა ბედი ეწევა. .
10:19 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS