31 მაისი, 2014
თანამდებობაზე გაცვლილი ახალშობილი - „გული მტკივა, რომ მიმატოვეს“
ნინი აკრძალული სიყარულის ნაყოფი იყო და დედამ სირცხვილის თავიდან მოსაშორებლად გოგონა ინტერნატში ჩააბარა როცა ახალშობილის გაზრდაზე მისი ბიოლოგიური მშობლები უარს იტყვიან და პატარას ბავშვთა სახლს მიაბარებენ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მისი უზრუნველი ცხოვრების დასაწყისია.
ჩვენი რესპონდენტი ნინი აკრძალული სიყარულის ნაყოფი იყო და დედამ სირცხვილის თავიდან მოსაშორებლად გოგონა ინტერნატში ჩააბარა. უპატრონო ბავშვთა თავშესაფრიდან ნინია ოთხჯერ გაიყვანეს, თუმცა პატარას ბედი არ სწყალობდა, ბავშვს უკან აბრუნებდნენ. მეხუთეჯერ ის უშვილო ცოლ-ქმარმა წაიყვანა, ნინას მეხსიერებაც ამ პერიოდიდან იწყება.

- ადამიანები
ხშირად მალავენ, რომ მშობლებმა მიატოვეს, თუმცა მე ამ საქმეში უდანაშაულო ვარ და ამიტომ აღიარებაც არ მრცხვენია. როგორც გადმოცემით ვიცი, დედაჩემი 18 წლის იყო, როცა ჩვენი რაიონის რაიკომის მეორე მდივანმა შეაცდინა. ის ცოლ-შვილიანი კაცი იყო და ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა. დედაჩემმა მაშინ გაუმხილა ფეხმძიმედ ვარო, როცა აბორტის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. სამაგიეროდ, „მამიკომ“ სამშობიაროში მომაკითხა და იქიდანვე თბილისში წამომიყვანეს.
- დედამ არ იცოდა?
- მასთან შეთანხმებული იყო. რა გასაკვირია, 18 წლის გოგოს რომ შვილიზე პასუხისმგებლობა ვერ აეღო. მაშინ სხვა დრო იყო, მის სახელს ლაფში ამოსვრიდნენ, ყველას დასაცინი გახდებოდა, საყვარელს კი ოჯახი და თანამდებობა უნდა დაეკარგა. ღირდა ჩემი გულისთვის ამდენი აურზაური? თავიდან მომიშორეს და მორჩა. რამდენიმე თვეში უშვილო ოჯახი გამოჩნდა, მათ ინტერნატიდან წამიყვანეს. ალბათ კარგადაც მივლიდნენ, მაგრამ მათთან დარჩენა არ მეწერა. ქალი, რომელსაც 11 წელი შვილი არ უჩნდებოდა, მოულოდნელად დაფეხმძიმდა. ასეთი შემთხვევა ხშირია, ალბათ ღმერთი თავისი შვილის გამზრდელს აჯილდოებს, მაგრამ მათ ჩემი შინ დატოვება აღარ ისურვეს. შეძლებული ოჯახი ყოფილა, ალბათ იფიქრეს, თუ საკუთარი ბავშვი გვეყოლება, სხვის გაჩენილს ქონება რატომ უნდა გავუყოთო და უკან დამაბრუნეს. კიდევ კარგი, მაშინ ექვსი თვის ვიყავი და ვერაფერს ვაცნობიერებდი, თორემ როგორია იმის ატანა, როცა ნახევარი წლის გაჩენილს, ორჯერ მიგატოვებენ.
- მეორე ოჯახმა რა მიზეზით დაგაბრუნა თავშესაფარში?
- ის ოჯახი არ იყო. შინაბერა ქალმა მიშვილა. იფიქრა, ბავშვს მოვუვლი, სიბერეში პატრონი მეყოლებაო, მაგრამ პირველი დედობილისგან განსხვავებით, მისთვის ბედნიერების მოტანა ვერ შევძელი. საბრალო ქალი თვე-ნახევარში აივნიდან გადავარდა და დაიმტვრა. მეორე სართულზე თოკით სარეცხი ჰქონდა გაფენილი, ჩამოხსნის დროს ზედმეტად გადაიწია და ქვევით ჩავარდა. მას შემდეგ დიდხანს ლოგინიდან ვერ დგებოდა, მე კი ისევ ბავშვთა სახლში დამაბრუნეს. მესამე-მეოთხე შემთხვევები, წინამორბედებისგან განსხვავდებოდა, თუმცა ფინალი მათაც ერთნაირი ჰქონდა.
თითქოს მოჯადოებულ წრეში ვტრიალებდი. ინტერნატში იყვნენ ბავშვები, რომელთა შვილად აყვანის სურვილი წლების განმავლობაში არავის გამოუთქვამს, მე კი ყველა ოჯახში მიმარბენინებდა იმისთვის, რომ ცოტა ხანში ისევ გამოვეგდე.
- ასე დეტალურად საკუთარი წარსული ვინ გიამბოთ? როგორ წესი, მსგავსი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
- ინტერნატში ჩემი მომვლელი ქალი იყო, სათნო, კეთილი ადამიანი. ძალიან მიყვარდა, მასთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. სწორედ იმ ქალბატონმა მიამბო ყველაფერი, ოღონდ მას შემდეგ, რაც ახალმა ოჯახმა მიშვილა და ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, თბილისის ყველაზე წარჩინებულ ოჯახის შვილსაც რომ შეშურდებოდა.
- ასეთი რა მოხდა?
- ჩემი დედობილი დიასახლისი იყო, ულამაზესი ქალი, რომელიც თავის დროზე 20 წლით უფროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ასაკით და გარეგნობით მისგან ძალიან განსხვავდებოდა და შვილიც არ ეყოლათ, ჩემი დედობილი ქმარზე გიჟდებოდა. მასზე აუგს ვერ ათქმევინებდით. ალბათ ეს არც არის გასაკვირი. ის საოცრად თბილი ადამიანი იყო, თანაც, ცნობილი არქიტექტორი. ძირითადად მოსკოვში მუშაობდა, საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაგებობებს აპროექტებდა. ჩემს მამობილს შესაბამისად ჰონორარიც მაღალი ჰქონდა. მე და დედა ნამდვილ ფუფუნებაში ვცხოვრობდით. როგორც მახსოვს, რამდენიმე მოსამსახურე გვყავდა. წელიწადში ორ-სამ აგარაკს ვიცვლიდით და საყიდლებზე მოსკოვში დავდიოდით
- როდის გაიგეთ, რომ ნაშვილები იყავით?
- მათ არასოდეს დაუმალიათ, რომ ბავშვთა სახლიდან წამომიყვანეს. როცა თავიდანვე ყველაფერი გარკვეულია, შემდგომ ურთიერთობაშიც პრობლემები არ ჩნდება. ალბათ სიმართლის თქმა გონივრულიც იყო. ყოველთვის მახსოვდა, საიდან მოვდიოდი და რა გააკეთეს ჩემთვის ამ ადამიანებმა. როცა გავთხოვდი, მამაჩემმა 400 კაციანი ქორწილი გადამიხადა, თავი ზღაპარში მეგონა. ასეთ წუთებში ბევრი ვერ დაიჯერებდა, რომ ინტერნატიდან გამოყვანილი, ოთხჯერ დაწუნებული გოგო ვიყავი...
- თქვენი ნამდვილი მშობლების მონახულების სურვილი არასოდეს გაგჩენიათ?
- დედაჩემი უცხოეთში ცხოვრობს, მამა კი პირისპირ ვნახე. ყოფილი ჩინოვნიკი გაცრეცილი შარვლით და გახუნებული ჰალსტუხით სამსახურს დაეძებდა. რის გამოც შვილზე უარი თქვა, თვალსა და ხელს შუა გამქრალიყო. აღარც თანამდებობა ჰქონდა და აღარც კეთილმოწყობილი კაბინეტი. ხელმოცარული ადამიანისთვის წუთიერი ცოდვის ნაყოფთან შეხვედრა, ბევრად მტკივნეულია. ახლა ვხვდები ამას და ვნანობ, რომ გამოველაპარაკე, მაგრამ მაშინ გაჩუმება არ შემეძლო...
- მიუხედავად ყველაფრისა, ვერ აპატიეთ, რომ მიგატოვათ?
- ყველაზე საკვირველი სწორედ ეს არის, დღემდე ყველაფერი მაქვს, რასაც ადამიანი ინატრებს, მაგრამ მაინც გული მწყდება, რომ ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს...

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კლარა
დიდ არს საქმენი უფლისანი: ოთჯერ იმისთვის 'დაგიწუნეს', რომ ბოლოს ძალიან კარგი პატრონები გამოგჩენოდნენ. ღმერთმა უკეთ იცის ყველაფერი და ჩვენ მხოლოიდ მისი მორჩილება გვმართებს. მიხარია, რომ კარგადაა ბიოლოგიური დედისგან მიტოვებული გოგო. მამის რეაქციაზე არაფერია ნათქვამი. საინტერესოა, რა თქვა, რით გაამართლა შვილისადმი გულგრილობა?! თანამდებობა წარმავალია(აქაც წერია), ადამიანობაა მთავარი.
01:18 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS