28 წლის ნათიას ძალადობამ ყველაფერი დააკარგვინა. ის არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, ან ეთქვა სიმართლე, რომელიც არავის სჭირდებოდა, ან სიცრუეში ეცხოვრა.
- ჩემი
- ფეხმოტეხილ პაციენტს ახალგაზრდა ექიმი შეუყვარდა?
- იმავე საღამოს აღმოვაჩინე, რომ ეს ორმხრივი სიმპათია იყო. იმ დროს უკვე 29 წლის ვიყავი. მანამდე ვიღაც-ვიღაცები მომწონებია, მაგრამ ტატოს მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა. ის ძალიან თბილი იყო, თავშეკავებული, დახვეწილი, განათლებული. ტატო მხატვარი გახლდათ. მის გვერდით ხუთი წელი გავატარე. დღემდე არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც ტატოსთან. ჩვენ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, მეგონა სიკვდილიც ვერ დაგვაშორებდა, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაც მოხდა, ყველაზე ცუდ სიზმარშიც რომ ვერ წარმოვიდგენდი. არც კი ვიცი, ამაში ვინ დავადანაშაულო.
- რა მოხდა ისეთი, რასაც თქვენმა სიყვარულმა ვერ გაუძლო?
- ტატოს მეგობარს ქუთაისში გამოფენა ჰქონდა. თბილისში მარტო ვიყავი. რამდენჯერმე ზარის ხმა გაისმა. როცა გავიხედე, არავინ ჩანდა. შემეშინდა, ჩემს დაქალს დავურეკე. მან თავის მეუღლეს უთხრა, იმანაც დახმარება შემომთავაზა. მისი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ ვანომ არ დაიშალა. ნახევარ საათში ჩემს ბინაში იყო, ჯერ ეზო დაათვალიერა, მერე სადარბაზო. მითხრა, საეჭვო არავინაა, შეგიძლია დამშვიდდეო. მომერიდა მისი პირდაპირ გაშვება, ყავა შევთავაზე. სამზარეულოში ლიქიორი შენიშნა და ერთი ჭიქა თავად ჩამოისხა, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე...
ვანო შეზარხოშდა, თვალები აემღვრა, ლაპარაკიც აერია. ეს ბიჭი არასოდეს მომწონდა. მაშინაც ერთი სული მქონდა როდის წავიდოდა. ვუთხარი, გვიანია, თეკლა ინერვიულებს, გაგაცილებ-მეთქი. თითქოს დამიჯერა, პიჯაკი ჩაიცვა და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ სანამ კარს გავაღებდი, შემობრუნდა, ხელში ამიტაცა და კოცნა დამიწყო. ასეთი შანსი მეორედ აღარ გვექნება, ვიცი, შენც გინდა ჩემთან ყოფნაო. ყვირილი ვერ გავბედე, მეზობლების მომერიდა. ჩუმად ვცდილობდი მის მოგერიებას, მაგრამ ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. როცა თავის საქმეს მორჩა, სიტყვაც არ დაუძრავს, ისე ჩაიცვა და წავიდა. რამდენიმე წუთში ტატომ დამირეკა, შემატყო, რომ უხასიათოდ ვიყავი, მაგრამ რას იფიქრებდა, რა უბედურება დამატყდა თავს. მომდევნო ორი დღე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მომხდარის დამალვას.
- გადაწყვიტეთ მეუღლისთვის სიმართლე გეთქვათ?
- ხომ გითხარით, რომ ტატო სიგიჟემდე მიყვარდა. ჩვენ საუკეთესო მეგობრებიც ვიყავით. რა უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, რომ ქმრისთვის ვერ გამეგო. ალბათ ტატოც იმავეს ფიქრობდა. როცა ჩემი მეუღლე ქუთაისიდან დაბრუნდა ვუთხარი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მეთქვა. 5 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა და ვმკურნალობდი, ტატომ იფიქრა, რომ ჩემი საწუხარი ამას ეხებოდა, ამიტომ წინასწარ მოემზადა რომ ვენუგეშებინე. ტატო, მე გამაუპატიურეს, ძლივს გასაგონი ხმით ჩავილაპარაკე და ტატოს თვალებში მივაშტერდი. ის ჯერ გაფითრდა, შემდეგ გაქვავდა. დამალვა არ შემეძლო, - თავადვე გავაგრძელე საუბარი. ტატო ფეხზე წამოდგა. მომეხვია და მითხრა, - მიყვარხარ და ამას ვერაფერი შეცვლის, - ვიცოდი, რომ შენი იმედი შემეძლო მქონოდა, - წამოვიძახე და შემოვეხვიე. ტატომ გამიღიმა, ეს ღიმილი კი სიცოცხლეს მერჩია.
- არ უკითხავს, ეს ვინ ჩაიდინა?
- პირველი ამ კითხვას ველოდი. პასუხიც მოფიქრებული მქონდა, შინ ვიღაც შემომივარდა-მეთქი. არ მინდოდა, კაცი მოეკლა და ციხეში წასულიყო, არც ჩემი დაქალის გაუბედურებას ვაპირებდი. ტატოს კი არაფერი უკითხავს. მთელი დღე ხმა აღარ ამოუღია. როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდა, მიღიმოდა და ყველაფერი ამით მთავრდებოდა. ერთი კვირა ებრძოდა ტატო საკუთარ თავს. შინ გვიან ბრუნდებოდა, მაშინვე დასაძინებლად წვებოდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მან ჩემი პატიება ვერ შეძლო.
- გითხრათ, უნდა დავშორდეთო?
- მივხვდი, რომ ის ჩემზე სუსტი აღმოჩნდა. მე მისი დახმარება მჭირდებოდა, ტატო კი თავად დაემგვანა გაუპატიურებულ ქალს. ალბათ დრო სჭირდებოდა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო, მაგრამ მისი ყურება აღარ შემეძლო. წერილი დავუტოვე: “ჩვენ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, აღარ მომძებნო, ხომ იცი, აზრს არასოდეს შევიცვლი“.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯობდა სიმართლე დაგემალათ?
- ტატო მიყვარდა, ამიტომ ვერ დავმალავდი. ბევრი ადამიანი ვიცი, იმიტომ თხოვდება, რომ ოჯახი ჰქონდეს, შვილები ჰყავდეს. როცა ასეთი განწყობით, უსიყვარულოდ ცხოვრობ მამაკაცის გვერდით, მოტყუებაც ადვილია, მე კი ტატო სიცოცხლეს მერჩივნა. ვიცი, ამას თავადაც ხვდება, მაგრამ ძალა არ ეყო... სამწუხაროა...
მკითხველის ისტორია