15 მაისი, 2014
ორი მამაკაცისგან მიტოვებული ქალის ისტორია - ''საკუთარი გოგონა ვიშვილე''...
ჩემ ქმარს ახალშობილის აყვანა უნდოდა, მაგრამ ნათია რომ შინ მივიყვანე, ვეღარაფერი თქვა როგორც ფრანგები ამბობენ, ნამდვილ ქალს ისტორია უნდა ჰქონდეს და არასოდეს შერცხვეს ამ ისტორიაზე საუბრის. ჩვენი რესპონდენტი მაკა საკუთარ ისტორიას მას შემდეგ გვიამბობს, რაც სიცრუისთვის საზღაური უკვე გადაიხადა.

- საბედნიეროდ, ის დრო, როცა უკანონოდ გაჩენილ ბავშვს საზოგადოება არ იღებდა, წარსულს ჩაჰბარდა. ჯერ კიდევ 15 წლის წინ კი, როცა მე გოგონა მეყოლა, ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა მთელი საგვარეულოს სირცხვილი იყო. ამიტომ, როცა ცოლიანი მამაკაცისგან დავფეხმძიმდი,
რამდენჯერმე თავის მოკვლაც დავაპირე, მაგრამ დედაჩემი გვერდით დამიდგა.
ის უცნაური და ძლიერი ქალია. საზოგადოების აზრი არ აინტერესებს. მთავარია, მისი საყვარელი ადამიანები კარგად იყვნენ და ყველაფერს დათმობს. როცა გაიგო ბავშვს ველოდებოდი, ხმამაღლა სიტყვაც არ უთქვამს. - ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლითო, დამამშვიდა. რაჭაში, თავისი მშობლების სახლში ჩამიყვანა და ბავშვიც იქვე გავაჩინე. რამდენიმე თვეში მე უკან, თბილისში დავბრუნდი, დედაჩემი კი შვილიშვილთან ერთად სოფელში დარჩა.
- ბავშვს მუდმივად ხომ ვერ დამალავდით.
- არ ვიცი, დედა ასე რატომ მოიქცა. ალბათ ფიქრობდა, რომ შოკური მდგომარეობიდან გამოვიდოდი, ნელ-ნელა საკუთარ თავში ძალას ვიპოვიდი და უკანონო შვილის დედობისაც აღარ შემრცხვებოდა. ასე იყო თუ ისე, მე მის ნებას დავემორჩილე და თბილისში გამოვემგზავრე. რამდენიმე თვეში მართლაც აღვიდგინე დაკარგული ენერგია და თქვენ წარმოიდგინეთ, ახალი სიყვარულიც მეწვია. მას გოგიტა ერქვა და ჩემზე ათი წლით უფროსი იყო. გოგიტა პოლიციის პოლკოვნიკი იყო. ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაიჭრა და მას შემდეგ გოგიტას სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელი გახდა. შეყვარებულს ეს ჩემთვის არ დაუმალავს, მაგრამ მაინც ძალიან მიზიდავდა.
- თქვენც გეთქვათ საკუთარი წარსულის შესახებ.
- შემეშინდა. მასაც რომ მივეტოვებინე, კიდევ ერთხელ იმედგაცრუებას ვერ გადავიტანდი. როცა გოგიტამ ცოლობა შემომთავაზა, დედაჩემს აზრი ვკითხე. თუმცა პასუხი წინასწარ ვიცოდი, მისთვის მთავარი ჩემი ბედნიერება იყო. რამდენიმე თვეში ვიწრო წრეში ქორწილი გადავიხადეთ და ქმართან გადავედი საცხოვრებლად. თვეში ერთხელ რაჭაში ჩავდიოდი ბავშვის მოსანახულებლად.
- ქმარი ერთხელაც არ გამოგყოლია?
- სპეციალურად ისეთ დროს ვარჩევდი, როცა მას არ ეცალა. გარკვეული დროის შემდეგ საკუთარმა ტყუილმა შემაწუხა, თითქოს ვიწვნიე კიდეც, გოგიტას სიმართლე თავიდან რომ არ ვუთხარი, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა ქმარი მიხვდა, რომ არ ვფეხმძიმდებოდი, მითხრა, ალბათ ეგეც ჩემი ბრალია, თუ წინააღმდეგი არ იქნები ბავშვი ავიყვანოთო. ეს ბედის საჩუქარი იყო. გოგიტას ამ წინადადების გამეორება აღარ დასჭირვებია.
დედაჩემს დავუკავშირდი, სიტუაცია ავუხსენი და ბავშვის ჩამოყვანა ვთხოვე. ჩემ ქმარს ახალშობილის აყვანა უნდოდა, მაგრამ ნათია რომ შინ მივიყვანე, ვეღარაფერი თქვა. ჩემი გოგონა მაშინ ერთი წლისა და ოთხი თვის იყო. ბავშვი ახალ ოჯახს ადვილად მიეჩვია. განსაკუთრებულ ინტერესს გოგიტას მიმართ იჩენდა. მამობილიც ცდილობდა ნათიას შეყვარებას, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ძალიან გაუჭირდა. ერთ დღესაც ცუდად გავხდი. გონება დავკარგე, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყფოში გადამიყვანეს. გამოკვლევა ჩამიტარდა და გაირკვა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. აქედან დაიწყო ჩემი უბედურება.
- გოგიტამ ნაშვილებ ბავშვზე უარი თქვა?
- ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ჩემი ქმარი თავიდან რებუსებით მელაპარაკებოდა, მაგრამ როცა ბიჭი შემეძინა, კატეგორიულად დასვა საკითხი, ან შენ დააბრუნებ ნათიას, ან მე ჩავაბარებ ინტერნატშიო. მან იცოდა, რომ ნათია უპატრონო ბავშვთა სახლიდან წამოვიყვანე და მის უკან მიყვანას მთხოვდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გოგიტას შეეძლო პატარა უსუსურ არსებას ასე უსამართლოდ მოქცეოდა. ის საკუთარ ვაჟიშვილს თან ჰყვებოდა, ნათია კი მუხლებზე რომ შემოეხვეოდა ხოლმე, გულგრილად იშორებდა თავიდან.
- მართლაც რთული სიტუაციაა, თქვენს ადგილზე ყოფნას ბევრი არ ინატრებდა...
- რჩევისთვის ისევ დედაჩემს მივაკითხე. მან მითხრა, ნათიას ხელი მოჰკიდე და წამოდი, ვაჟიშვილი მამას დაუტოვე და დაელოდე რა მოხდებაო. მას ეგონა, რომ ''სხვისი შვილის'' მიმართ ჩემი თავგანწირვა გოგიტას ნამუსს გაუღვიძებდა და საკუთარ უსამართლობაზე დაფიქრდებოდა, მაგრამ ტყუილად. გოგიტა ორჯერ მოვიდა ჩემთან და ორჯერვე ულტიმატუმით. ან შინ მარტო დაბრუნდები, ან ერთმანეთს სამუდამოდ დავშორდეთო. ნათიას მეორედ ვეღარ მივატოვებდი. შევეცადე გოგიტასთვის ამეხსნა, რომ ეს გოგონა ისე მიყვარდა, როგორც მას თავისი ვაჟივშილი, მაგრამ არ მომისმინა.
მას შემდეგ ოთხი თვე თვალით აღარ მინახავს. საკუთარ შვილსაც კი მიმალავდა, ბოლოს იძულებული გავხდი სასამართლოში მეჩივლა და ვაჟიშვილი იძულების წესით წამომეყვანა. გოგიტამ ბევრი ირბინა, იგინა, ილანძღა, მაგრამ რაღას გახდებოდა. ჯერ იმ ფაქტს შეეგუა, რომ შვილს კვირაში ერთხელ ნახავდა, შემდეგ თანდათან მის ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც გაჩნდა და ბავშვთან მოსვლაც კი ავიწყდებოდა ხოლმე. როცა მან მეორედ იქორწინა, საბოლოოდ დაივიწყა ნანატრი ვაჟიშვილი. მე კი დავრჩი ორი შვილით, ორი მამაკაცისგან მიტოვებული.
- მატერიალურად შვილების მამები არ გეხმარებოდნენ?
- მათ ფულს არასოდეს ვთხოვ, განგების ნებით კარგი სამსახური მაქვს. არც მარტოობაში ვიკლავ თავს. არაჩვეულებრივი მეგობარი მამაკაცი მყავს, მეც მივლის და ბავშვებსაც. ის პატარებზე იმაზე მეტად ზრუნავს, ვიდრე ნათიას ან მისი ძმის ბიოლოგიური მამები. როცა პატარები გაიზრდებიან, მშობლებს თავად მოსთხოვენ პასუხს, მე კი მათ წინაშე ჩადენილი ცოდვა მგონი, უკვე გამოვისყიდე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თინა
ზოგი კაცი ადამიანი კი არა, არაკაცია და ნაგავში გადასაგდები.
20:43 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS