ორივე შემთხვევაში, თუ თქვენ შვილისთვის ძიძის აყვანა გადაწყვიტეთ, კარგად უნდა გააცნობიეროთ, რომ მას უდიდესი პასუხისმგებლობას აკისრებთ და მის მიმართ შესაბამისი მოთხოვნებიც უნდა გქონდეთ...
- არავინ მინდა შევაშინო, მაგრამ ჩემი ამბავი აუცილებელად უნდა გიამბოთ. ''საქმე'' ბავშვებს, ჩვენს შვილებს ეხება და ყველა დედას მინდა გავუზიარო ის შეცდომები, რომელიც მეც დავუშვი. მოკლედ გეტყვით, რომ ორი შვილის დედა ვარ. პირველი შვილი რომ გავაჩინე, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. რასაკვირველია, უნივერსიტეტში ყოველდღიურად სიარულსა და მეცადინეობას ვერ ვახერხებდი. როცა ბავშვი ღამით ტირის და არ გაძინებს, რთულია ცალ ხელში წიგნი გეკავოს და მეორით ბავშვის საწოლს არწევდე. ამ საკითხში ჩემი ქმარი ნამდვილად არაფრის გამკეთებელია. მარტო ჩემი ქმარი კი არა, ქართველი კაცების უმეტესობა ასე იქცევა, ჩემს ირგვლივ იშვიათად არიან ისეთი მამაკაცები, ვინც შვილის მოვლა იცის, სიამოვნებს და ცოლს ამ მხრივ ეხმარება. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ გაგის გამო ხან დედაჩემი რჩებოდა ჩვენთან და ხან დედამთილი. ორივე ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ ღამით მაინც მერჩივნა, ჩემი შვილს ჩემს ოთახში დაეძინა. უნივერსიტეტში მხოლოდ გამოცდების დროს მივდიოდი. სკოლიდან მოყოლებული კარგად ვსწავლობდი და არც უმაღლესში მქონია ცუდი შედეგი. მართალია, ლექტორები მხოლოდ გამოცდებზე მხედავდნენ, მაგრამ კარგ ნიშნებს მიწერდნენ და უმაღლესი წითელ დიპლომზე დავამთავრე. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაგის ჩემი ყურადღება არასოდეს აკლდა. ჩემი დედამთილიც სულ მაქებდა, ჩემნაირი რძალი არავის ჰყავსო (იღიმის). სამსახურის დაწყებაზე არც მიფიქრია, ვფიქრობდი, ჯერ ბავშვი წამოიზარდოს, ბაღში შევიყვან და მერე ვიმუშავებ-მეთქი. თან ჩემი ქმარი საშინლად ეჭვიანია და არ ვიცოდი, მუშაობის ნებას დამრთავდა თუ არა.
- რა პროფესიის ხართ?
- იურისტი ვარ. როგორც კი დავამთავრე, საკმაოდ კარგი სამსახური შემომთავაზეს ერთ-ერთ კომპანიაში, მაგრამ ჩემმა ქმარმა უარი მათქმევინა. იქ სულ მამაკაცები მუშაობენ და არ მინდა ჩემი ცოლი მათ გარემოში ტრიალებდესო. მაშინ დავუთმე, ალბათ პატარა ვიყავი და იმიტომ.
- როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, მერე აღარ დაუთმეთ...
- რა თქმა უნდა, როცა გაგი წამოიზარდა და საბავშვო ბაღში შევიყვანე, სახლში ჯდომა მომბეზრდა. დაალაგე, გარეცხე, საჭმელი მოამზადე - ამ ყველაფერს 3-4 საათი სჭირდება, მაგრამ დანარჩენი დრო რა მეკეთებინა, სერიალებს ხომ არ ვუყურებდი?! ამიტომ ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ სამსახურის დაწყება მინდოდა. რატომღაც ისეთი რეაქცია აღარ ჰქონია, როგორც პირველად. სიმართლე გითხრათ, ახლა საერთოდ ნაკლებად აღელვებს მის ცოლს ვინ როგორი თვალით შეხედავს.
- რამე მოხდა?
- საყვარელი ჰყავს და მე არ ვაინტერესებ. იცით, ძალიან ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა, ფუფუნებაში არ უცხოვრია, მერე უცებ იშოვა ფული და შეიცვალა. როცა ცოლად გავყევი, სულ სხვანაირი იყო. როცა გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა, უკვე ვმუშაობდი. რასაკვირველია, ეს ამბავი ჩემთვის შოკი იყო, სწორედ იმ დღეებში გავიგე, რომ ორი თვის ორსული ვიყავი. ბავშვის გაჩენაზე კი არა, ქმართან განქორწინებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. მეგონა, მეორე ბავშვი რომ გაჩნდებოდა, ოჯახისკენ მობრუნდებოდა, მაგრამ შევცდი. მთელი ის თვეები ლაშასთვის არ მითქვამს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალის გამოჩენის შესახებ ვიცოდი. ლიზიკო რომ დაიბადა, ძალიან ბედნიერი იყო, ერთი-ორი კვირა სამსახურიდან პირდაპირ სახლში გამორბოდა, მაგრამ მერე ყველაფერი ისევ ძველებურ რიტმში ჩაჯდა. ჩემი ქმარი გვიან ბრუნდება, რამდენჯე საერთოდ არ მოვიდა. ისეთი სახით მიყურებთ, ალბათ გიკვირთ ამას როგორ ვიტან, ხომ?! მეც ასე მიკვირდა, როცა გავიგებდი, ქმარს საყვარელი ჰყავს, ცოლმა იცის და მაინც ერთად ცხოვრობენო. მეც ასე ვარ, რადგან წასასვლელი არსად მაქვს და არც იმის პირობები, რომ ორი შვილი მარტომ გავზარდო. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ, იმ ხელფასით ვერაფერს გავწვდები. ქმართან ამ საკითხზე ერთი-ორჯერ ვილაპარაკე, მაგრამ მან ყველაფერი უარყო...
- როგორც მივხვდი, ძიძა მეორე ბავშვის აღზრდისას დაგჭირდათ...
- დიახ, უამრავ კერძო კომპანიისა და ინდივიდუალურ განცხადებებს გავეცანი. ორი კვირის განმავლობაში დღეში ოცამდე ძიძას ვიბარებდი და ვესაუბრებოდი, მაგრამ სასურველი კანდიდატურის ამორჩევა მიჭირდა. ბოლოს 45 წლის ქალბატონი შევარჩიე, რომელსაც, როგორც თავად მითხრა, ძიძად მუშაობის 15-წლიანი სტაჟი ჰქონდა. მინდოდა რამენაირად გამეგო იმ ოჯახების მისამართები ან ტელეფონები, სადაც მუშაობდა, მაგრამ სანამ ამაზე ლაპარაკს დავიწყებდი, თვითონ მითხრა, ''ჩემი ბავშვების'' უამრავი ფოტო მქონდა, მაგრამ ერთი წლის წინ სახლი დამეწვა და ყველაფერი ნაცარტუტად მექცაო. მერე თვალზე ცრემლმომდგარი დაღუპულ ქმარზე, საზღვარგარეთ გაქცეულ შვილებზე და ათას გაჭირვებაზე მესაუბრა. ეს მარტოხელა ქალი ისე მომეწონა, მის ''ტრაგიკულ'' ისტორიებზე წამოვეგე და სამუშაოდ მაშინვე ავიყვანე. ის სულ სამი თვე იყო ჩვენთან. ხელფასს იღებდა და თან უამრავ რამეს ვჩუქნიდი.
გაგი უკვე დიდია და იმ ხნის განმავლობაში სულ მეუბნებოდა, დედა, ძიძამ ლიზის უყვირა, საჭმელი არ გვაჭამაო, მაგრამ ბავშვს არ ვუჯერებდი. სახლში დაბრუნებული იმას კი ვატყობდი, რომ ლიზი ნამტირალები და ზედმეტად გაღიზიანებული მხვდებოდა, მაგრამ მეგონა მე ვენატრებოდი და ამიტომ ჭიჭყინებდა. ერთ დილასაც ჩვენი ძიძა აღარ მოვიდა. დავურეკე მობილურზე, სახლშიც, მაგრამ მობილური გათიშული დამხვდა, სახლის ტელეფონზე კი გამუდმებით დაკავება. ამ დროს ჩემმა დედამთილმა დარეკა და ვუთხარი რაც ხდებოდა. მაშინვე მითხრა, გუშინ ჩემმა თანამშრომელმა თავის ძიძაზე ისეთი ამბავი მიამბო, ახლაც შოკში ვარ, ძიძას გაუქურდავს. ეს ჩვენ ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ მაინც მიდი და და შეამოწმე, შენი სამკაულები ადგილზეა თუ არაო. მაშინვე საძინელბელში შევარდი და კარადა გამოვაღე. ის ყუთი, რომელშიც ძვირფასეულობას ვინახავდი, ცარიელი იყო. ეგ კი არა, რაც კი რაიმე ბიჟუტერია მქონდა, ისიც აღარ იდო ადგილზე. რა თქმა უნდა, ძიძამ გამქურდა. ჩემი ქმარი დიდხანს ეძებდა ძიძის გზა-კვალს, მაგრამ ვერაფერს მივაკვლიეთ. არ ვიცი, მე და ჩემი ოჯახი მისი მერამდენე მსხვერპლი ვიყავით...