09 მაისი, 2014
''ქმარმა ბავშვი კალთიდან ამგლიჯა და გადამალა''
ეს ყველაფერი იქით იყოს, არაფერს ვჩივი, ოღონდ შვილი მაპოვნინა ბედისწერის ბევრს სჯერა, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, ვინ როგორ განმარტავს ამ სიტყვას. ქალბატონი ნანი ვერაფერს არქმევს იმ ყველაფერს, რაც მან 62 წლის განმავლობაში გამოიარა. მის ცხოვრებაში ერთ ტრაგედიას მეორე ცვლიდა. გასაკვირია, როგორ გაუძლო ერთმა ადამიანმა ამდენ ტკივილს...

- არ ვიცი, ამას ბედისწერა ჰქვია, თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ უიღბლო ვარ. დედა 21 წლის იყო, ჩემზე მშობიარობას რომ გადაჰყვა. ხუთი წლის შემდეგ მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. ახალგაზრდა
კაცი იყო და ამისთვის ვინ გაკიცხავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი დედინაცვალი ავი ქალი გამოდგა. სანამ მამაჩემს ცოლად გაჰყვებოდა, პირველი ქმრისგან გოგონა ჰყავდა. ყველამ იცის, ზღაპარ ''კონკიაში'' რა დამოკიდებულება აქვს დედინაცვალს თავისი გერის მიმართ. მეც ზუსტად ასე მექცეოდნენ.
ჩემთვის არ არსებობდა მეგობართან წასვლა ან სხვა გასართობი. მამა დილიდან საღამომდე ქარხანაში მუშაობდა და შინ რა ვითარება იყო, არ იცოდა. ჩვენთან ახლოს დედაჩემის დედა, ანუ ბებიაჩემი ცხოვრობდა და ასეთ მდგომარეოაბაში რომ მხედავდა, გული უკვდებოდა. ბოლოს მამაჩემთან მივიდა და უთხრა, ნანის ჩემთან წავიყვან, უკვე ძალიან დავბერდი, მარტო ცხოვრება მიჭირს და დამხმარე მეყოლებაო.
რასაკვირველია, მამას უარი არ უთქვამს და მეც ამოვისუნთქე. ბებიაჩემის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობდი, სწავლასაც ვახერხებდი და მეგობრებთან სიარულსაც. სამწუხაროდ, ბებია ხუთ წელიწადში ხელიდან გამომეცალა. ბოლო სამი თვე ლოგინად ჩავარდა და გვერდიდან ვერ ვშორდებოდი. როცა ბებია დავკრძალეთ, მამამ ისევ თავისთან გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ მე იმ წელს უმაღლესში ჩავაბარე, ბებიას დანატოვარი კარ-მიდამო გავყიდე და თბილიში ბინა ვიქირავე.
პირველივე წელს ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტად დამასახელეს, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ სრულიად უცნობმა მამაკაცმა მომიტაცა. რა თქმა უნდა, მე მასთან დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ მამაჩემმა დამარწმუნა, რომ შინ არ დავბრუნებულიყავი სახელი არ შემერცხვინა. ძალიან მალე დავორსულდი. ქმარმა სწავლის შეწყვეტა მომთხოვა. ვერ შევეწინააღმდეგე. პირველი ბავშვი რომ გამიჩნდა, მეუღლეს მოკრძალებით ვთხოვე, სწავლას გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ მაშინაც უარი მივიღე.
თან ჩემი მეუღლის მშობლები მოხუცებულები იყვნენ და ვერაფრით მეხმარებოდნენ. ორივე ჩემი მოსავლელი გახდა. ერთი მეორის მიყოლებით ლოგინად ჩავარდნენ. ჯერ დედამთილი დაიღუპა და ექვს თვეში მამამთილიც მიჰყვა. ამის შემდეგ მეუღლე ჩემ მიმართ უფრო კატეგორიული და მომთხოვნი გახდა. ის ჩემზე 12 წლით იყო უფროსი და სულ ამბობდა, ვერაფრით გაგზარდე, ჩემს ჭკუაზე ვერ მოგაქციეო.
- მაინც რას გთხოვდათ?
- არ ვიცი, არაფერში ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მაინც არაფერი მოსწონდა. ბავშვთან დამოკიდებულებაშიც მკაცრი იყო. სულ დამრიგებლური ტონით ესაუბრებოდა, გამუდმებით ტუქსავდა. ერთხელ შევბედე, ბიჭია, თავმოყვარეობა აქვს და ნუ დააკომპლექსებ-მეთქი, მაგრამ ისე დამიბრიალა თვალები, რომ მეორედ ხმა ვეღარ ამოვიღე. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ამ ტირანისგან თავი დამეღწია, ბავშვს ხელი მოვკიდე და იმ ბინაში დავბრუნდი, რომელსაც სტუდენტობის დროს ვქირაობდი.
მინდოდა მემუშავა და ბავშვი მარტოს გამეზარდა. რასაკვირველია, ჩემი ქმარი მაშინვე მოვარდა და ჩვენს დაბრუნებას შეეცადა, მაგრამ არ გავყევი. ტანსაცმლის ატელიაში დავიწყე მუშაობა. კერვა ბებიაჩემმა მასწავლა და ეს საქმე კარგად ვიცოდი. ბევრი კლიენტი მყავდა, საკერავი სახლშიც მომქონდა და შინაც ვმუშაობდი. ერთ დღესაც სკოლიდან დამირეკეს. ბავშვს მამამისმა მოაკითხა და წაიყვანაო.
მასწავლებლები გაფრთხილებულები მყავდა, რომ ჩემ გარდა ბავშვი არავისთვის გაეტანებინათ, მაგრამ ეტყობა ვერ შეეწინააღმდეგნენ... იმავე დღეს შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს ყველა საჭირო საბუთი წინასწარ მოუმზადებია, რომ ბავშვი საზღვარგარეთ გაეყვანა. სად წავიდნენ და რომელ ქვეყანაში გადასახლდნენ, დღემდე არ ვიცი.
- და ამ წლების განმავლობაში ბავშვთან კონტაქტის საშუალება არ მოგეცათ?
- არა, შვილი დავკარგე. ვინ არ შევაწუხე, ვის არ მივმართე, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მივაკვლიე. ვერ წარმოიდგენთ, რა ცუდად ვიყავი. სახლში ჩავიკეტე. დროდადრო ჩემი ერთი მეგობარი მაკითხავდა და მაიძულებდა დღეში ორი ლუკმა მაინც მეჭამა. ასე გაიარა ხუთმა წელიწადმა, მერე ნელ-ნელა გონს მოვეგე. ვიფიქრე, რომ სახლში ჯდომით ვერაფერს გავხდებოდი. გადავწყვიტე ვინმე ისეთი პიროვნება მომეძებნა და გამეცნო, ვინც შვილის მოძებნაში დამეხმარებოდა. ერთი ჩემი ახლობელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი იყო.
იმ ოჯახში სიარულს მოვუხშირე, მის ცოლს დავუმეგობრდი და თუ რამის შეკერვა სჭირდებოდა, უსასყიდლოდ ვუკერავდი. იმ ოჯახში შევხვდი ჯაბას, რომელიც იმ დროს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სიმართლე გითხრათ, როგორც კი ეს პიროვნება დავინახე, მაშინვე მომეწონა და სულ დამავიწყდა ის განზრახვა, რისთვისაც მასთან ან მისი პროფესიის სხვა ადამიანთან დაახლოება მსურდა.
დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუკვირდები და ჩვენს ურთიერთბას ვაფასებ, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო. არ ვიცი, მას ჩემში რა მოეწონა, მაგრამ სამ თვეში უკვე სიყვარულს მეფიცებოდა, უჩემოდ ერთი დღეც ვერ ძლებდა. ცოლობა რომ მთხოვა, მაშინ გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაზე ყველაფერი გულახდილად მეთქვა. როცა დაკარგული შვილის ამბავი ვუამბე, მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ შვილი ისევ ჩემ გვერდით ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა, მაგრამ არ დასცალდა.
ხელის მოწერის დღე უკვე დაგეგმილი გვქონდა, როცა ჯაბა მოკლეს. იმ დღეს რაღაც საიდუმლო დავალებაზე გაუშვეს. ზუსტად დღემდე არ ვიცი, რა და როგორ იყო, მაგრამ იმ დღეს სამი პოლიციელი დაიჭრა, ხოლო ერთი დაიღუპა... ჯაბას დაკარგვა ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. ამის შემდეგ კიდევ ორ მამაკაცს შევხვდი, რომლებთანაც ჩემი ცხოვრების დაკავშირება გადავწყვიტე, მაგრამ ერთ მათგანს ფილტვის კიბო აღმოჩნდა და გაცნობიდან ერთ წელიწადში დაიღუპა, ხოლო მეორე სხვა ქალს გაეკიდა და მიმატოვა. სამწუხაროდ, დედმამიშვილი არ მყავს, ერთადერთი ახლობელი მამა მყავდა და ისიც წლების წინ დაიღუპა. დღეს თავს იმ კაპიკებით ვირჩენ, რასაც კერვით ვშოულობ.
ადრე უფრო მეტი შეკვეთა მქონდა, ახლა სულ უფრო ნაკლებია. რასაც გინდა იმას იყიდი მაღაზიაში და ბაზრობაზე. თურმე ტანსცმლის გამოწერა ინტერნეტითაც შეიძლება, ეს ახლა გავიგე. დღეს აღარავის უნდა ჩემი ხელობა. ეს ყველაფერი იქით იყოს, არაფერს ვჩივი, ოღონდ შვილი მაპოვნინა, გულში ჩამახუტებინა და თუ გინდა ხვალვე მოვკვდე. იცით, რა მიკვირს?! ვითომ ჩემს მეუღლეს ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა, მაგრამ ასე როგორ გამწირა, რომ ბავშვი კალთიდან ამაგლიჯა და თან ისე, რომ არც კი ვიცი, სად არის, როგორ არის, რა კაცი დადგა...

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანია
და რატომ ვერ მოზებნიტ მერე ? დადეთ ტქვენი შვილის გვარი და სახელი და მეუღლისაც, მაგის მოზებნა სეიძლება და ამ კაცს ციხე მოელის ბავშვი რომ მოიტაცა! უცხოეტში ასეტებზე ციხეა! და გამოაბუზურებენ იქიდან. დაგეხმარებიტ
02:51 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS