08 მაისი, 2014
''აგვისტოს ომმა ჩემი პირადი ცხოვრება შეცვალა...''
თავიდან არ ვიკარებდი, მაგრამ მერე შეხვედრები დავიწყეთ ახალგაზრდა ქალბატონი ნატალია ჩემი მეგობრის ოჯახში გავიცანი. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და დავახლოვდით. ერთ საღამოსაც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე ვსაუბრობდით, როცა ნატამ თავის პირად ცხოვრებაზე მომითხრო და დიალოგის დაბეჭდვის ნებართვაც მომცა...

- აგვისტოს ომმა ჩემი პირადი ცხოვრება შეცვალა. იმ ზაფხულის გახსენებისას დღემდე გული მიჩქარდება. ომში ჩემი რამდენიმე მეგობარი და ნათესავი იბრძოდა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა კიდეც, დედამისს მის გარდა არავინ გააჩნდა... იმ დროს მე 25 წლის ვიყავი. საქმრო მყავდა,
თემო ერქვა, რომელიც დედაჩემის მეგობრის ოჯახში გავიცანი. თემოს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა, რამდენიმე მაღაზია ქალაქში და ერთიც ბათუმში. მოკლედ, დედაჩემი და მისი დაქალი ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ, როცა თემომ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა. თავიდან არ ვიკარებდი, მაგრამ მერე შეხვედრები დავიწყეთ.
- რით მოგხიბლა?
- ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ საჩუქრებით. უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებამ მაიძულა მეფიქრა, რომ ის კაცი მიყვარდა. ''მეშჩანკა'' არ გეგონო, მაშინ თუ არ მიცნობდი, ახლა კარგად მიცნობ და იცი, რომ ანგარებიანი არ ვარ. მიმაჩნია, რომ ფუფუნება სულაც არაა საჭირო ბედნიერებისთვის.
- მაგრამ შენ თემოსთან ოჯახის შექმნაზე მაინც ფიქრობდი...
- ჰო, მაგრამ ორი წელი როგორღაც გავაჭიანურე. თითქოს ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი მინდოდა თუ არა მისი ცოლობა. საბედნიეროდ, კარგად დავინახე მისი ნამდვილი სახე, თორემ დღეს ალბათ მისი ცოლი ვიქნებოდი.
- ასეთი რა მოხდა?
- ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ სირცხვილით მოვკვდი. თემომ მეგობრის ქორწილში წამიყვანა. საგანგებოდ გამომპრანჭა იმ დღისთვის, მითხრა, რომ უნდოდა ჩემით ეამაყა. დარბაზში თხუთმეტამდე მაგიდა იდგა, თითო ათ-თორმეტ კაცზე იყო გაშლილი. ჩვენ იმას მივუსხედით, რომელიც მოსაწვევზე იყო მითითებული. მაგიდა თემოს თანამშრომლებით შეივსო. სიძე-პატარძალს ჯვრისწერიდან მოსვლა აგვიანდებოდათ. ამასობაში ჩემმა სუფრის წევრებმა დრო იხელთეს და გვერდითა მაგიდებიდან დელიკატესების გადმოლაგება დაიწყეს!
- კი მაგრამ, თქვენ სუფრაზე იგივე მენიუ არ იდო?
- რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ჩვენს სუფრაზე ხიზილალით სავსე ხუთი თეფში იდო, ათი არ ჯობდა?! ჰოდა, გარშემო ყველა სუფრიდან გადმოილაგეს სხვადასხვა საჭმელი.
- ამ ''საქმეში'' თემოც მონაწილეობდა?
- არა, შორიდან უყურებდა მეგობრებს და დირექტივებს აძლევდა. გეფიცები, ისე შემცხვა, წამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ ამ დროს ნეფე-დედოფალი შემოვიდა და... უნდა გენახათ რამდენიმე წუთში ჩვენ სუფრაზე რა ჭამა-სმა აიწია, დამშეულებივით შეესივნენ საჭმელს. ორი კვირა რომ აშიმშილო ადამიანი, ეგრე არ მოიქცევა, არადა ეს ''სასტავი'' ყოველდღე სხვადასხვა რესტორანში დადიოდა, ნაირ-ნაირ კერძს მიირთმევდნენ და რა უნდა გაჰკვირვებოდათ?!
- ამ დღის შემდეგ დაშორდით?
- არა, აგვისტოს ომის დროს. როგორც ვთქვი, ბევრი ჩემი ახლობელი ომში იბრძოდა. უზომოდ ვნერვიულობდი, გაღიზიანებული ვიყავი, თემო კი მხოლოდ თავის ბიზნესზე ფიქრობდა. ახლობლის დახმარებით მთელი ფული ბანკიდან გამოიტანა და მგონი საწოლშიც იმ ფულთან ერთად იძინებდა. ერთხელ მასთან მივედი, ტელევიზორის წინ იჯდა და ბურტყუნებდა, ომი დროზე თუ არ დამთავრდა, გავკოტრდებიო. ისეთი უსუსური მეჩვენა, ისეთი არამამაკაცური, მივხვდი, რომ კი არ მიყვარდა, მეზიზღებოდა. სახლში დავბრუნდი. იმავე საღამოს გამომიარა, გავისეირნოთო. მანქანით დავდიოდით ქუჩებში და ხალხის ''წაშლილ'', სასოწარკვეთილ სახეებს ვუყურებდი. ამ დროს ერთ-ერთმა ძმაკაცმა დაურეკა, ამა და ამ რესტორანში ვარ და შემოიარეო. ვიფიქრე, რაღაც სამსახურის საქმეზე უნდა შეხვდნენ-მეთქი, მაგრამ როცა იქ მივედით, მის მეგობრებს უზარმაზარი სუფრა ჰქონდათ გაშლილი.
სიყვარულის, მეგობრობისა და საქართველოს სადღეგრძელოებს სვამდნენ, როცა სულ რამდენიმე კილომეტრში მათ მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს რუსები ბომბებს უშენდნენ! მერე სუფრის წევრები თეფშებზე იხვავებდნენ მწვადს, ქაბაბს, ხინკალს და მადიანად ილუკმებოდნენ. მხოლოდ ერთი საათი გავუძელი ამ სანახაობას, მერე თემოს ვუთხარი, ცუდად ვარ, სახლში წამიყვანე-მეთქი და ისიც ბუზღუნ-ბუზღუნით დამყვა. ჩემი საქმრო იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. მისთვის არაფერი ამიხსნია, უბრალოდ ვუთხარი, რომ არ მიყვარდა და ცოლად ვერ გავყვებოდი. არადა, გეგმის მიხედვით, ხელი შემოდგომაზე უნდა მოგვეწერა. დედაჩემი და დედას დაქალი, სადედამთილო თუ სხვები დაშორების მიზეზს ვერ მიხვდნენ, მათთან სერიოზული უთანხმოება მომივიდა, მაგრამ დრო გავიდა და ჩემები შემირიგდნენ. თუმცა სადედამთილო დღესაც ''უმადურ კახპას'' მეძახის. ვერაფრით ვერ გაიგო, რატომ ვთქვი უარი მის ღორ შვილზე.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS