დალი:
- ჩემი ვაჟიშვილი თბილისში საცხოვრებლად სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოვიდა. გლდანის დასახლებაში ჩემი მშობლების დანატოვარი ერთოთახიანი ბინა მქონდა. ლაშამ სასოფლოში
- რა იყო ამის მიზეზი?
- ძველ მეგობრებს აღარ ეკონტაქტებოდა, თითქოს თავის თავში ჩაიკეტა, დაძაბული და აგრესიული გახდა. ვეცადე მიზეზი გამეგო, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდოდა. ბოლოს მისი ჯგუფელისგან გავიგე (იმ ბიჭისგან, რომელიც ლაშასთან ერთად ცხოვრობდა), რომ ვიღაც ქალს ხვდებოდა. ისიც გავარკვიე, რომ მისი ახალი გატაცება გათხოვილი იყო, ქმარი კი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. საშინელ დღეში ჩავვარდი. შეყვარებული იყო. 22 წლის ასაკში ყველაზე მეტად აკრძალული ურთიერთობები მოსწონთ. მისთვის ამ ქალთან შეხვედრები იმის დადასტურება იყო, რომ არაფრის ეშინოდა, მაგრამ იმაზე არ ფიქრობდა, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ამ ქალის ქმარი მკვლელი იყო. ვის აპატიებდა ოჯახის შეურაცხყოფასა და ღალატს.
- ამ საკითხზე ლაშას დაელაპარაკეთ?
- თავიდან ყველაფერი უარყო. მითხრა, არავითარი ქალი არ არსებობს, მე ისევ ჩემს შეყვარებულს ვხვდები და მალე ვიქორწინებთო. თავის მოტყუებას აზრი არ ჰქონდა. იმ გოგონას ნომერი გავიგე და საიდუმლოდ დავრეკე. ნათიამ ტირილი დაიწყო. ლაშამ ისე მიმატოვა, მიზეზიც არ აუხსნიაო. მეორე დღეს ჩემს შვილს ისევ დაველაპარაკე. დავემუქრე, თუ სიმართლეს არ მეტყვი, მამაშენი ჩამოვა და პასუხი მას გაეცი-მეთქი, მაშინ მომახალა: ლიზა მიყვარს მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, თუ დამთანხმდება, ცოლად შევირთავ, მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ეს და ვინ წინააღმდეგიაო. ჩვენი საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლაშამ შინ მოსვლა დაიგვიანა. ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა საავადმყოფოდან დამირეკეს, თქვენი შვილი მძიმედ არის მოდითო. სახე ისეთი დასიებული ჰქონდა, თვალები აღარ ემჩნეოდა. პირიდან სისხლი მოსდიოდა, ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ლაშა სიკვდილს გადაურჩებოდა. იმ ღამეს ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. მათ ჩემს შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. საავადმყოფოში პოლიციაც მოვიდა. უნდოდათ გაერკვიათ, ვინ სცემა ასე უმოწყალოდ, მაგრამ ლაშამ სიტყვაც არ დაძრა. რაღაც სისულელეს იმეორებდა. კიბეებზე დავგორდი და დავშავდიო.
- თქვენი აზრით, მას საყვარლის ქმრის დავალებით გაუსწორდნენ?
- სხვას რა ინტერესი უნდა ჰქონოდა. ლაშა ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი იყო, არავის არაფერს უშავებდა. როცა საავადმყოფოდან გამოვიყვანეთ, იმ დღესვე უცნობი ქალი შინ გვესტუმრა. ის ადრე არასოდეს მინახავს, მაგრამ ლაშას თავს დასტრიალებდა, კოცნიდა და თანაც ისეთი შეწუხებული იყო, დავრწმუნდი, სწორედ ის გახლდათ მკვლელის ცოლი და ლაშას ცემის მიზეზიც. ლამაზი ქალი იყო. ლაშა რაში სჭირდებოდა, არ ვიცი. მას ხომ შეეძლო, მდიდარი და გავლენიანი მეგობარი მოეძებნა, ისეთი, საკუთარი თავის დაცვაც რომ შეძლებოდა და საყვარლისაც. სანამ ლაშამ ფეხზე დადგომა მოახერხა, გვერდიდან არ მოშორებია. რამდენიმე ღამე ჩვენთან დარჩა, თან მთხოვდა, ცუდად არ გამიგოთ, ამას სიყვარულის გამო ვაკეთებთ, თუ ვინმე ჩემსავით ძლიერად გყვარებიათ, აუცილებლად გამიგებთო. იმ უბედურმა მეც დამღუპა და საკუთარი თავიც.
- იქნებ მართლა ჯობდა ექორწინათ, მისი ყოფილი ქმარი ამ ფაქტს უფრო ადვილად შეეგუებოდა.
- როგორც ვიცი, თვითონ ლიზა არ თანხმდებოდა. ალბათ ბავშვის ერიდებოდა. მოზარდები დედის გათხოვებას მტკივნეულად აღიქვავენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ლიზას ქმარი ეზიზღებოდა. 15 წლის ყოფილა, როცა ციხიდან ახლად გამოსულმა, თავზეხელაღებულმა ბიჭმა მოიტაცა. კრიმინალი გრძნობდა, რომ ცოლს არ უყვარდა, ამიტომ სადისტურად ექცეოდა. როცა ბავშვი ეყოლათ, მისი ქმარი მალევე დააპატიმრეს. ამის შემდეგ ლაშას შეხვდა და...
- ეს თვითონ მოგიყვათ?
- კი, საუბრისთვის ბევრი დრო გვქონდა. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ცხოვრება აერია. ლაშა ჯერ ისევ სუსტად იყო, როცა ნაცნობმა დაურეკა და უთხრა, ლიზა გარდაიცვალაო. ჩემი შვილი კომაში ჩავარდა. გონება დაკარგა, გაშავდა, სასწრაფო გამოვიძახეთ. ლაშა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმმა მირჩია, ის ღამე იქ დამეტოვებინა, რა ვიცოდი, რომ შუაღამისას გაქცევას გადაწყვეტდა. როგორც ჩანს, იცოდა, ვის მოაკვლევინა ცოლი პატიმარმა და სამაგიეროს გადასახდელად მიაკითხა. მას შემდეგ ლაშა აღარავის უნახავს...
- იქნებ მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო და დაიმალა?
- მას შემდეგ ხუთ წელზე მეტი გავიდა. ჩუმად ერთხელ მაინც ხომ უნდა შეხმიანებოდა, თანაც ჩემს შვილს კარგად ვიცნობ. მას შეეძლო ლომის ხახაში თავი ჩაეყო, მაგრამ დამალვას ვერ მოახერხებდა...
მკითხველის ისტორია