- თბილისში რაიონიდან რომ ჩამოვედი, სიმპათიური, განათლებული სასიძო ვიყავი, მაგრამ ერთი გამოსაცვლელი შარვლის
- რაიონში დაბრუნებულიყავით...
- ჩემი მშობლები თერჯოლაში ცხოვრობენ. ორსართულიანი სახლი აქვთ, მაგრამ რად გინდა, ჩემ გარდა კიდევ ოთხი ვაჟიშვილი ჰყავთ. ოთხივემ სკოლა დაამთავრა თუ არა, იქორწინეს. ერთ შვილს მეორე მიჰყვა, მეორეს - მესამე, მეოთხე, მეათე... სახლი კი არა საბავშვო ბაღია. წარმოიდგინეთ, მეც ჩემი ცოლ-შვილით მათ რომ მივმატებოდი. მადონაზე არჩევანი სწორედ ამიტომ შევაჩერე. წესიერი გოგონა იყო, კარგი ოჯახი ჰქონდა, შეძლებული. ის მალე ჩემი მეუღლე გახდა. თუმცა, როგორც ყველას, მასაც ერთი ნაკლი ჰქონდა, ეს ''ნაკლი'' დედამისი იყო.
- უფრო კონკრეტულად?
- ქალბატონი მაია ადრე დაქვრივდა. მემკვიდრეობად ქმრის ქონება და ერთი ქალიშვილი დარჩა. როგორც მერე გავიგე, რამდენიმე წელი უგლოვია კიდეც გარდაცვლილი მეუღლე, მაგრამ მერე ერთიანად აიშვა და მანქანიდან მანქანაში გადადიოდა. როცა მადონა შევირთე ცოლად, ის ჯერ კიდევ ოცდათვრამეტი წლის იყო, ძველი ხიბლიც შენარჩუნებული ჰქონდა, თან ისე იცვამდა და იპრანჭებოდა, ბევრ კაცს დააშტერებდა. მადონა ათას ტყუილს იგონებდა, რომ დედის აქეთ-იქით სეირნობა გაემართლებინა. ხშირად ღამე შინ არ ბრუნდებოდა. მეუღლე მეუბნებოდა, ერთი კაცის ყოლის უფლება ყველას აქვსო, მაგრამ არა მგონია, ქალბატონ მაიას ერთი ეკმარა. ასე იყო თუ ისე, შევეგუე მასთან ერთჭერქვეშ რომ უნდა მეცხოვრა. ბოლოს და ბოლოს, თავისი ქალიშვილი სიგიჟემდე უყვარდა, ყველაფერს აკეთებდა მისი ბედნიერებისთვის და ეკონომიკურადაც უზრუნველყოფილები ვიყავით.
- როდის გაჩნდა ამ იდილიაში დისონანსი?
- იმ დღის გახსენებაც არ მინდა. ბოლო პერიოდი აღტაცებული დადიოდა, შინ საჩუქრებით ბრუნდებოდა, კაბა დაიგრძელა და თვალებში ბედნიერი სხივი ჩაუდგა. კაცის თვალს რა გამოეპარება, მაშინვე მივხვდი, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა. დიდხანს მარჩიელობა არც დამჭირვებია. ერთ საღამოს ყვავილებით ხელში ვიღაც მამაკაცი მოგვადგა. როგორც კაცს, კაცურად დამელაპარაკა და სიდედრის ხელი მთხოვა.
- ეს თქვენთვის შვება არ იყო, თუ მაიას ხელფასის დაკარგვა არ გინდოდათ?
- ხელფასის, თქვენ რა გგონიათ, იმ ბებერს რამე ებადა და მაიას თავისთან წაიყვანდა? იმავე საღამოს დედამისმა მადონას უთხრა, ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე, ახლა ყველა ერთად ვიცხოვრებთო. მადონამ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაია კატეგორიული იყო. რა, შენ თუ გინდოდა ქმრის სახლში მოყვანა, იმავეს გაკეთებას მე რატომ მიშლიო. წარმოგიდგენიათ, მაია 24 წლის დაქვრივდა, ლამაზი, მდიდარი და ერთი მამაკაცი არ გამოჩნდა, რომელიც მის ცოლად შერთვას მოინდომებდა. ის ბებერი ჩემს დასაქცევად საიდან გამოჩხრიკა, არ ვიცი.
- საქართველოში უყვართ დიდი ოჯახები...
- კი, მაგრამ შვილი რომ გაეჩინათ... ერთი საშუალოზე ნაკლები გარეგნობის უქონელი ცოლი ხომ შემრჩებოდა ხელში.
- ''სამანიშვილის დედინაცვალი'' მახსენდება...
- თქვენ ხუმრობთ და ხელის მოწერაზე რომ მიდგა საქმე, დანა პირს არ მიხსნიდა. იმავე საღამოს გადმოგვიბარგდა შინ სიმამრნაცვალი. ხალათით, ფუმფულა ფაჩუჩებით, ყალიონით დააბიჯებდა ოთახიდან ოთახში და განკარგულებებს იძლეოდა. მაია ყველაფერზე კვერს უკრავდა, თვალებში შესციცინებდა. როცა ბებერი უხასიათოდ იყო, ჩვენს შვილს თამაშის უფლებასაც არ აძლევდა. ამის გამო სიდედრთან კამათი მომიხდა, ვუთხარი, თუ ზედმეტები ვართ, წავალთ-თქო. იცით, რა მიპასუხა? ჩემთვის მთავარი ქალური ბედნიერებაა, არავის მივცემ უფლებას, ძლივს ნაპოვნი სიყვარული დამაკარგვინოსო.
- ამის შემდეგ მაინც არ გადახვედით ქირით?
- უმუშევარი ვიყავი და როგორ? ბებერი იტყოდა - ავდექით, ჩვენც ვიღვიძებდით, იტყოდა - მეძინება, ყველა ფეხაკრეფით დავდიოდით. თითქმის ორი წელი ამ წნეხის ქვეშ ვიცხოვრე. ბოლოს მივხვდი, რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. სმაც კი დავიწყე. მივხვდი, რომ სიდედრის გათხოვებამ გამალოთა. ერთ დღეს, მთვრალი, ჩემი ბავშვობის მეგობარს გადავეყარე. დავსხედით, ვილაპარაკეთ. ნასვამი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ ვერ მოვუყვებოდი ჩემს გასაჭირს. მეგობარმა ჯერ ბევრი იხალისა, რომ მიხვდა მისი სიცილი უარესად მაცოფებდა, დამამშვიდა და ჩაფიქრდა. ის ბიჭი რომ არ შემხვედროდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. გამოსავალი მაპოვნინა.
- რა გამოსავალი?
- სუსტი წერტილი ყველა ქალს აქვს, მით უმეტეს, ყოფილ მეძავს. ერთი-ორჯერ ბანკში შეიარა, ვითომ შემთხვევით გამოელაპარაკა, ჯერ ქათინაურებით შეამკო, მერე უთხრა, რომ რაც ცოლი გარდაეცვალა, სწორედ მაიასნაირ ქალზე დაქორწინებაზე ოცნებობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გული უკვე სხვას ეკუთვნოდა. ჩემი სიდედრი ჯერ თავს იკავებდა, მაგრამ ახალგაზრდა, სიმპათიური და მდიდარი მამაკაცი არ ეშვებოდა. მანქანით აკითხავდა, მისგან ყურადღებას ითხოვდა. როცა მაია პირველად ყავის დასალევად გაჰყვა, უკვე ''შებმული'' იყო. შინ ბედნიერი ბრუნდებოდა, ბებერი კი ისევ ფაჩუჩებით დადიოდა და ზედამხედველივით გვიბრიალებდა თვალებს. ისე ტკბებოდა საკუთარი წარმატებით, ვერც კი შენიშნა, როგორ კარგავდა ცოლის სიყვარულს. ჩემს მეგობარს ორი თვე დასჭირდა მაიას ქმარი ჩემოდანზე რომ შეესვა და ჩემთვის დაკარგული სამოთხე დაებრუნებინა.
- განქორწინდნენ?
- კი, იმის იმედით, რომ ნამდვილი ოცნების მამაკაცი იპოვა. თავგზააბნეულმა გვიან გაარკვია, რომ ქმარიც დაკარგა და არც ჩემი მეგობარი აპირებდა მის ცოლად მოყვანას. თუმცა დიდად არც უნერვიულია. მაია თავისუფლების მოყვარული ქალია, იმედი მაქვს, ამას გააცნობიერებს და კიდევ ერთი ქორწინება აზრად აღარ მოუვა.
მკითხველის ისტორია