- უკაცრავად, მაგრამ მეუღლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასე მხიარულად რატომ ლაპარაკობთ?
- ქმარი გამიგიჟდა და
- რა გახდა ამის მიზეზი?
- კაზინოში დიდი თანხა წააგო, მანქანა გაყიდა, მშობლების დანატოვარი ბინაც მიაყიდა და ეს ფულიც ქარს გაატანა.
- დიდი ხანია თამაშობს?
- თურმე დიდი ხანია, მაგრამ მე ეს გვიან გავიგე. დათო ჩემი მეორე ქმარია. პირველი მაშინ დამეღუპა, როცა ჩემი გოგონები პატარები იყვნენ. ყველა ქალს ვუსურვებ ისეთ კაცს გვერდით, როგორიც ჩემი თემიკო იყო. მას ბავშვობიდან ვიცნობდი. ერთ ეზოში გავიზადეთ, ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემნაირ გოგონას შეხედავდა. თემიკო მაღალი, მხარბეჭიანი, ლამაზი ბიჭი იყო. მარტო მე კი არა, მთელი უბნის გოგონებს მოსწონდათ. ურეკავდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ, ის კი ყველას ზრდილობიანად იშორებდა. 17 წლის ვიყავი, სადარბაზოსთან რომ დამხვდა და მითხრა, უნდა გელაპარაკოო. იმ დღეს მითხრა, რომ მოვწონდი... 19 წლის გავთხოვდი და თემიკოს გვერდით 7 ულამაზესი წელი გავატარე. ის ავარიაში დაიღუპა. მანქანაში 5 ისხდნენ. მეგობრის აგარაკიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. მცხეთის გზაზე მანქანა მოუცურდათ და... თემიკოს გარდა ყველა გადარჩა. ჩემმა ქმარმა საფეთქელი დაარტყა და იქვე დალია სული.
- მეორედ როდის გათხოვდით?
- დათოს თემიკოს გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გავყევი ცოლად. როგორც გითხარით, სამი ქალიშვილი დამრჩა. მათ გაზრდაში ჩემი ოჯახი მეხმარებოდა. გათხოვებაზე სულ არ ვფიქრობდი, თემიკოს ხსოვნას როგორ ვუღალატო-მეთქი, მაგრამ დათო ისე შემიჩნდა, დღე და ღამე მოსვენებას არ მაძლევდა. საკუთარი შვილებივით გავზრდი შენს ქალიშვილებს, ოღონდ ჩემი ცოლი გახდიო. მე შტერმაც ვიფიქრე, ოჯახში კაცი სულ სხვაა, გოგონები არიან და შეიძლება ამ ცხოვრებაში ათას უბედურებას გადაეყარონ, გვერდით რომ კაცი მეყოლება, მათ მოვლაში დამეხმარება-მეთქი. გეფიცებით, ეს ნაბიჯი ისე გადავდგი, საკუთარ თავზე საერთოდ არ მიფიქრია.
- დათო არ გიყვარდათ?
- თემიკოს შემდეგ როგორ შეიძლება ვინმე შემყვარებოდა?! დათო კი არა, ალენ დელონი რომ მოგეყვანათ, იმასაც უარს ვეტყოდი!
- დაქორწინებამდე რა ურთიერთობა გქონდათ?
- დათო მეგობრის ქორწილში, სუფრასთან გავიცანი. იქ მთელი ოჯახი ვიყავით, ანუ მე და ჩემი სამივე ქალიშვილი. თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩვენ მიმართ. გოგონებს და მე თავს გვევლებოდა, აბა, რა მოგაწოდოთ, რა სიმღერა შევუკვეთო, იცეკვებთ, არ იცეკვებთ, მოკლედ, ზედ გადაგვყვა. ბოლოს სახლამდეც თავისი მანქანით წამოგვიყვანა და რომ დაგვემშვიდობა, მითხრა, ულამაზესი ქალბატონი ბრძანდებით და ასეთივე შვილები გყავთო. მეორედაც ჩვენს საერთო მეგობართან შევხვდი. ნათია და მისი მეუღლე ახალ ბინაში გადასვლას აღნიშნავდნენ. მე მარტო წავედი და იქ ვნახე დათოც. იმ საღამოს სახლამდე მომაცილა მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც პირველად მნახა, სულ ჩემზე ფიქრობდა. ვერ ვიტყვი, რომ დათო მაშინ გულწრფელი არ იყო, ან არ ვუყვარდი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემს ქონებაზე ნადირობდა, მე უბედურს რა მებადა, რომ ვინმე შეშლილიყო, მაგრამ მან ჩემთან ურთიერთობა საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად და საკუთარი იმიჯისთვის გამოიყენა.
- ამბობთ, რომ უყვარდით, მაგრამ ანგარებაც ამოძრავებდა?
- კი, ასეა. დათო გასაცოდავებული დედ-მამის ერთადერთი შვილი იყო. მისი ოჯახი ლუკმაპურს ძლივს შოულობდა. მშობლები თითქმის ერთდროულად გარდაეცვალნენ, დათო მაშინ 20 წლის იყო. არ ვიცი, როგორ და რა გზით გაჰქონდა თავი. მერე საიდანღაც დიდი ფული იშოვა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მარტო ფული არ იყო საჭირო თავის დასამკვიდრებლად. მომძებნა მე, ვისაც ჩემი ოჯახის წყალობით კარგი და პატივსაცემი საზოგადოება მეხვია გარს. ჰოდა, იფიქრა, ავშენდიო და... არა, ვერ ვიტყვი, რომ არ ვუყვარვარ, ჯერ მარტო იმიტომ, რასაც ჩემგან იტანს. ისეთ სიტყვებს ვეუბნები, ნორმალური კაცი ვერ აიტანდა.
- როგორც მითხარით, მან საკუთარი ბინაც გაყიდა. ალბათ წასასვლელი არსად აქვს და ესეც არის მიზეზი...
- ჰო, ეგეც მართალია... ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა ნახა კაზინოში, თორემ მანამდე არაფერი ვიცოდი. გუშინ შენი ქმარი კაზინოში ვნახე, ძალიან დამწყდა გული, 5 ათასი წააგოო, - მითხრა იმ კაცმა. სახლში რომ მივვარდი, ისე ვიჩხუბეთ, რომ თეფშიც კი ვესროლე. ასცდა, თორემ ნამდვილად მოვკლავდი. ბოლო ხმაზე გავკიოდი, მე დღე და ღამე ვირივით ვმუშაობ და შენ ჩემს ფულს ასე როგორ ანიავებ-მეთქი.
- თავად არ მუშაობდა?
- მეგობრებთან ერთად რაღაც ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ მათი ფირმა მალე გაკოტრდა. თავიდან იმ ფულით თამაშობდა, მაგრამ მერე ჩემს ფულს მიადგა. სახლში გარკვეული თანხა ყოველთვის მქონდა. ერთი პერიოდი ახალი ავეჯისთვის ვაგროვებდი ფულს და ერთ დღესაც, რომ მივედი და ვნახე, სად იყო ჩემი ფული?! არც კი მიკითხავს, ფული სად გაქრა-მეთქი, მივვარდი და ჩემს გოგონებს რომ არ გავეშველებინეთ, ალბათ მოვკლავდი იმ უბედურს!
- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მე ვმუშაობ, ის კი მთელი დღეები სახლში ზის. სამზარეულო-ტუალეტი, სამზარეულო-ტუალეტი, ეგ არის მთელი მისი ცხოვრება. მეგობარი მაგას არ კითხულობს და ნათესავი. სახლიდან ცხვირს გარეთ არ ყოფს და დილიდან საღამომდე ტელევიზორს უყურებს. ამას წინათ, დავბრუნდი სახლში და რას ვხედავ?! დამჯდარა მაგიდასთნ, ყავას მიირთმევს, ტელევიზორს უყურებს და... თავი კვერცხის გულის ფერი აქვს.
- პარიკი ეფარა?
- არა, რა პარიკი, თმა შეუღებია. წარმოგიდგენიათ?! ისე გააფრინა საწყალმა, რომ თმა შეიღება. ეს რა გიქნია, ორიენტაცია ხომ არ შეიცვალე-მეთქი?! ერთი გამომხედა და მითხრა, რა გინდა, მე მომწონს, რა, არ მიხდებაო (იცინის). ახლა რომ ვლაპარაკობ, გულწრფელად მეცოდება. მე ვიკითხო უბედურმა, მთელი ცხოვრება მის ატანა რომ მომიწევს, მაგრამ თავს ვიმშვიდებ. ვცდილობ აღარ ვინერვიულო. იყოს, ეგდოს, ვითომ ძაღლია და ერთ ლუკმას სამადლოდ მივუგდებ!..
მკითხველის ისტორია