- 15 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა ბიჭი. ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და ერთ-ერთ კერძო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. ფული, გარეგნობა, განათლება - არაფერი აკლდა, ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მეჩვენებოდა. მას
- 15 წლის ასაკში მშობლები ამის უფლებას როგორ გაძლევდნენ?
- მამაჩემი საფრანგეთშია სამუშაოდ. დედა კი უკომპლექსო ქალია. თანაც ჩემი იმედი ჰქონდა, ეგონა, რომ მისი ნებართვის გარეშე სერიოზულ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ის ალბათ ჩემს გათხოვებას გულისხმობდა, მე კი სულ სხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი.
როცა ბაჩოს ჩემი კლასელი და მეგობარი გავაცანი, აღფრთოვანდა. მითხრა, ასეთი გოგონები მარტო არ უნდა დადიოდნენო და მეორე დღისთვის ორივე რესტორანში დაგვპატიჟა. ბაჩოს ძმაკაცი ახლდა, რომელთან ერთადაც ის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. ამის შემდეგ დისკოთეკებზე, ღამის ბარებში, პაემნებზეც კი ერთად დავდიოდით. ჩვენს ურთიერთობას ნელ-ნელა ინტიმური ელემენტები შეემატა და მალე მე და თინიკო ყველაფრისთვის მზად ვიყავით, ოღონდაც კი შეყვარებულები არ დაგვეკარგა.
მე აგვისტოში ვარ დაბადებული. როცა 16 წელი შემისრულდა, მეორე დღეს ბაჩო და მირიანი ბათუმში გაემგზავრნენ. ცოტა ხანში ჩვენც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ იქ გერმანელი რეჟისორი გაიცნეს, რომელიც ფილმს იღებდა და სასინჯი გადაღებებისთვის ორივე ბათუმში უნდა ჩავსულიყავით. ჩვენს ასაკში ასიდან ოთხმოცდაათს მაინც უოცნებია კინოში გადაღებაზე. არც მე და ჩემი მეგობარი ვყოფილვართ გამონაკლისი. მშობლებიც დავარწმუნეთ, რომ ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა და ბათუმში გავემგზავრეთ.
- გერმანელი რეჟისორი გაიცანით?
- თეთრწვერა მამაკაცს შეგვახვედრეს, თუმცა რაზე ლაპარაკობდნენ, არ გვესმოდა. მე და თინიკომ გერმანული არ ვიცოდით, ბაჩო გვითარგმნიდა. როცა ჩვენი შეყვარებულები უცხოელს დაემშვიდობნენ, ოთხივე სასტუმროს ნომრისკენ გავემართეთ, ''წვრილმანები'' იქ უნდა შეგვეთანხმებინა. სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ ფილმი თურმე ეროტიკული ხასიათის იყო და რამდენიმე დღის შემდეგ დანიშნულ სასინჯ გადაღებებში პოზირება დედიშობილა მოგვიწევდა.
- დათანხმდით?
- ძალიან შეგვეშინდა, თანაც მივხვდით, რომ ბაჩოსა და მის მეგობარს არ ვუყვარდით, ჩვენით ფულის გაკეთება უნდოდათ და სხვა არაფერი.
- თქვენ თანხა არ შემოგთავაზეს?
- 2000 დოლარი, თან იმასაც შეგვპირდნენ, რომ გაშიშვლება მხოლოდ ერთ ეპიზოდში დაგვჭირდებოდა. ბაჩო მიმტკიცებდა, ლამაზი ქალის სხეული ხელოვნების ნიმუშია, თუ მსახიობობა, პოპულარობა გინდა, რისკიანი ნაბიჯების არ უნდა შეგეშინდესო. ხომ იცით, ენას რამხელა ძალა აქვს.
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი, დედაჩემთან დარეკვა მოვინდომე, მაგრამ ბაჩომ აქაც თავისი პირობები წამოაყენა. - არჩევანი თავად უნდა გააკეთო, ეს შენი ცხოვრებაა და მშობლებს უფლებას ნუ მისცემ, პოპულარობა დაგაკარგვინონ, ფილმი უცხოეთში გავა და თუ სხვა რეჟისორებიც დაინტერესდებიან, იქნებ ჰოლივუდშიც მოხვდეთო. დღეს, როცა ბაჩოს სიტყვები მახსენდება, ვხვდები, რომ ერთი გაქნილი და გაიძვერა, უნამუსო ბიჭის ნაბოდვარი იყო, მაგრამ სულელი ვიყავი, მიყვარდა და დავუჯერე.
- ასეა თუ ისე, გადაწყვეტილება თავად მიიღეთ?
- კი, თინიკოც გადმოვიბირე, რადგან ის ჩემზე მეტად ორჭოფობდა. ოთხი დღის შემდეგ გადაღება დაინიშნა. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში უნდა გვეთამაშა. გადაღება ვიღაც მოხელის ვილაში დაიგეგმა. მოგვცეს სცენარი, რა უნდა გაგვეკეთებინა და ოთახში მხოლოდ ოპერატორი და ბაჩო დარჩნენ. რაც შეეხება გერმანელ რეჟისორს, ის იმ დღეს საერთოდ არ გამოჩენილა. როცა მე და თინიკომ მის შესახებ ვიკითხეთ, დაგვამშვიდეს, ორი დღით უცხოეთში მოუწია გამგზავრება, როცა ჩამოვა, გადაღებულ მასალას ვაჩვენებთო.
ჩვენთვის მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა არ მოუთხოვიათ, მაგრამ ისეთი საზიზღრობების გაკეთებას გვავალებდნენ, ყოველი დუბლის წინ ვტიროდით. ბაჩო და მირიანი გვამშვიდებდნენ, თანხის ნაწილიც წინასწარ გადაგვიხადეს. მოკლედ, წვრილმანებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, მით უმეტეს, არც ჩემთვისაა სასიამოვნო გასახსენებელი... ბათუმიდან ორი კვირის შემდეგ წამოვედით, გვითხრეს, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. არანაირი სიუჟეტი, განცდები, ურთიერთობები, მხოლოდ სიშიშვლე. აქედან ფილმი არ გამოვიდოდა, ეს უკვე ცხადი იყო, მაგრამ ვისთვის შეგვეჩივლა?
- ეს მასალა რაში გამოიყენეს?
- მასალა ისე დამონტაჟდა, სახეები ფაქტობრივად არ ირჩეოდა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ კომპიუტერში ნაკვთები შეცვალეს და ინტერნეტში პორნოსაიტზე განათავსეს.
- თქვენი ნებართვის გარეშე?
- ამის ნებართვა ნამდვილად არ მიგვიცია. როცა ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიგე, ლამის ენა ჩამივარდა. იმის წარმოდგენაც კი მაგიჟებს, რომ ყოველდღიურად ათასობით ავადმყოფი მამაკაცი ჩვენს სხეულს მისჩერებია.
- ბაჩოსა და მირიანის სიყვარული?
- ამ თემაზე ლაპარაკიც აღარ მსურს. მე და თინიკომ გადავწყვიტეთ, სასამართლოში სარჩელი შეგვეტანა, მაგრამ ამას თანხა სჭირდებოდა, თან ყველა გაიგებდა, როგორ სულელურად გამოგვიჭირეს და გამოგვიყენეს. არასრულწლოვნების მოტყუებისა და პორნოფილმებში გადაღებისთვის იმ ნაძირლებს ციხე არ ასცდებოდათ, მაგრამ ისევ გაჩუმება ვარჩიეთ. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ოთხი თვის შემდეგ ''თაყვანისმცემლებმა'' ისევ მოგვაკითხეს და უფრო დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ ახალი ''ფილმი'' შემოგვთავაზეს. როგორც ჩანს, სარფიანი ბიზნესი გამოდგა.
- არ მითხრათ, რომ ისევ დათანხმდით...
- ხუმრობთ? მათი ხსენებაც აღარ გვინდა. მე და თინიკო ბოლო ერთი წელია სამოდელო სააგენტოში ვმუშაობთ, ბევრს არ გვიხდიან, მაგრამ არავინ გვატყუებს და რაც მთავარია, აქ ვიგრძენი, რომ საკუთარი გრძნობებით შეიძლება იამაყო და არა სირცხვილით იწვოდე, როგორც იმ დაწყევლილი კადრების გადაღების მომენტში.
მკითხველის ისტორია