22 ივლისი, 2020
"ჩემი და საზღვარგარეთ წავიდა და დის შვილის გამო გათხოვებაზე უარი ვთქვი..." - ემიგრანტის დის მძიმე ხვედრი
მედიაში ხშირად იწერება ემიგრანტების მძიმე ტვირთზე, რისი გაძლებაც ქართველ ქალებს უცხოეთში ცხოვრებისას უწევთ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არანაკლები მძიმე ყოფა დგას მეორე მხარეს, როდესაც სახლში მარტო დარჩენილ ოჯახის წევრებს ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება უწევთ

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 44 წლის ქეთია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში ცხოვრობს და თავის მძიმე ხვედრზე გვიყვება...

- 28 წლის ვიყავი როდესაც ჩემმა დამ საბერძნეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, მაშინ ჩემი დის შვილი 2 წლის იყო. ჩემი და გათხოვილი იყო საკმაოდ შორს, კახეთის ერთ-ერთ
სოფელში, იქ ვერ გაძლო და ბავშვით ოჯახში დაბრუნდა. ქმარი არც გამოკიდებია, ვერ იმას წარმოედგინა, ცოლის ოჯახში საცხოვრებლად წასულიყო. ხუთი დედმამიშვილი ვართ და სახლში სამი დასაქორწინებელი ძმა მყავდა. ჩემმა დამ ერთ საღამოს დაგვსხა ყველა და გვითხრა, რომ საბერძნეთიდან ფულს ყოველთვე გამოგზავნიდა და რამდენიმე წელიწადში შვილსაც წაიყვანდა.

- 2 წლის ბავშვი გასაზრდელად შენ დაგიტოვა?

- თავიდან ვითომ დედაჩემს, მაგრამ მალე დედა ნერვიულობისგან ცუდად გახდა და ამდენი წელია ლოგინს არის მიჯაჭვული. კონკრეტულად თითქოს არაფერი სტკივა, მაგრამ იშვიათად გამოდის სახლიდან, ამბობს, რომ შიშები აქვს. ისიც ჩემი მოსავლელი გახდა. ჩემი და ფულს ნამდვილად გზავნიდა და თან საკმაოდ ბევრს. ისე მოხდა, რომ ძალიან მალე ჯერ ჩემმა ერთმა ძმამ იყიდა ბინა და დაქორწინდა, შემდეგ მეორემ, მესამემ და მე დავრჩი ასე, ძველ სახლში ავადმყოფი დედისა და პატარა დის შვილის ამარა. 

- არ ჩამოდიოდა შვილის სანახავად?

- თავიდან რვა წელი საერთოდ არ ჩამოსულა, უსაბუთო იყო და ეშინოდა. რაც საბუთი აქვს ახლა წელიწადში ორჯერ ჩამოდის.  შვილის წაყვანა ამის შემდეგ აღარც უხსენებია, ამბობდა, ყოფილი ქმრის თანხმობა მინდა და რომ ვუთხრა ბავშვის წაყვანას ვაპირებ, არ გამატანს და თავისთან წაიყვანსო. 

- ბავშვს მამა არ აკითხავდა ეს წლები?

- ერთხელ ნახა სამი წლის რომ იყო და იმის შემდეგ აღარც უნახავს. ბოლოს როგორც გავიგე მალევე ცოლი მოიყვანა და შვილებიც ეყოლათ. ერთი ბავშვი ავადმყოფი შეეძინათ და საფრანგეთში წავიდნენ და იქ ჩაბარდნენ, ახლაც იქ ცხოვრობენ.

- როგორც მივხვდი არ გათხოვილხარ.

- როგორ გავთხოვდებოდი. რამდენი ვინმე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ყველას უარი ვუთხარი. ჩემ დის შვილს მარტოს ვერ დავტოვებდი. ხანდახან მგონია, რომ მართლა დედაზე მეტად ვუყვარვარ. თვითონ ასე ამბობს. ახლა გეგმები აქვს, რომ თბილისში წამოვა და იქ ისწავლის, ამბობს, დეიდა მთელი ცხოვრება დამჭირდებიო. 

- კი, მაგრამ ხომ გათხოვდება და დეიდას თან ჰო არ წაგიყვანს ახალ ოჯახში, თან ამ ასაკშიც შეგიძლია ბედნიერება იპოვო. 

- როგორ? - ან ამას როგორ გავყვები თბილისში, ამდენი წელია დედაჩემი ისევ ლოგინად არის. რომელი რძალი მოუვლის. ყველამ აიწყო ცხოვრება ჩემი დის გამოგზავნილი ფულით ჩემს გარდა. ჩემი და მეუბნება, გათხოვილიყავი რა, მომვლელს ავუყვანდით ბავშვსა და დედაჩემსო. ახლა ამბობს ასე, თორემ თავის დროზე ხმა რომ ამომეღო ოჯახის შექმნაზე, მთელი სოფელი ჩამქოლავდა, ავადმყოფი დედა და ბავშვი დატოვაო. ღმერთმა იცის, რომ ჩემი დის ფულიდან ლარიც არ მომიხმარია საკუთარი თავისთვის. მის გამოგზავნილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებსაც კი ვყიდიდი, რომ ბავშვისთვის არაფერი მომეკლო. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვამზადებ დღემდე კაპიკებზე რომ ჩემთვის თმის შესაღები ფული მაინც მქონდეს.

- როგორ ფიქრობ, შენი ბრალი ხომ არაა, რომ ძალიან ბევრი აიღე საკუთარ თავზე? - ან დედაშენი რას ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში გხედავს...

- გმირი ვარ, ყველასთვის გმირი ვარ, რომ ოჯახს შევწირე ჩემი მომავალი, მაგრამ რა თავში ვიხლი ამ გმირობას ან რად მინდა. ჩემი ცხოვრება დავინგრიე, გავიუბედურე, არ გავთხოვდი და ეს სწორედ ჩემი დის საზღვარგარეთ წასვლისა და დის შვილის ბედნიერებისთვის გავაკეთე. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ტატა
შენი დია ისტორიის მერე მაინც გესწავლა, რომ ბედნიერება გათხოვებაში არაა ;)
01:57 / 23-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS