წლების შემდეგ, ვერეს ხეობაში დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა, სასულიერო პირი მამა გიორგი (ჯიბუტი) "შაბათის კურიერთან" ერთად მივიდა იმ ადგილას, სადაც ერთ დროს მისი სახლი იდგა და სადაც მისი ქალიშვილი მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად დაიღუპა.
მამა გიორგიმ გაიხსენა ის მოვლენები, რაც სტიქიის ღამეს განვითარდა:
ჩემს სახლს ჯებირი უვლიდა მთლიანად და იმდენად ძლიერი იყო წყლის ნაკადი, დაანგრია ჯებირი, ვერ შეაკავა. დიდი ტალღა მოვარდა და გადმოყარა სახურავიდან... ჩემს სახლთან დიდი თუთის ხე იდგა და როგორც ჩემი სიძე ყვება, ვიფიქრეთ ამ ხეზე გადავალთო, მაგრამ ხეც წაიღო წყალმა. ბავშვები წყალში რომ ჩაცვივდნენ, ჩემი სიძე იჭერდა ერთხანს, მაგრამ მერე უკნიდან რაღაც დაეჯახა, ჩაძირა წყალში და მაშინ გაექცა ხელიდან ივლიტა და მარიამი... თვითონ ბოძს მოეჭიდა და გადარჩა. მე რომ მოვედი ამ ადგილას, დათო ამოდიოდა წყლიდან, ტიროდა და ყვიროდა...
2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში - ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა, ჩემს გოგონასაც, თეკლას შეეძინა ივლიტა. ორივემ ივლიტა დაარქვეს შვილებს... სასიხარულო ის არის, რომ ბევრმა ადამიანმა მითხრა, შვილს ივლიტა დავარქვიო... ერთი ქალბატონი იყო გერმანიიდან, იქ გაიგო ეს ამბები, ესიზმრა კიდეც და მანაც ივლიტა დაარქვა შვილს, აქ მონათლეს და ნათლობასაც ვესწრებოდი... ასე რომ, ივლიტას ხსოვნა გრძელდება" - ყვება მამა გიორგი (ჯიბუტი) "შაბათის კურიერთან" საუბარში.
მისივე თქმით, ივლიტას და სხვა გარდაცვლილების სახელზე საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, მართავს ლიტერატურულ ღონისძიებებს, გასცემს სტიპენდიებს მოსწავლეებისთვის