03 ივნისი, 2020
"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა..." - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს
სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 92 წლის ას­მათ პეტ­რი­აშ­ვილს თბი­ლი­სი­დან. იგი სა­უბ­რობს პან­დე­მი­ა­ზე და იხ­სე­ნებს წარ­სულს, რო­დე­საც "მტრის შვი­ლად" გა­მო­ა­ცხა­დეს.


"ასმათ პეტრიაშვილი, 92 წლის, თბილისი

პანდემია

ჩემი ცხოვრების პერიოდში, ჩემს მეხსიერებაში რაც შედის, ასეთი ამბავი არა ყოფილა. ძალიან შეშინებული ვიყავით, მაგრამ ვფრთხილობდით, რასაც გვეუბნებოდნენ და გვასწავლიდნენ, ყველაფერს ვასრულებდით: არ გავდიოდით, არ დავდიოდით, ადრე მოვიმარაგეთ იმდენი მაკარონი და ბრინჯი, იმდენი მოვაგროვეთ, ალბათ, მერმისამდე გვეყოფა. ძველებისგან კი გადმოცემული მაქვს, შავი ჭირით რომ დაიხოცნენ ჩემი ნათესავები, ჩემი სამშობლო
სადაც არის, გორის რაიონის სოფელ ფხვენისში. იქ მოგვიკვდა ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი, 26 წლისა. აი, როდის აქეთია, რომ ეს შავი ჭირი იყო და დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს დაკიდებული, ისეთი საყვარელი ადამიანი იყო, დედისერთა თავისი ოჯახისა. ძმაც რომ მოუკვდა, მერე დედაჩემი იშვილა იმ ქალმა, მარტოობას ვეღარ იტანდა. თურმე, ერთ დროს ისეთი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, თვალთან ახლოს, იმ მწარე ცრემლით დამწვარი კანი სძვრებოდა ლოყაზე რამდენიმე თვე. მერე დედაჩემი აიყვანა და გაზარდა, დედაჩემს მამაჩემი შეუყვარდა და იქვე გათხოვდა, იმ სოფელში.

მამა

10 წლამდე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი. 37-ში მამაჩემი გადაასახლეს, 33 წლის იყო. მამა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, სასაცილო და სამარცხვინო იყო, რასაც ედავებოდნენ. ისეთნაირად იყო დაფასებული მთელ რაიონში, თათბირებზე, სადაც რაიონის თავკაცებიც იყვნენ, აცხადებდნენ - "მიბაძეთ ილო პეტრიაშვილს!" გავიდა რამდენიმე ხანი და ეს ილო პეტრიაშვილი მავნებელი და ქვეყნის მტერი გამოდგა. მტერიც ბევრი ჰყავდა,ზოგს იმისი ვაჟკაცობა მოსწონდა, ძალიან კარგი კაცი იყო მამაჩემი, ლამაზი კი არ იყო, მოგეწონებოდა, რომ შეხედავდი. სვერდლოვსკში გაასახლეს. თურმე, გზაში მოუსწრო გამართლებამ, მაგრამ მაინც გააგრძელეს გზა. ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა მაშინ, ვის ეკითხებოდა ახლა, სადღაც პატიმრებს მიაქანავებდნენ?! ამდენი დღე, თვე, თურმე, ძლივს ჩავიდნენ იმ სვერდლოვსკში, ურალის მთებში ყოფილა ეგ. მერე სოლიკამსკში გადმოიყვანეს, იქ შახტებში ამუშავებდნენ და ტყეს აჭრევინებდნენ. დედა ყოველთვე ამანათებს უგზავნიდა. სალას აუცილებლად გაუგზავნიდა, გააკეთებდა ხოლმე და დაჭრილს ჩაუწყობდა, საპონს გაჭრიდა, ჩადებდა შიგ ფულს და ისევ გადაუსმევდა ზემოდან – ფულის გაგზავნა არ შეიძლებოდა, პატიმარსაც დასჯიდნენ და ჩვენც აგვიკრძალავდნენ გაგზავნას.

დედაჩემი დადიოდა საჩივრებით იურისტებთან. ერთი ჩიქვანაია იყო, რესპუბლიკის პროკურორი, იმის კარებზე იდგა სულ. ხან არ უშვებდნენ, ხან უარით გამოისტუმრებდნენ. წაყვანისას, მილიციონერმა რომ უთხრა მამას, ცოლ-შვილს დაემშვიდობეო, ჯერ ბავშვებს გვაკოცა, მერე დედას გადაეხვია და მე არაფერი დამიშავებია, ყველაფერი გაირკვევა და მალე დავბრუნდებიო. დედაჩემმა უთხრა, ნუ გეშინია, ილო, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს დავიჭერ და შენს სიმართლეს მაინც დავამტკიცებო. რკინის ქალამნებიც ჩაიცვა, რკინის ჯოხიც დაიჭირა, ჩიქვანაიას კარებზეც ათენებდა და აღამებდა, მარა არავინ შეიწყნარა ეს კაცი. ომი უკვე დაწყებული იყო, მამა რომ იწერებოდა, სამნი გამოვიპარეთ "ლაგერიდანაო," ნავი იყოო წყალში ჩაგდებული, ჩავსხედით შიგა და გავედით ნაპირშიო, მარა ვიღაც პატარა ბიჭებმა დაგვაბეზღეს, მილიციას დაუძახეს და ისევ უკან დაგვაბრუნესო. ფრონტზე გვინდოდა გავსულიყავით და დავამტკიცებდით, რომ ჩვენ არავისი მტერი არა ვართო.

მეზობელი სოფელია ერთი, ძევერა. იმ ძევერელი კაცის ცოლმა შეგვატყობინა, წერილი მომივიდა და გამოდით, წაგაკითხებთო. მდინარე ლიახვი ჩამოდის ჩვენსა და იმ სოფელს შორის და ლიახვში უნდა გაეტოპნათ დედაჩემსა და დიდედაჩემს. ეს მდინარე რომ მოდის, ზვირთებს ისე ისვრის, იქა ვერც დედაჩემი გავიდოდა და ვერც დიდედაჩემი. ერთი კაი ხელღონიერი ნათესავი გვყავდა, იმან აიკიდა ზურგზე, ჯერ ერთი გაიყვანა, მერე მეორე და იქვე დაუცადა, წყლის პირას. იმ ქალმა სულ კი არ წააკითხა წერილი, თურმე, მხოლოდ ეს ორი სტროფი - "ილო პეტრიაშვილი რომ იყო ჩემთან, ხე დაეცა და მოკვდა." რა გაიგეს, რა უბედურება გაიგეს! იტირეს, იქუხეს, იყვნენ ერთ ვაი-ვაგლახში... დედაჩემმა იმწუხარა, ძალიან იმწუხარა. მთელი სოფელი მოდიოდა სამძიმრისთვის და ვინც არ მოვიდა, ისინი მტრები იყვნენ ამ კაცისა. მამაჩემი მკაცრი კაცი იყო, იმიტომ ჰქონდა კოლმეურნება ძალიან კარგად, თუ არ იმკაცრე, ვერაფერი ხელმძღვანელი ვერა ხარ. ეს არ მოსწონდათ გლეხებს, იმათ ეგონათ, კოლექტივი ილო პეტრიაშვილმა შეადგინა, კოლექტივში ისეთი მამულები შეიტანეს, რომ აი, თვალით უნახავი ვაშლი რომ ესხა. ისეთი ხალხიც, ვინც მაშინ განათლებულად ითვლებოდა, ეგენიც კი მტრად გადაეკიდნენ, რად ჩამოგვართვაო მამული. ერთი ქიმიის მასწავლებელი იყო სკოლაში, ჩემს გულში ვფიქრობდი ხოლმე, ამ ხალხმა თუ ვერ გაიგო ეს კოლექტივიზაცია რა იყო, ან ეს კოლექტივი ვინ შექმნა, ამ კაცმაც თუ ვერ გაიგო, მა, რისთვის ისწავლა ამდენი ხანი-მეთქი?! მაშინ ნასწავლი ხალხი ცოტანი იყვნენ, გლეხებიდან ვამბობ.

ბერიას დროს, გამართლებაც მოვიდა მამაჩემზე და 7 მანეთსაცა ვღებულობდი. უკვე გარდაცვლილი იყო მამაჩემი. რომ ვნახე, გაამართლეს, ძალიან ბევრი ვიმწუხარე, თითქოს ახალი მკვდარი იყო. გაამართლეს კაცი, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ანტისახელმწიფოებრივ, ტროცკისტულ კრებებს ატარებდა თავის სახლშიო. მაშინ მე კი პატარა ვიყავი, მაგრამ არც ისე პატარა, რომ ვერ დამენახა, უცხო კაცები რომ მოსულიყვნენ ჩვენთან. ახლა მაინც ვიტყოდი, მაგრამ მართლა არა ყოფილა ეგეთი შემთხვევა.

"მტრის შვილი"

მამაჩემი რომ გადაასახლეს, ჩვენ დავრჩით დედას ამარა. დავრჩით სამი პატარა ბავშვი და ის მოხუცებული პაპიდა, ვის არემარეზეც დღესაცა ვცხოვრობთ. ვაი-ვაგლახით გავიზარდეთ. მე 10 წლისა ვიყავი, ჩემი ძმა - 5 თუ 6 წლისა და ჩემი და აკვანში იწვა. მამული კი გვქონდა, მარა მამულს დამუშავება უნდოდა, თუ არ იმუშავე, რას მოგცემს მამული?! დედაჩემი ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, რომ იტყვიან, ქვიდან წვენს გამოადენდაო, აი, ეგეთი, არაფერს გვაკლებდა, რაც კი შეეძლო. ძალიან ხელგამომავალი ქალი იყო, კერვა შეეძლო და გვიკერავდა. ერთხელ ისეთი კაბა შემიკერა, რუშებიანი, წინ კალთა სხვა მატერიისა ჰქონდა, უკან კალთა სხვა იყო, "კოკეტკა" სხვა იყო და რუშები კიდე სხვადასხვა. ისე რო, ფრინველივით ვიყავი აჭრელებული, არა გვქონდა და იმიტომ, თორე მოდა კი არ იყო ეგა, უქონელობისგან დაგვემართა.

პაპა გვყავდა, დედაჩვენის მამა, ავადმყოფი კაცი იყო, მაგრამ მაინც შესთავაზა დედაჩემს, ამ ხალხმა არ შეგავიწროვოს, შვილო, წამოდით ჩემთანო. მაგრამ დედაჩემმა, არაო, მე ილოს კერას ვერ გავაციებ, რაც მომივა, მომივაო. ერთი ღონღაძე გოგია იყო, იმ კაცისთვის მამაჩემს არაფერი დაუშავებია, ნათლიაობაც გვქონდა ერთმანეთში, მაგრამ ის ცოტა აფრაკი იყო. უკვე ორი წლის გადასახლებული იყო მამაჩემი, მაშინ დეიდაჩემი ჩვენთანა ცხოვრობდა ხოლმე და სწავლობდა, მეცადინეობდა გარეთ, შუშაბანდში, მაგიდა და ლამფა იქ ედგა. ის იყო თურმე, ლამფა შემოიტანა დიდ ოთახში, უნდა დაწოლილიყო და ბახ! მოხვდა შუშაბანდს უშველებელი სიმძიმე, გადმოვარდა და მაგიდაზე დაეცა, იქ, სადაც ანო დეიდა იჯდა. დედაჩემი წამოხტა იმ წუთში, ლამპა აანთო, დახედა, ქვა გდია მაგიდაზე. დაავლო ხელი ამ ქვას და გამოვარდა ეზოში, ქუჩაში გავარდა და დაინახა, რომ ვიღაცა მიდის ზევით. ზევით იყო კლუბი, კანტორა და რაღაცები, მიჰყვა ამ კაცს ფეხდაფეხ, მარა ვერა ხედავდა ვინ იყო, ბნელოდა. კარებში კაცები ისხდნენ და ახლაო, ვიღაცა რომ შემოვიდაო, ვინ იყოო, იმათ შეეკითხა და უთხრეს, ვინც იყო. ავიდა სცენაზე კლუბში, მაგიდა იდგა, თურმე, თავმჯდომარე, ბრიგადირები და ვიღაც-ვიღაცები ისხდნენ, გლეხები - დაბლა სკამებზე. მივიდა და დაუდო ეს ქვა, აი, ეს ქვა მესროლა ღონღაძე გოგიამ, ჩემ პირდაპირ მოდიოდა, ფეხდაფეხ მოვყევო. მაგრამ არც გოგიაც მოჰკითხეს პასუხი და არც არავის. გადავრჩით, რომ დეიდაჩემი არ მოკლა იმ ქვამ.

ჩემი ძმა ისე მწარედ მოჰყვება ხოლმე ერთ ამბავს – მათემატიკას გვასწავლიდა ის კაცი, მაგრამ ჩემთვის არასდროს ეგეთი შეურაცხყოფა არ მოუყენებია. დამაყენებდა ხოლმეო ბავშვების წინაშე და ცარცით მხაზავდაო სახეზე - ესაო, ბავშვებო, მავნებლის შვილიაო და მბღაჯნიდაო. მე ცრემლები ჩამომდიოდაო. ახლაც რომ მოიგონებს ხოლმე, ვტირივარ.

ომი

მე-7 კლასში ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ძალიან გაგვიჭირდა. რაც კი სახლში და მეურნეობაში მოსავალი გვქონდა, ყველაფერს ფრონტს უგზავნიდნენ და ჩვენ აღარაფერს გვინაწილებდნენ. მაგრამ გამოსავალი ვიპოვეთ - მაშინ უკვე 11-12 წლისა ვიყავი, ჩემი ძმა ცოტა მოზრდილი იყო, ჩემი და - 5 წლისა, ჰოდა, თავთავსა ვკრეფავდით. იმდენს მოვაგროვებდით, რომ რამდენიმე ტომარა გამოდიოდა, იქიდან 300-400 გრამს გვინაწილებდნენ. სიმინდს ვთესავდით და ასე თუ ისე, თავი გაგვქონდა.
ომი რომ დამთავრდა, მაშინ უკვე დიდი გოგო ვიყავი, საშუალო დავამთარე. ვენახში ვიყავით მე და დედაჩემი, სიმინდი უნდა დაგვეთესა და ვჩერკნიდით ბელტებსა. ჩემმა ძმამ შემოიხედა ბაღში და - დედა! ასმათ! ომი დამთავრდაო! ომი დამთავრდაო და რომ დავყარეთ ეს თოხები, გამოვიქეცით და ისე მოვრბოდით, კობა უკან დაგვრჩა. ჩვენი კლუბის ეზო გავსებული იყო ხალხით, შევვარდი კანტორაში, იქ ერთი ჩემი ამხანაგი იყო, პატარაშვილი მარეხი, იმას გადავეხვიე, მივულოცე, გაგიჟებული ხან ვის მივვარდი, ხან – ვის. "რეზო სად არის? რეზო სად არის? " - ვკითხულობდით, რეზო კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. რეზო ამა და ამ მინდორშიაო და მარეხს ვუთხარი, მარეხ, წამოდი, ჩვენ ვახაროთ რეზოს-მეთქი. სულ სირბილით წავედით, იმდენი ვირბინეთ, იმდენი, რომ დაოსებული მივვარდით - "ომი დამთავრდა! ომი დამთავრდა!" ომი დამთავრდაო და რეზო გვაჯანჯღარებდა ორივეს, ერთ ამბავში იყო. ბრიგადაში ხარი რომაა, ის ხარი დავკლათო. დაკლეს ხარი და მთელმა სოფელმა იქეიფა.

სტუდენტობა

სტუდენტი გორში ვიყავი. ისეთი გაჭირვებული სტუდენტობა მქონდა, ვისთანაც მივედი, ნათესავებმა ყველამ დამითხოვა, არავინ მიმიღო, ჭერში თავი რომ შემეფარებინა. ერთთან ვიყავი ორი კვირა, მერე უსიამოვნება მოუხდათ ოჯახში და სხვაგან წავედი, ეს ორი წელიწადი ეგრე ვიფრატუნე. ძალიან მიჭირდა ცხოვრება. ამ საღამოს რომ დავდგებოდი პურის რიგში, დილაზე ან შემხვდებოდა პური, ან – არა. პური როგორი იყო - სიმინდი, ცოცხის თესლი, სოიო, რაღაც-რუღაცეები იყო არეული შიგა და იმითი იყო პური გამომცხვარი, აგურივით პურები იყო ხოლმე. ის თუ შემხვდებოდა ერთი ცალი, დიდი ქება უნდოდა. ჩემი საჭმელი ერთი ცალი "კორჟიკი" და მარგარინი იყო. კარაქივით წავისვამდი იმ ერთ კორჟიკზე და ის იყო ჩემი სადილი, ვახშამიცა და საუზმეც. არც ჩასაცმელი არა მქონდა, ერთი კაბა რომ შემიკერა დედაჩემმა, მთელი სტუდენტობა, ზამთარი და ზაფხული იმაში გავატარე. წითელი იყო, თეთრი კოპლებით. ლექტორი გვყავდა, "ძია გაბოს" ვეძახდით, თვითონ გვითხრა, როცა პირველ ლექციაზე შემოვიდა, ასე დამიძახეთ, არ მინდა, პატივცემულოო, ამფერო, იმფერო... "ოსების პატარძალს" მეძახდა ხოლმე, სულ რომ წითელი კაბა მეცვა. ეს ერთი კაბა მქონდა.

ოჯახი

სადაც ჩემი მეუღლე გავიცანი, იმ ხრიოკ სოფელში, ნადარბაზევში გამგზავნეს მასწავლებლად ფხვენისიდან. დაწყებით კლასებს ვასწავლიდი, ისეთი ცოტა ბავშვი იყო, რომ ორი კლასი ერთად იჯდა გაკვეთილზე. ჩემი მეუღლე ამ სოფლელი იყო, 4 ძმა იყვნენ, კახეთიდან ყოფილან გადმოსახლებული. ჩემი ქმარი როგორ გავიცანი და ვესალმებოდი, მესალმებოდა ისიც, ერთხელ, ორჯელ...

მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. სოფლიდან იმიტომ წამოვედით, რომ ღარიბი სოფელი იყო, არ იყო შემოსავლიანი. მარტო პურის მოსავალი მოდიოდა, არც ვაშლი ედგათ, არც ქლიავი, არც ჭანჭური, ტრიალ მინდორზე ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში ისევ სოფელში წავედით, ავაშენეთ სახლი, მეურნეობამ ნაკვეთი მოგვცა და პურსა და ხორბალს, ქერსა და სიმინდს ვთესავდით. ფუტკარი, ძროხები გავიჩინეთ, სამი ძროხა მყავდა. 90-იანი წლები ჩემს შვილებს არ განუცდიათ.
მთლიანობაში კი ხელმოკლედ ვიყავით, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩვენი ოჯახიდან ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია, მის გარეშე ცხოვრება მე ჩემმა შვილებმა გადამატანინეს.

ყველაზე ბედნიერად ის მახსენდება, ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში რომ მოეწყო. იურიდიულზე მოწყობა მაშინ ისეთი ძნელი იყო. სიები რომ უნდა ყოფილიყო, სამსახურიდან არ გაათავისუფლეს და მე წავედი, რა დამაყენებდა სახლში?! მოვდივარ ახლა იქიდან გახარებული და მინდა, რომ ყველა გამვლელმა მკითხოს, რა ქნა შენმა შვილმაო. მარა ვის რაში ეკითხებოდი შენ, ან შენი შვილი, ან ვინა ხარ?!.. ხომ სისულელე იყო, მარა მე ეგრე მინდოდა. ისეთი გახარებული ვიყავი, ყველაზე მაღალი მეგონა ჩემი თავი, რომ მოვდიოდი, მეგონა, სუყველას მაღლიდან დავცქერივარ-მეთქი.

ყველაზე სევდიანად მამაჩემი მახსენდება. ახლაც მეტყვიან ხოლმე, რაღა დროს მამაშენიაო, მაგრამ მაინც მივტირივარ, ძალიან მიყვარდა, ვერა ვძღებოდი მისი ცქერით. მამაჩემს რომ ვახსენებ, რომ არ ვიტირო, არ შეიძლება.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური


პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: გედა დარ­ჩია, ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ.

პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (შIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EჭMI) AჩჩEშშ-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (UშAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS