ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს 25 წელი ახლახან შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში გათხოვებაც მოასწრო, მრავალმხრივი სტატუსიც მოირგო, „ნასედკობასაც“ გაართვა თავი. ახლა სასამართლო პროცესებზე საკუთარ ქმარს, როგორც თავად ეძახის - „ჰარამხანის მეპატრონეს“ გულშემატკივრობს.
- ჩემი გათხოვების ამბავი ძალიან უცნაურად დაიწყო. პირველმა შეყვარებულმა მიღალატა და როდესაც ერთ დღეს, პარკში თავის ახალ საცოლესთან ერთად გამოვიჭირე საშინელი დღე ვაყარე. დაქალთან ერთად ვიყავი და როგორც კაცები ისე ვჩხუბობდით. ბოლოს კაკოს (ყოფილი შეყვარებული)
- იმ დაქალს, ცემა-ტყეპაში რომ მოგეშველა?
- კი, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი სწორედ ის არის. სახლში არ დამხვდა, ჯგუფელთან დაბადების დღეზეაო, მითხრა დედამისმა. ტელეფონით დავურეკე, გავიგე მისამართი, სადაც იყო და ბაგებში მივაკითხე. სალომემ ჯერ მაგიდასთან დამსვა. სამი დღის ნაშიმშილარი ისე დახარბებით ვილუკმებოდი, მასპინძელს თვალები გადმოსცვივდა. 10 წლის განმავლობაში ცეკვაზე დავდიოდი და კარგად ვცეკვავ. მაშინვე ყურადღების ცენტრში მოვხვდი. რამდენიმე ტიპს შევამჩნიე, რომ ძალიან მოვეწონე, მე ყველაზე სიმპათიურზე გავაკეთე არჩევანი და ღამის 3 საათამდე ისე ვიმხიარულე, ოჯახის წევრები არც კი გამხსენებია. როცა იქიდან წამოვედით, მე და სალომე ჩემმა ახალმა კავალერმა - დათომ გამოგვაცილა. შინ ჯერ სალომე მივივყვანეთ, შემდეგ კი ჩემს სახლთან მივედით. დათოს ჩემი გაშვება არ უნდოდა, მე კი აღარ ვიცოდი, სახლში როგორ უნდა დავბრუნებულიყავი, მამაჩემი ნამდვილად მომკლავდა. დათომ შემამჩნია, რომ მანქანიდან ჩასვლას არ ვჩქარობდი და თუ შეგიძლია, ქალაქში გავისეირნოთო, შემომთავაზა. თავი დავუქნიე და წავედით. როგორც კი 400-500 მეტრი გავიარეთ, გვერდიდან მანქანამ ცუდად შემოუხვია და პირდაპირ ჩვენს მანქანას შეასკდა. იმწამსვე დავკარგე გონება. აზრზე რომ მოვედი, უკვე საავადმყოფოში ვიყავი. დათო შედარებით მსუბუქად დაშავებულა, მე კი ფეხი მქონდა მოტეხილი და თავზეც ოთხი ნაკერი მედო.
- შენი მშობლები იქ არ იყვნენ?
- გონებაზე დილის 7 საათზე მოვედი, მანამდე ჩემთან სახლში დარეკვა ვერ გაებედათ. სალომე კი უკვე თავზე მადგა. ვთხოვე, ჩემებს არაფერი უთხრა-მეთქი, მაგრამ დათომ არ დაიშალა, მაინც პოლიციაში დარეკავენ, დამალვას აზრი არ აქვსო. მამისა და ძმის დანახვას მერჩია, 30 ნაკერით მეტი მქონოდა, მაგრამ ვინ მკითხა. გააფთრებულმა მამაჩემმა საავადმყოფოშიც კი ვერ შეიკავა თავი და დამტვრეულს ისეთი დღე მაწია, დათოს რომ არ გაეკავებინა, ცემაზეც არ დაიხევდა უკან. დათოს ძალიან შევეცოდე, განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდა, ძმამ რომ მითხრა, მორჩა, სახლში დაბრუნებაზე აღარ იფიქროო. ექიმებმა რამდენიმე დღის შემდეგ გამწერეს, დედაჩემისთვის აღარც დამირეკავს, პირდაპირ დათოსთან წავედი.
- სახლში მართლა აღარ შეგიშვებდნენ?
- როგორ არა, ჩემი ოჯახის წევრები ხმაურიანი ხალხია, ხშირად იმუქრებიან, ყვირიან, მაგრამ ვიცოდი, ბოლო მომენტში მაინც მაპატიებდნენ. თუმცა თავმოყვარეობამ თუ სიჯიუტემ არ გამიშვა, უხეშად რომ მომექცნენ, შურისძიება მინდოდა.
- დათოს სახლში არავინ ჰყავდა?
- აღმოჩნდა, რომ ცოლიც ჰყავდა და შვილიც, მაგრამ კარგი შემოსავალი ჰქონდა და ცალკე ჩემი რჩენაც არ გაუჭირდებოდა. როცა ეს შემომთავაზა, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. ერთდროულად ორი ცოლი უნდა ჰყოლოდა და ამაზე პრეტენზია არ გამომითქვამს. ბავშვის გაჩენაზე თავი არ შემიწუხებია. დათო კვირაში 3-4-ჯერ მაინც მოდიოდა, ფული და საჭმელ-სასმელი მოჰქონდა, თავისი მეგობრები, ნათესავებიც მოჰყავდა და, შეიძლება ითქვას, ბედნიერად ვცხოვრობდით.
ჩემი ნათესავები ამ ამბავმა შოკში ჩააგდო. დედაჩემს გულმა მაინც ვერ მოუთმინა. გაიგო სადაც ვცხოვრობდი და მომაკითხა. იცოდე, შვილო, ეს შენი უკანასკნელი შანსია, მამაშენს მე დავიყოლიებ, ვერც შენი ძმა გეტყვის უხეშად რამეს, ოღონდ დაბრუნდი და ყველაფერი დავივიწყოთო. წინააღმდეგობა გავუწიე, ვუთხარი, თქვენ მაშინ მიმატოვეთ, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ახლა მე უკვე ოჯახი მაქვს და თქვენი მოწყალება თქვენთვისვე შეინახეთ-მეთქი.
- მისი ცოლი ამ ამბავს როგორ შეხვდა?
- საწყალი ქალი ნერვიულობისგან ლამის შეიშალა, მაგრამ ქმარი უყვარდა და გაყრაც ვერ გაბედა. სიმართლე გითხრათ, მის მიმართ დანაშაულის გრძნობა კი მქონდა, მაგრამ დათო არც იმას აკლებდა ყურადღებას. ასე ვცხოვრობდით ერთხანს, სანამ დათოს ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალი არ გამოჩნდა.
- კიდევ ერთი ცოლი?
- არა, ეს უკვე ნამეტანი იყო. ერთი კაცი სამი ქალის უზრუნველყოფას ვეღარ მოახერხებდა და ყველაზე მეტად სწორედ ეს მადარდებდა. დათოს პირველმა ცოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ის, როგორც წესი, ყველაფერს უკანასკნელი იგებდა. ჯერ საკუთარი ძალებით შევეცადე დათოს შეჩერება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სხვა გზა არ მქონდა, კარგად გამოვიპრანჭე, სიმხნევისთვის ერთი-ორი ჭიქაც გადავკარი და დათოს დედასა და პირველ ცოლს მივადექი. ცოლს ფერი დაეკარგა. თავიდან ვიკამათეთ, ვლანძღეთ კიდეც ერთმანეთი, როცა ცოტა დავმშვიდდით, დათოს დედას ვუთხარი, სამი რძალი თუ არ გინდა, უნდა დამეხმარო, თორემ ყველაზე უბედური შენ იქნები, ერთი შვილის სამ ცოლს როგორ გაუძლებ-მეთქი. თითქოს რაღაცაზე კიდეც შევთანხმდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გვიან იყო. ერთი კვირა ისე გავიდა, დათო არც ჩემთან გამოჩენილა, არც პირველ ცოლ-შვილთან. როცა ლოდინით დავიღალე, მის ძმაკაცს დავურეკე, იქნებ შენ იცი, სად არის-მეთქი. მითხრა, სიმართლეს გეტყვი, მაგრამ არ გადაირიო - კიდევ ერთი ცოლი მოიყვანა და საქორწინო მოგზაურობაში არიანო. თურქეთში წასულან. დათოს დედამ სულ მუშტები იშინა თავში, ცოლს გული წაუვიდა, მე კი - ამბის მიმტანი, ვიდექი დაბნეული და შეურაცხყოფილი. რაღაც მომენტში კიდეც ვიფიქრე, ყველას მივატოვებ, ჩემს შეცდომას ვაღიარებ და მშობლებთან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე.
დათო თბილისში რომ დაბრუნდა, ახალი ცოლისთვის ბინა იქირავა და ახლა ჩვენ მოგვადგა ულტიმატუმით - მე ეს ქალიც მიყვარს, უნდა შეეგუოთ აზრს, რომ სამივეს ქმარი ვიქნებიო. მაშინ მივხვდი, რას გრძნობდა პირველი ცოლი, როცა მე დათოს წინადადება მივიღე, მაგრამ მასავით ჩუმად ყოფნას არ ვაპირებდი. მე მისი ყველაზე სუსტი წერტილი ვიცოდი და სწორედ ამას გამოვიყენებდი.
- შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე...
- შეიძლება წესიერების ეტალონი არ ვარ, მაგრამ დათო ჩემზე უზნეო ადამიანი იყო. ეს ჩემთვის კარგი კოზირი აღმოჩნდა. ვიცოდი, როდის და ვისგან ყიდულობდა დათო წამალს. ჩემს ბიძაშვილს დავურეკე, ის პოლიციაში მუშაობდა. ასე ვთქვათ, „ნაკოლი“ მივეცი, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, „პოლიციასთან ვითანამშრომლე“. იმედი მქონდა, რომ ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციისთვის დააპატიმრებდნენ, რადგან მის მანქანაში დიდი დოზით წამალი უნდა ენახათ. დათო ერთიანად ყიდულობდა ხოლმე, რომ ყოველ წუთს „ბარიგებთან“ სირბილი არ დასჭირვებოდა. ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც ვგეგმავდი. რამდენიმე კვირის წინ მისი სასამართლო პროცესიც გაიმართა. პირველი ცოლი იმუქრებოდა, პროცესზე არ მივალო, მეც იგივე აზრზე ვიყავი, მაგრამ სასამართლოს დაწყებამდე წუთებს ვითვლიდი. ბოლოს მაინც ჩავიცვი და წავედი. როცა დარბაზში შევედი, პირველი ცოლიც იქ იყო და მესამეც, ორივენი დათოს დედას გვერდით შემოსხდომოდნენ, ინსტინქტურად მეც ასე მოვიქეცი. ჩვენთვის შორიდან რომ შემოეხედა კაცს, ძალიან სასაცილოები ვიქნებოდით, ვინ იცის, იქნებ ვინმეს შვცოდებოდი კიდეც. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ განსასჯელის დედას ისე ამაყად ეჭირა თავი, თითქოს მისი შვილი ღირსების ორდენის კავალრად გამოაცხადეს, ცოლები კი ჯილდოში ერგო.
- თავად დათოს როგორი რეაქცია ჰქონდა?
- ვგრძნობდი, რომ ღიმილს ძლივს იკავებდა, არ ვიცი, ალბათ უჩვეულო სიტუაციის გამო. მის გარდა რომელი ქართველი მამაკაცი დაიკვეხნის ამდენ გულდათუთქულ მეუღლეს (იცინის). ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც პროკურორმა თქვა, შესაძლებელია, მხოლოდ მოხმარებისთვის გადაახდევინონ ჯარიმა.
- შენ თვითონ რა გინდა?
- არ ვიცი, რომ გაიგოს, მე დავაბეზღე, ალბათ არ მაპატიებს, მაგრამ რას დავკარგავ ამით - რიგით მეორე ცოლის სტატუსს... არა თავს ვიტყუებ, დათო მიყვარს, დანახვისთანავე შემიყვარდა და როცა გაათავისუფლებენ, დარწმუნებული ვარ, ჩემისთანა სულელი ქალების წყალობით, თავის ჰარამხანას კიდევ რამდენიმე „ექსპონატს“ შემატებს.
მკითხველის ისტორია