რუბრიკის სტუმარი ნანა 20 წლის ასაკში გათხოვდა და ორ თვეში ქმრის სახლიდან უკანმოუხედავად გამოიქცა, თუმცა მეუღლესთან გატარებული ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა უმძიმესი სულიერი ტრავმის მისაღებად.
- იმ დღეებმა, რომელიც
- სად გაიცანი ჯონი და რატომ გადაწყვიტე მასზე ქორწინება?
- შემთხვევით, ქუჩაში. როგორც გაირკვა, ისიც ''ნახალოვკაში'' ცხოვრობდა. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მითხრა, რომ რუსეთში სამხატვრო აკადემია დაამთავრა, თბილისში კარგი სამსახურიც იშოვა, ახლა კი იმ ასაკში იყო, როცა ცოლის შერთვა და სერიოზული ურთიერთობები სჭირდებოდა.
- ეს ტყუილი აღმოჩნდა?
- არა, სიმართლე იყო, თითქოს არაფერს მიმალავდა, თავისი ნათესავი გამაცნო, მის მეგობარსაც დავუახლოვდი. ყველა კარგად ახასიათებდა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩემს მოსატყუებლად არ გაუკეთებიათ, უბრალოდ, მათ არ იცოდნენ, ამ მუდამ მომღიმარი სიმპათიური სახის უკან რა იმალებოდა. კარგად მახსოვს მაისის ბოლო რიცხვები იყო, ჯონი სულ რაღაც ოთხი თვის გაცნობილი მყავდა, როცა ცოლობა შემომთავაზა.
- არ იფიქრეთ რომ ჩქარობდა?
- როცა საქმე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეხება, მაშინ ფიქრობ, რომ უყვარხარ, უშენოდ აღარ შეუძლია და ამიტომ ჩქარობს. თანაც, მთელი ამ დროის განმალვობაში ისეთი თბილი და ყურადღებიანი იყო, დაეჭვების საფუძველიც კი არ მქონია. იმ პერიოდში მამაჩემი თბილისში არ იყო, ჯონის ვუთხარი, აგვისტოს ბოლოს ჩამოვა, დაველოდოთ და ქორწილის საკითხებსაც ის მოაგვარებს-მეთქი, თუმცა ჩემმა შეყვარებულმა ძალიან შეიცხადა, ან ახლა ან არასდროსო.
- როდიდან შევატყეთ, უცნაურად რომ იქცეოდა?
- ის მაშინ მარტო ცხოვრობდა. მანამდე მის ბინაში ნამყოფი არ ვიყავი. იმ ღამეს, როცა გავიპარეთ და ჯონისთან მივედი, განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს, თუ არ ჩავთვლით ამორალურ ფოტოებს, რომლებიც კედლებზე იყო გამოკრული.
- იქნებ მხატვარი სიშიშვლეს სხვა თვალით უყურებდა.
- შეუძლებელია, ამ ფოტოებს ხელოვნებასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. ის იაფფასიანი პორნოგრაფია იყო. ადამიანი თუ ავადმყოფი არ არის, ასეთი სურათების ყურება გულს უნდა ურევდეს. პირველი რამდენიმე დღე არაფერი შევიმჩნიე. ჯონიც თავშეკავებულად იქცეოდა, მაგრამ როდემდე დამალავდა თავის ნამდვილ სახეს. ერთი კვირის გათხოვილი ვიყავი, როცა ვიღაც გოგო მოიყვანა და მითხრა, ამ საღამოს სამივე ერთად ვიქნებით, ნახავ, როგორ მოგეწონებაო. ლამის ჭკუიდან შევიშალე. ასეთი რამ მხოლოდ ყურმოკვრით თუ გამეგონა. ისტერიკა დამემართა. ის გოგოს ვაიძულე სახლიდან წასულიყო, თუმცა მე უარესი დღე დამადგა. ჯონიმ თმებით მითრია, იატაკზე დამაგდო და წიხლები მირტყა...
- რატომ მაშინვე არ წამოხვედით?
- ჩემიანების შემრცხვა და შემეშინდა. რას იტყოდა ხალხი, თან იმედიც მქონდა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან. ის ჩემთან ყველაზე ბინძური სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა. როცა წინააღმდეგობას ვუწევდი, დაუზოგავად მირტყამდა, დარწმუნებული ვარ, ამითაც სიამოვნებას იღებდა. დაღამების მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი სამსხაურიდან რა იდეებით დაბრუნდებოდა.
- და თქვენ ასეთი ადამიანის გამოსწორების იმედი გქონდათ?
- მხოლოდ რამდენიმე კვირა. როცა მის მიმართ ყველანაირი გრძნობა გამიქრა, ვუთხარი მივდივარ-მეთქი. გგონიათ, მუხლებში ჩამივარდა არ დამღუპოო? არა, დედაჩემთან ჩემზე ადრე მივიდა. იმ გარეწარს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული. დედაჩემისთვის უთქვამს, ნანას გათხოვებამდე საყვარელი ჰყავდა, მასთან შეხვედრები დღემდე არ შეუწყვეტია, მე კი მიყვარს და მზად ვარ ყველაფერი ვაპატიოო. დედა ამას როგორ დაიჯერებდა, თუმცა ჯონის ჯიბიდან რამდენიმე ფოტო ამოუღია, სადაც აღბეჭდილი იყო როგორ ვკოტრიალობდი ვიღაც უცხო მამაკაცთან.
- ნამდვილად?
- როცა დედაჩემმა გამომაგდო, დაბრუნდი შენს ქმართან, ის მზად არის ყველაფერი გაპატიოსო, თავის მართლებაც კი ვერ მოვახერხე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ფოტომონტაჟი იყო. ჯონის ხატვაზე უკეთ კომპიუტერში ძრომიალი ეხერხებოდა. ალბათ იმ ქალებსაც რაღაც მსგავსი ''სამხილები'' მოუძებნა, რომლებიც სახლში მოჰყავდა და რაც მოესურვებოდა იმას აკეთებინებდა. ერთადერთი ხსნა მამაჩემი იყო. მას დედაჩემივით ვერავინ დააგოიმებდა. აგვისტოს ბოლოს მამა დაბრუნდა. ძალიან გამიჭირდა მასთან იმ თემებზე ლაპარაკი, რაც მაწუხებდა, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა, ან ჯონის უნდა დავბრუნებოდი, ან თვითმკვლელობით დავასრულებდი სიცოცხლეს.
- მამამ გაგიგოთ?
- ამ ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი მამაჩემია. ის რომ არ მყავდეს, წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვიცხოვრებდი. იმავე დღეს ჯონის სამსახურში მიაკითხა, კუს ტბაზე აიყვანა, ჯერ მაგრად უცემია, შემდეგ ხეზე მიუბამს და უთქვამს, სანამ არ აღიარებ, როგორ ექცეოდი ჩემს შვილს, მანამ ძაღლივით ჯაჭვზე მიბმული იქნებიო. ჩემთან რომ რიჩარდ ლომგულივით იქცეოდა, იქ პატარა ბაჭიასავით მობუზულა. თურმე კანკალებდა, მაპატიეთო. მამაჩემს მისთვის ტანსაცმელი გაუხდია, იქ მიბმული მიუტოვებია და ისე დაბრუნებულა შინ.
- თქვენ ჯონი აღარ გინახავთ?
- არა, ჩემი ნივთებიც მამამ წამოიღო, ჯონი კი იმ უბნიდან საერთოდ წავიდა. ჯონიმ საკადრისი პასუხი მიიღო, მაგრამ მე თუ ოდესმე შევძლებ ნორმალური ადამიანივით ვიცხოვრო, აღარ მგონია, ყველა უცხო მამაკაცი მძულს და მეშინია.
მკითხველის ისტორია