ნიკუშა, 32 წლის:
- ერთი კარგი მეგობარი მყავდა, თემო. მხიარული, ენაკვიმატი ბიჭი იყო, თითქმის სულ ერთად ვიყავით, ხან ჩემთან ავდიოდით სახლში და ხანაც მასთან. და ჰყავდა ჩვენზე ცოტა უმცროსი, ლალი.
დღეები სწრაფად გარბოდა, ერთმანეთი გვიყვარდა და ბედნიერები ვიყავით. შემდეგ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, პირველი ვაჟიშვილი გელა შეგვეძინა. ბედს არ ვემდუროდი, მხოლოდ ერთი საფიქრალი მქონდა, სამუშაო მეშოვნა. მამის ხარჯზე ყოფნა, ცოტა არ იყოს, მერიდებოდა. ორი წლის მერე მეორე შვილიც გვეყოლა, თემური დავარქვი. ეს ჩემი სურვილი იყო.
- რატომ თემური?
- ხომ გითხარით, რომ თემო, ჩემი მეგობარი და ცოლისძმა, ძალიან მიყვარდა. პატარა თემური ცისფერთვალება და ქერათმიანი იყო. ერთი შეხედვით ნორმალური ბავშვი იყო, ცოტა ზომაზე დიდი თავი ჰქონდა. ოთხი თვის გახდა, მაგრამ კისერი ვერ გაიმაგრა. ხელებისა და ფეხების მოძრაობაც უჭირდა, შეგვეშინდა და ექიმთან წავიყვანეთ. ექიმს არ მოეწონა ბავშვის მდგომარეობა, მკურნალობა დაუნიშნა და გვითხრა, რომ ერთ თვეში კიდევ მიგვეყვანა. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.
- ბოლოს რა დიაგნოზი დაუსვეს?
- კიდურების დამბლა. ბავშვი იზრდებოდა, მაგრამ ხელებისა და ფეხების ამოძრავება უჭირდა. რა თქმა უნდა, ამას ყველანი ძალიან განვიცდიდით. ჩვენი ოჯახიდან სიცილი და კარგი განწყობა გაქრა. განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს გაუფუჭდა ხასიათი, სულ გაღიზიანებული და დაძაბული იყო. საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი ვატარეთ, მაგრამ ტყუილად. სხვა რა გზა გვქონდა, ბედს შევურიგდით. სწორედ ამ დროს ნორმალური სამსახური გამომიჩნდა, თუ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს.
- რატომ?
- ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, ნიკუშა, ჩვენმა მთავარმა ბუღალტერმა მანქანა იყიდა, მართვა არ იცის და მძღოლი სჭირდებაო. გამიხარდა. ახლა ხომ გაცილებით მეტი ფული გვჭირდებოდა, ვიდრე ადრე. მეორე დღესვე წავედი, რომ სხვა არ აეყვანა. ბუღალტერი ქალი აღმოჩნდა, ორმოციოდე წლის. რეზომ ჩემი თავი გააცნო მას. ასე გავხდი ნონა კილაძის მძღოლი. ჩემმა ცოლმა რომ გაიგო, ბუღალტერი ქალი იყო, თანაც განათხოვარი, არ მოეწონა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ის მკითხა, ლამაზიაო. არა უშავს-მეთქი, - ვუპასუხე. დრო გადიოდა, თუმცა ჩვენს პატარა თემურს უკეთესობის არაფერი ეტყობოდა. ამან რაღაცნაირად ჩემსა და ლალის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა, აგრესიული გახდა. იყო მომენტები, რომ ვერავის იტანდა. როცა ასეთი მდგომარეობაა ოჯახში, მოგეხსენებათ, კაცს შინ მისვლა მაინცდამაინც არ ეხალისება. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი და ჩემს თავს ვატყობდი, რომ ოჯახს გავურბოდი.
- ამის მიზეზი მთავარი ბუღალტერიც ხომ არ იყო?
- არც უმაგისობა იყო. ნონა მშვიდი და სერიოზული ქალი აღმოჩნდა. ხელფასსაც კარგად მიხდიდა. კმაყოფილი ვიყავი, თავიდან თავი ოფიციალურად ეჭირა, შემდეგ კი ჩვენ შორის ყინული გალღვა. ერთ საღამოსაც, როცა სახლში მივიყვანე, ნონამ შემიპატიჟა. ყავა დავლიეთ და იმ ღამეს იქ დავრჩი. ლალიმ არ იცოდა, სად გავატარე ღამე, მაგრამ ალბათ რაღაცას ხვდებოდა, ჩვენ შორის უფრო იმატა უსიამოვნება და ჩხუბმა. როცა ჩემი მშობლები დარწმუნდნენ, რომ ჩემი და ნონას ურთიერთობამ სერიოზულად დაიძაბა, ჩაერივნენ, მეჩხუბებოდნენ, მეხვეწებოდნენ, მაგრამ ამაოდ... ლალი მშობლებთან დაბრუნდა, მე კი ნონასთან გადავედი საცხოვრებლად.
- შეგიყვარდათ ნონა?
- თავიდან ასე მეგონა, მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, უფრო სწორად, შეცდომა კი არა, ეს დიდი დანაშაული იყო ჩემი საყვარელი ადამიანების წინაშე. განსაკუთრებით კი პატარა თემოს წინაშე. სწორედ ავადმყოფ შვილზე ფიქრი და დარდი ამეკვიატა ნონასთან გადასვლის პირველივე დღეებიდან. სულ მისი სახე მედგა თვალწინ. ის უფრო მიათკეცებდა დარდს, რომ ლალი შვილების ნახვის უფლებას არ მაძლევდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე კიდეც, ჩემს ცოლ-შვილს დავბრუნებოდი, მაგრამ ლალისგან სასტიკი უარი მივიღე. ძველ ნაცნობებთან შეხვედრას გავურბოდი, განსაკუთრებით თემოს გავურბოდი, მაგრამ ერთხელ შემთხვევით მაინც შევხვდით. მივესალმე, მან თავი ამარიდა, არაკაცი ხარო, მითხრა და გამშორდა. ხანდახან ჩემს მშობლებთან შევივლიდი ხოლმე, დედაჩემი გრძნობდა ჩემს მდგომარეობას და ისე მიყურებდა, ვატყობდი ვეცოდებოდი, მაგრამ ეს უფრო მაღიზიანებდა. ვიცოდი, პატარა თემურს მკურნალობასა და ყურადღებას არ აკლებდნენ, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა.
- ბავშვს ვერ ნახულობდით?
- კი, ერთხელ, როცა ლალი სახლში არ იყო, დედამისს და მამამისს დავუჩოქე და მაჩვენეს. ამ დღიდან ერთი თვის მერე კი გარდაიცვალა. გასვენებაში მისვლა ვერ გავბედე, ვინმესი კი არ მეშინოდა, მხოლოდ ჩემკენ ზიზღით მომზირალი თვალებს ვერ გავუძლებდი. ერთი კვირა გარეთ აღარ გავსულვარ, გულში ნონასაც ვადანაშაულებდი, თუმცა ის რა შუაში იყო... ასე იყო თუ ისე, მასთანაც აღარ შემეძლო გაჩერება, ავიღე ჩემი ბარგი და შინ დავბრუნდი.
მას შემდეგ ორი წელია სიზმრებით ვცხოვრობ. ჩემს პატარა თემურს ინვალიდის ეტლით დავატარებ, პირს ვბან და ქერა თმას ვუვარცხნი. ის კი მადლიერი თვალებით მიყურებს და ეღიმება. სულ იმაზე ვფიქრობ, რითი გამოვისყიდო დანაშაული, ცოცხალი ადამიანების წინაშე კიდევ შეიძლება მოვახერხო, მაგრამ თემიკოს წინაშე?.. ხშირად მივდივარ მის საფლავზე და საათობით ვუყურებ საყვარელ სახეს. მინდა, თავი მისი საფლავის ქვას ვახალო, ქალივით ხმამაღლა ავტირდე, „მაპატიე ჩემო პატარა ბიჭუნა!“
მკითხველის წერილი