27 მარტი, 2014
''ჩემი ცოლი ჩემგან იმიტომ წავიდა, რომ არ ვცემდი''!..
ჩემკენ მთელი ტანით მოტრიალდა და ჯაკეტის სახელოები აიწია ქალი, რომელიც გულით იწყებს ''ფიქრს'' და არა გონებით, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნის გამო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს. ზოგს არც ის უქმნის უხერხულობას, რომ მამაკაცი სცემს. რთული სათქმელია, ეს მას სიამოვნებას ანიჭებს თუ არა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი თავის ყოფილ ცოლზე საუბრისას სწორედ ამას ამტკიცებს...

ლაშა, 30 წლის:

- მე და ნინო ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. მთელი უბანი მასზე იყო შეყვარებული. ულამაზესი გოგო იყო და ეს არცაა გასაკვირი. დედისერთაა და
მშობლები განსაკუთრებული სიმკაცრით ზრდიდნენ. მამამისი მგონი პურზეც არ გაუშვებდა თავის ქალიშვილს ისე, რომ მძღოლს არ წაეყვანა და მოეყვანა... მისი ოთახის ფანჯრები ჩემი ბინის ფანჯრებიდან კარგად ჩანდა. ყოველთვის ვიცოდი, რას აკეთებდა. ხშირად ვუყურებდი როგორ მეცადინეობდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა, სარკის წინ ტრიალებდა... ერთ დღესაც რაღაც განსაკუთრებულად დიდხანს იპრანჭებოდა. მერე სტუმრად თავის დაქალი ესტუმრა. გოგონებმა კიდევ დიდხანს იტრიალეს სარკის წინ და ოთახიდან გავიდნენ. მეც მაშინვე გავვარდი სახლიდან და უკან ავედევნე. გამიკვირდა, ნინოს მამამისის მძღოლი რომ არ აცილებდა. ცოტა ხანში გოგონებმა ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ, მეც მეორე ტაქსით უკან მივყევი. მათი მანქანა პეროვსკაიაზე ერთ-ერთ ბართან გაჩერდა. ცოტა ხანში ბარიდან ორი ბიჭი გამოვიდა და ნინისა და მის დაქალს შეეგება... სახლში ნირწამხდარი დავბრუნდი. თუ აქამდე თავს არ ვუტყდებოდი, რომ ნინი მიყვარდა, ახლა უკვე ეს აშკარა იყო.
- ნინოს იცნობდით, თუ მხოლოდ შორიდან მოგწონდათ?
- კი ვიცნობდი, ბავშვობაში წრეში ბურთს ერთად ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა მშობლები ეზოში ჩამოუშვებდნენ და ისიც იმ დროს ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ გაგიკვირდებოდათ. მართალია, ნინოს არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც სულ მეცოდებოდა. არ შეიძლება ბავშვი ასე გაზარდო...
- შემდეგ რა მოხდა?
- მთელი ის საღამო ფანჯარასთან გავატარე. ერთი სული მქონდა ნინო სახლში როდის დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც კი ჩამობნელდა, ნინოს ოთახში ჯერ დედა შევიდა, რომელიც შეშინებული სახით რაღაცას ეძენდა, მერე კი მამა. მერე სახლი ნინოს მეგობრებითა და ნათესავებით გაივსო. რაღა ბევრი გავაგრძელო და იმ დღეს ნინო და მისი მეგობარი სწორედ იმ ბიჭებთან ერთად გაიპარნენ, რომლებთან ერთადაც ბარში დავტოვე. ნინო გათხოვდა... მაშინ ის 17 წლის იყო, სკოლას ამთავრებდა. მალე დაფეხმძიმდა დარჩა და ისეთი ტოქსიკოზი ჰქონდა, რომ სახლიდან ვერ გადიოდა.
- მისი მშობლები ამ ფაქტს როგორ შეეგუვნენ?
- ხმას არ სცემდნენ, მაგრამ მერე შეურიგდნენ. ახალდაქორწინებულებს ცალკე ბინა უყიდეს და მოკლედ, ზედ ყვებოდნენ... 9 თვის თავზე ნინო სამშობიაროში წაიყვანეს. ძალიან ცუდად იყო - ძლივს გადაარჩინეს. ბავშვი დაეღუპა... ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მისი ამბავი არ ვიცოდი. ერთ საღამოს ჩვენს ქუჩაზე პატარა სკვერთან წყლის დასალევად რომ შევჩერდი, ერთ-ერთ სკამზე ნინო დავინახე. მარტო იჯდა. მივუახლოვდი თუ არა, თავი ასწია და ისეთი სევდიანი თვალებით შემომხედა, გული მომიკვდა. საუბარი თვითონ დამიწყო. იმ დღეს საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ ნინოს გრძელსახელოებიანი ჟაკეტი ეცვა. გამიკვირდა, ჯერ არაფერი მითქვამს, მაგრამ მერე ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, არ გცხელა-მეთქი? ლაპარაკი უცებ შეწყვიტა, ჩემკენ მთელი ტანით მოტრიალდა და ჯაკეტის სახელოები აიწია. ნინოს თეთრ და ფითქინა ხელებზე ალაგ-ალაგ მოლურჯო-მოიასამნისფრო ლაქები აჩნდა. ''მცემს!'' - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა მან, წამოდგა და სკვერიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
- ქმარი იგულისხმა?
- დიახ, ქმარი! იმ ნაძირალას თურმე საშინელი სიმთვრალე ჰქონდა. სამსახურის შემდეგ რესტორნებს არ იკლებდა და შინ დაბრუნებული, ცოლს ცემდა. ეტყობა ნინო ამ ამბავს არავის ეუბნებოდა და მის მშობლებსაც ეგონათ, რომ შვილს ტკბილი ოჯახი ჰქონდა...
- თქვენ რა რეაქცია გქონდათ ნინოს ამ სიტყვებზე?
- მაშინ ვერაფერი ვუთხარი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სახლში მივაკითხე. მარტო იყო. თითქოს მელოდა, მომეჩვენა, რომ ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია. ოთახში შევედი თუ არა, პირდაპირ ვუთხარი, ქმარი მიატოვე და ცოლად მე გამომყევი-მეთქი. ნაღვლიანად გაიცინა და მითხრა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გიყვარდი. ხშირად დამინახიხარ ფარდის უკან დამალული, როცა ჩემს ფანჯრებს მალულად უთვალთვალებდი, მაგრამ ის ბავშვობა იყო და ყველაფერი უკვე წარსულია. გთხოვ, ახლა წადი და ეს ყველაფერი დაივიწყეო... სახლში როგორ დავბრუნდი, არ მახსოვს. ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. რამდენიმე დღეში ნინოს ქმარი ავარიაში მოჰყვა და გარდაცვალების. ის დღეები გვერდიდან არ მოვშორებივარ. ხშირად ვუმეორებდი, რომ შეეძლო ჩემი იმედი ყველაფერში ჰქონოდა. ის კი თავს ჩუმად მიქნევდა და ერთხელ მადლობის ნიშნად მაკოცა კიდეც... ერთი წლის შემდეგ ნინო ჩემი ცოლი გახდა. თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, იმიტომ რომ მისგან სითბოს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მერე ძალიან შეიცვალა და გახალისდა. ძველებურად გალამაზდა და თვალები ბედნიერებით აევსო. ვცდილობდი, მისთვის ყველა სურვილი შემესრულებინა და რაც აქამდე მოაკლდა, ახლა მიეღო. სხვადასხვა კურსებზე ჩავწერე, მინდოდა, სანამ მე სამსახურიდან დავბრუნდებოდი, ისიც სახლიდან გასული ყოფილიყო, რომ არ მოეწყინა. საბედნიეროდ, იმის საშუალება მქონდა, რომ ნინოს იმდენი ფული დაეხარჯა, რამდენიც სურდა და ისიც ხან ერთ მაღაზიას ''გამოზიდავდა'' გარეთ და ხან მეორეს. არც მეგობრებთან ერთად ვუშლიდი სადმე წასვლას, მოკლედ ჩემგან სრული თავისუფლება ჰქონდა.
- თითქმის ვხვდები, რასაც ახლა იტყვით...
- ალბათ მართლა ხვდებით (იღიმის). დიახ, ისე მოხდა, რომ ჩვენი 3-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნინომ მიმატოვა და თავის გერმანულის მასწავლებელთან ერთად გერმანიაში გაფრინდა. და, ეს ყველაფერი კი იცით როგორ გავიგე?! წასვლისას ჩემს ცოლს ვრცელი წერილი დაუწერია, სადაც ძირითადად მადლობებს მიხდიდა იმ ყველაფრისთვის, რაც მე მისთვის გავაკეთე. ნაცნობ-მეგობრების საშუალებით ნინოს მეგობრის ვინაობა გავიკითხე. აღმოჩნდა, რომ იმ კაცისთვის ნინო მეოთხე ოფიციალური ცოლი იყო. როგორც მითხრეს, იმ პირველმა სამმა ქალმა იმიტომ მიატოვა, რომ ეს კაცი მათ სცემდა. ერთი მათგანი დანით დაუჭრია კიდეც... არ ვიცი, როგორ მოვიქცე?! ნინოს უკან ხომ არ გავეკიდები, ამის აზრს ვერ ვხედავ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცოლი ჩემგან იმიტომ წავიდა, რომ არ ვცემდი!

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
წწწწწ
რა დებილობებს იგონებთ.მეტი ფანტაზია არ გაქვთ?
00:49 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩემი ბლოგი Creatiuli.Net
საინტერესოა ♥♥
16:15 / 28-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
შჰენ არ მეცოდები რადგან გეტყობა გულით კარგი ადამიანი ხარ და აუცილებლად გაგიმართლებს.აი ის კი სულ უბედური იქნება და არც ცემა დააკლდება
17:16 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
lel
Gmertma xeli mogimartot tqvenc da imasac:ddd
17:13 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS