23 მარტი, 2014
როცა შენი შვილი მეზობელს დაემსგავსება
ჩვენი სტუმარი 54 წლის ქალბატონი ნ.კ. საკუთარი ქალიშვილის თავგადასავალს გვიამბობს.  ალფონსის ტიპი, ფსიქოლოგების აზრით, ყველაზე არაკეთილსაიმედო მამაკაცთა კატეგორიაა. მიუხედავად იმისა, რას გრძნობ და რა მსხვერპლზე წახვალ მისი სიყვარულისთვის, სამაგიეროს მაინც არ უნდა ელოდო.
ჩვენი სტუმარი 54 წლის ქალბატონი ნ.კ. საკუთარი ქალიშვილის თავგადასავალს გვიამბობს. კანადაში დაწყებულ ისტორიას, რომელსაც თბილისში დაესვა წერტილი.

- ჩემი ქალიშვილი ოთხი წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრობდა. ის უცხოეთში სასწავლო პროგრამით სასწავლებელმა გაგზავნა. ნათია საუკეთესო სტუდენტი იყო, საკუთარ თავზე მუშაობა არ ეზარებოდა და შრომა დაუფასდა.
როცა კანადაში მიემგზავრებოდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა. ვფიქრობდი, რომ ეს მისი მომავალი ბრწყინვალე კარიერის დასაწყისი იყო. ნათია ხშირად გვიკავშირდებოდა, სწავლით კმაყოფილი იყო. პარალელურად მუშაობაც დაიწყო. მოგეხსენებათ, კანადა მდიდარი ქვეყანაა, შესაბამისად ანაზღაურებაც კარგი ჰქონდა. ჩემი გოგონა იმდენ ფულს შოულობდა, თბილისში ჩვენც კი გვეხმარებოდა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მისგან ამანათები შეწყდა, დედა ვარ და პირველ რიგში შვილის ბედნიერებაზე ვფიქრობ. შემეშინდა, რამე პრობლემა ხომ არ გაუჩნდა-მეთქი, თუმცა ნათია მამშვიდებდა, ცალკე ბინა ვიქირავე და მეტი ხარჯი მაქვსო. მალე ისიც შემაპარა, ერთ ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდება, რაც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებულიო.
- ვისზე იყო საუბარი?
- ჩემს შვილს ისეთი გული აქვს, ვიფიქრე, ვიღაც უპატრონო ნახა, შეიკედლა და მასზე ზრუნავს-მეთქი, რას წარმოვიდგენდი, რომ კანადაში ნახავდა ისეთ მამაკაცს, რომელიც მისი შესანახი იქნებოდა. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ადგილის პრობლემა არ არსებობს, მამაკაცი შეყვარებულის კმაყოფაზე როგორ უნდა ცხოვრობდეს.
- თავად გითხრათ, რომ შეყვარებული იყო?
- თითქმის ერთი წლის განმავლობაში მალავდა, ამასობაში ნათიას წამოსვლის დროც მოახლოვდა. როგორც ჩანს, მისმა ალფონსმა გადაწყვიტა, რომ უშრომელი შემოსავლის წყაროს დაკარგვას, ოკეანის გადაცურვა და სხვა კონტინენტზე გამგზავრება სჯობდა. მითუმეტეს, რომ თვითონ კანადაში ჩასული ფრანგი იყო და კეთილდღეობის საძებნელად კიდევ ერთი ქვეყნის მონახულებაზე უარს არ იტყოდა.
- კანადაში ჩასული ფრანგისთვის საქართველო კეთილდღეობა არ უნდა ყოფილიყო.
- კარგი, ვაღიარებ, რომ ნათიას მიმართ რაღაც გრძნობაც გააჩნდა, მაგრამ მე ის არაფრად მიღირს.
- არ მოგეწონათ?
- აეროპორტიდან საკაცეზე დასვენებული რომ არ გამომიტანეს, ძალიან მიკვირს, ჩემი ქათქათა ქალიშვილის გვერდით ფერადკანიანი რომ დავინახე. რასისტი არ გეგონოთ, მაგრამ საშინლად არ მომეწონა. ერთი კი ვიფიქრე, სახლში გავიქცევი, კარს გადავკეტავ და ერთადერთ ქალიშვილსაც დავკარგავ-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. ნათიას მეტი ამ ქვეყანაზე არავინ გამაჩნია. როცა სიძე ჩვენმა ნათესავებმაც გაიცნეს, დამამშვიდეს, აქ დიდხანს არ გაჩერდება, წავა და ნათიაც ნორმალურ ოჯახს შექმნისო, მაგრამ ალფონსი თავს ბედნიერად გრძნობდა. ქართული კერძები დააგემოვნა, აქაური გარემოთიც მოიხიბლა და სვანეთი, ყაზბეგი, რაჭა და ზღვისპირეთი კარვებით შემოიარა. რა ენაღვლებოდა, ტურისტივით უდარდელი და ცნობისმოყვარე იყო. მე ლამის გული გამხეთქოდა, ის კი იღიმებოდა და წამდაუწუმ ხელზე მეამბორებოდა ხოლმე. ჩემს ბედნიერებას ნათიას ფეხმძიმობა აკლდა და რამდენიმე თვეში მაგასაც მოვესწარი.
- სიძე შემოსავლის აუცილებლობაზე ამის შემდეგ მაინც არ დაფიქრდა?
- არა, მხოლოდ აქეთ-იქით წანწალს მოუკლო და შინ უფრო მეტ დროს ატარებდა. გამიხარდა, ცოტა ფულს მაინც დავზოგავთ-მეთქი, მაგრამ თურმე რა მახარებდა, ახალ უბედურებას გადამკიდა. ჩვენს კორპუსში ერთი გაუთხოვარი ქალი ცხოვრობს, ექთანი. 34 წელს გადააბიჯა და ბედი არა და არ გაეხსნა, ამ წარუმატებლობის ნიადაგზე ისე გაბოროტდა, სხვის ბედნიერებას რომ გაიგებდა, იბოღმებოდა. წარმოიდგინეთ, ნათიასთვის ეს კაციც კი შეშურდა. როცა ნათიას ნემსები დაუნიშნეს, მეზობელს ვთხოვეთ დახმარება. უარი არ უთქვამს, ხალისით დამთანხმდა. უფრო მეტიც, ნემსის გასაკეთებლად ერთი საათით ადრე მოდიოდა და გვიანობამდე შინ დაბრუნება უჭირდა. თავიდან მის ასეთ აქტიურობის მიზეზს ვერ ვხვდებოდი, ან რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ალფონსი სიძის სიყვარულის ცეცხლი მოედებოდა. ისეთი შტერი, რომელიც იმ მის შეყვარებას შეძლებდა, ქვეყანაზე ნათიას გარად არავინ მეგონა, თურმე ვცდებოდი.
ნათია ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ჩემს ექთან მეზობელს მიზეზობა დაეწყო, თანდათან წონაში მოიმატა და მუცელიც დაეტყო. ორჯერ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ გამოვიდა ალფონსი ექთნის ბინიდან. პირველად მაშინ ვიეჭვიანე, მაგრამ ნათიას ვერ გავუმხილე. როცა ჩვენს ოჯახში პატარა მულატკა გაჩნდა, მეზობელმა მაშინ აღიარა, ბავშვს შენი ქმრისგან ველოდებიო. ამის შემდეგ ისეთი ამბავი ატყდა, უარესის წარმოდგენა შეუძლებელია. ნათიას საზოგადოების აზრი არ აინტერესებს, ის საყვარელი ადამიანისთვის უკან არაფერზე დაიხევს. ასეც მოიქცა, კაცი ჩამოიყვანა, აცხოვრებდა, გაკილვის მიუხედავად, შვილიც გაუჩინა, მაგრამ შეურაცხყოფის მოთმენა არასდროს შეეძლო. ქმარი გაოცებული იყო, ასეთი მორჩილი და შტერი გოგო, ასეთ მონსტრად როგორ გადაიქცაო. ერთ ღამეს გააგდო შინიდან და აეროპორტის გზას გაუყენა. ეტყობა, ალფონსსაც ეს უნდოდა, მას პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნდა. მომენტით ისარგებლა და კუბის, საფრანგეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის გზას დაადგა ახალი თავგადასავლებისთვის.
- უბანს კი სამახსოვროდ ორი ბავშვი დაუტოვა?
- ორი გოგონა, ორივე მულატკა. ულამაზესი ბავშვები არიან. მისი დედის დანახვა არ მინდა, მაგრამ მეზობლის ბავშვს ყოველთვის ვეფერები. ისე ჰგავს ჩემს შვილიშვილს, შეუძლებელია არ მიყვარდეს. ალბათ ადრე თუ გვიან ნათიაც დამშვიდდება და შეძლებს მეზობელს აპატიოს, რადგან მათ ძალიან ბევრი საერთო აქვთ.

მკითხველის წერილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS