ჯანეტ ქერდიყოშვილი საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა, მშვენიერი მოდელის წარმატებას სამ დღეში უდიდესი ტრაგედია მოჰყვა, მისი პატარა დაიკო ანეტა ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
ანეტა ქერდიყოშვილი შემთხვევის დროს სახლში ძმასთან ერთად იმყოფებოდა. მისი ძმა მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად იყო ჩასული, რა დროსაც კარზე უცხო ადამიანმა დააკაკუნა, პატარამ კი ფანჯრიდან ძმას დაუძახა, წონასწორობა ვერ დაიცვა და გადავარდა.
რაც შეეხება მეორე ტრაგედიას, სამი წლის წინ გარდაიცვალა დალის და დიანა ჩიტალაძე. "იმ პერიოდში რაღაც სანერვიულო შეხვდა. ვეხვეწებოდი, ჩემთან მოსულიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ დავამშვიდებდი. დილით კი დამირეკეს, დიანა ცუდად არის და მოდიო. დილის ძილი ძალიან მიყვარს და, როცა მაღვიძებენ, ვბრაზობ. იმ დილითაც ასე იყო, სულ ჩხუბ-ჩხუბით მივედი მის სახლში და დამხვდა საშინელება…
ამ შოკიდან დღემდე არ გამოვსულვარ. სამი დედმამიშვილი ვიყავით და მარტო დავრჩი. ამ ყველაფრის გადატანაში ძალიან დამეხმარა ჩემი მოძღვარი მამა გიორგი. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზიც რომ არ ვიცი, ესეც არ მასვენებს. სულ ჩემს თავს ვაბრალებ, რომ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, ზრუნვა დავაკელი.
დიანას გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს. ყველამ იცოდა, რომ ჩემთვის მეორე შვილივით იყო. მისი სკოლის დამთავრება, უნივერსიტეტში ჩაბარება – სულ მე დავყვებოდი ყველგან".
ტრაგედია იმალება ცნობილი და მუდამ ხალისიანი მსახიობის, ია ფარულავას უკან. რამდენიმე წლის წინ, მას ძმა დათო ფარულავა დაეღუპა. დათო ფარულავა ხელოვანი იყო და საკმაოდ წარმატებული მამაკაცი გახლდათ. ის მეგობართან ერთად სამოგზაუროდ იმყოფებოდა ინდოეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა. ია ფარულავამ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ ძმა ნარკოტიკების მიღების შედეგად დაეღუპა. „პირადად მეც ცუდი ისტორია მაქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მე დავმარცხდი ნარკოტიკებთან ბრძოლაში ჩემი ძმის მაგალითზე, რომელიც ნარკოტიკებით გარდაიცვალა.
თუმცა, ჩვენ ამას არ ვმალავთ, როგორც სხვა დანარჩენი ხალხი, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით… ნარკოტიკი
ანგრევს ადამიანს და ქედს ვიხრი შენს წინაშე, რომ შენ ეს ბრძოლა მოიგე, რადგან არცერთი ნარკომანი არ თვლის, რომ პრობლემა აქვს, არცერთ ნარკომანს არ ეშინია სიკვდილის, ჰგონიათ, რომ ეს მათ არ დაემართებათ…“, – მიმართა ია ფარულავამ ილო ბეროშვილს.
3 წლის იყო თიკა ფაცაცია, როცა ტრაგედია მის ოჯახში დატრიალდა. მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ფაცაციას დედა იხსენებს, შემთხვევა ერთ-ერთ პიონერთა ბანაკში მოხდა, სადაც ბავშვები ხელმძღვანელთან ერთად ისვენებდნენ.
- 9 წლის იყო. ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა. ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო. მაშინ თიკა 3 წლის იყო და არაფერი ახსოვს. ვისაც მსგავსი ტრაგედია შეხვდა ცხოვრებაში, მირჩევდნენ, მეორეზე გადამეტანა მთელი ყურადღება და მისთვის არაფერი მომეკლო. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი უბედურება გამოიარეს. ახლობელს ერთი შვილი წყალში დაეხრჩო, მეორე რუსთავში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნდა – ამბობდა, არასდროს მიგრძვნია, რომ ოჯახში შვილი ვიყავიო. დედამისი სულ გლოვობდა, გარდაცვლილი შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს მაგალითები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ თავი ხელში ამეყვანა - იხსენებს მომღერლის და ტელეწამყვანის დედა.
თიკას კიდევ ჰყავს ერთი ძმა ლევან ფაცაცია, რომელიც კალათბურთელია.
2009 წელს ელდარ შენგელაიას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი თბილისი შეძრა. მისი ქალიშვილი 23 წლის ელენე შენგელაია ავარიის შედეგად დაიღუპა.
„ის დღე, 11 სექტემბერი, არაფრით ყოფილა გამორჩეული… სახლში მომიყვანა და… მერე, ეს ტრაგედიაც დაგვატყდა… მე რაღაცნაირად დავიჯერე, რომ რაც მოხდა, ასეც უნდა მომხდარიყო. ეტყობა, განგების მიერ მისი ცხოვრება 23 წლით იყო შემოფარგლული. თავის ასაკთან შედარებით ბევრი რამის ნახვა მოასწრო. თუმცა, რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე ადრე უნდა წასულიყო. ელდარი დღემდე ვერ მშვიდდება, მანქანა არ უნდა გვეყიდა, იქნებ ტრაგედია თავიდან აგვეცილებინაო", - იხსენებს ელენეს დედა ნელი დავლიანიძე.