18 აპრილი, 2019
როგორ ცხოვრობს 84 წლის პირველი საბჭოთა ჯაზმენი დღეს და რატომ უწოდებს თავს სიმღერის ტყვეს ტიტულოვანი მომღერალი?
სასიმღერო კარიერა 50-იან წლებში დაიწყო, მაშინ, როცა არათუ სიმღერა, ჯაზის მოსმენაც მკაცრად ისჯებოდა. ტოტალიტარული რეჟიმის მარწუხებს არათუ გაექცა, ყველა აიძულა ქედი მოეხარათ მისი ტალანტის წინაშე. ის არ ავსებდა თბილისის მრავალათასიან დარბაზებს და მის სახეს პროჟექტორები არ ანათებდნენ, მღეროდა პატარა, ჯაზისთვის შესაფერის კლუბური სტილის დარბაზებში და თვალებში უყურებდა მაყურებელს. თავით ფეხამდე ჯაზმენი არა მხოლოდ ტემბრით, ტემპერამენტითა და შესრულების მანერით გამოირჩეოდა, მისი გარეგნობაც არანაკლებ თვალშისაცემი იყო, თვალების შავად შეღებვა, თავისი ხელით შექმნილი სასცენო კაბები და გამორჩეული ვარცხნილობა
- ეს ისაა, რაც მის სტილს ქმნის. ჯაზ კომპოზიციებთან ერთად ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი არაერთი სიმღერის პირველი შემსრულებელი გახდა და რომანსებსაც მისეული ინდივიდუალიზმი შესძინა, შემდეგ ჯერ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გააცნო თავი, პირველი ჩანაწერი პოლონეთში გააკეთა, სოპოტის პოპ-ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა და საბჭოთა საზღვრებიც მალე გაარღვია, ბევრი მუსიკოსისთვის წარმოუდგენელ მწვერვალებს მიაღწია, იმოგზაურა კუბაში, სადაც მას ფესტივალის სენსაცია უწოდეს.

მსოფლიო აღიარების შემდეგ, დღეს 84 წლის ცოცხალი ლეგენდა თბილისში, მის ერთგულ მეგობარ, "ჯაზისთან" (პუდელი) ერთად ცხოვრობს, უსმენს რაღა თქმა უნდა ჯაზსს და სამომავლო გეგმებს აწყობს, ბიოგრაფიული წიგნი და ლექსების კრებული უკვე გამოსულია, ახლა წინ ახალი ამოცანებია.

მომღერალს სახლში ვეწვიეთ, ზუსტად რომ მოგვეგნო, მეზობელ კურპუსში ქალს ვკითხეთ, გიული ჩოხელი, რომელ სახლში ცხოვრობს? შუახნის ქალბატონმა კი გვიპასუხა: "ის ქალი, მანქანას რომ ატარებს? პირდაპირ სადარბაზოში.." დიახ, ის სწორედ ასე გაიხსენეს, 84 წლის ქალი, რომელიც მანქანას ატარებს, მანქანაშიც უსმენს ჯაზს და საჭესთან საკუთარ და სხვა ჯაზმენების სიმღერებს ყვება მისი ხავერდოვანი ხმით...

Rating

- ინგლისურ სიმღრებთან ერთად, რომლის შესრულებაც ძალიან მსიამოვნებდა, იყო ქართველი კომპოზიტორების სიმღერები, ასეთი იყო: "ეს იყო სიზმარი.." , გურამ ბზვანელის "ჩავაქრე სანთელი", აზარაშვილის "მზე ჩემი კარგი მეგობარია..", რომლებსაც გულით ვმღეროდი, შემდეგ გავიდა წლები, ვიმოგზაურე მრავალ ქვეყანაში, რეპერტუარი შეიცვალა და დამავიწყდა საერთოდ ეს სიმღერები. წლების შემდეგ მოხდა ჩემი დაკავშირება არაჩვეულებრივ ადამიანთან - ნია ბახტაძესთან, რომელიც დაინტერესდა ჩემი შემოქმედებით, მომზადდა გადაცემები და ამ დროს ამოქექა მთელი ჩემი სიმღერები რადიოს არქივიდან, მათ შორის "ჩავაქრე სანთელი", რომელზეც მითხრა, შენ ყოფილხარ ამ სიღერის პირველი შემსრულებელიო... რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი, ნუთუ ეს მე ვარ, ვერ ვიცანი ჩემი ხმა, მართლა კარგი შესრულებაა. ყველა ამ სიმღერაში მე ჩემი გული ჩავდე და ამას ეს ეტყობა. შემდეგ სწორედ ნიამ მითხრა, უკვე დროა შენი ვარსკვლავი გაიხსნასო და ფილარმონიის წინ ჩემს იუბილეზე გაიხსნა ვარსკვლავი, კულტურის მინისტრმა ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადმომცა.

- ქალბატონო გიული, არაერთი გოგოს მიბაძვის ობიექტი იყავით მრავალი წლის განმავლობაში, გყავდათ თუ არა ადამიანი, რომელსაც თქვენ თავად ბაძავდით რამით იმ წლებში?

- გეტყვით, მე სვანეთის უბანში ვცხოვრობდი, ჩამოვიდოდი ქვემოთ და ჩვენი მთავარი გამზირი, გართობის იყო პლეხანოვი, სადაც ვსეირნობდით. ვდგავარ კინოთეატრთან და ვხედავ ვიღაც არაჩვეულებრივი გოგონა მოდის, სასწაულად შეღებილი თვალებით, ის, რა თქმა უნდა, არ მიცნობდა, ჩვეულებრივად ჩამიარა გვერდი. დედაჩემი მოგეხსენებათ მსახიობი იყო, მთელს თბილისს იცნობდა და არ გამიჭირდებოდა, გამერკვია მისი ვინაობა. ეს ულამაზესი გოგონა იყო ჯულიეტა ვაშაყმაძე, იმ წლების თბილისში პირველს მას ჰქონდა ლამაზად დახატული თვალი.
უნდა გითხრათ, რომ ყველა ჩემი გამოსასვლელი კოსტიუმი ჩემი ხელითაა გაკეთებული, ამ მიმართულებით სხვისთვის არასოდეს მიმიბაძია.

- თქვენს ცხოვრებაში იყო ამერიკული წლებიც, თუ შეგიძლიათ აღგვიწეროთ, როგორი შეგრძნება იყო, როცა ჯაზის ქვეყანაში პირველად მოხვდა გოგო, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან?

Rating

- ამერიკა ნამდვილად ჯაზის სამშობლოა, მე გერმანულ ჯაზს არ ვუსმენ. რაც შეეხება თვითონ ქვეყანას, ამერიკას მე დავარქვი - ნიანგი გაღებული პირით, რომელიც გელოდება, როგორც კი შეხვალ, დაკეტავს პირს.. რაც შეეხება ჩემს პირველ გასვლას, 90-იანი წლებია, ავტომატების ჭახაჭუხი ისმის და ჰაერში ბორბლების ნამწვი ტრიალებს. დედა მყავს ავად, ჩემი შვილი უმუშევარია და ამ დროს და მე ვარ სცენიდან ჩამოსული ქალი - არავინ. ამ დროს ირეკება ტელეფონზე ფრაზით: უპასუხეთ ამერიკას. რა ამერიკა? წარმოუდგენელი იყო, ყოველთვის რაღაც მეხი მეცემა თავზე, ღვთისმშობლის ხელს ვგრძნობ. ძალიან ბევრი სასწაული ხდება ჩემს ცხოვრებაში.. ვიღებ ყურმილს და მეუბნებიან: მოგესალმებით ვარსკვლავო, გაირკვა, რომ ეს იყო ახალგაზრდა ბიჭი, სტუდენტი, რომელსაც მე წლების წინ მოსკოვში შევხვდი ინტერვიუსთვის. დამირეკა, დიპლომს ვაბარებ თემად თქვენი შემოქმედება ავიღეო და უარს როგორ ვეტყოდი, ვესაუბრე ჩემს შემოქმედებაზე და ეს ბიჭი თურმე 1974 წლიდან წავიდა ემიგრაციაში, თვითონ დაიწყო ჯაზის შესრულება, თავისი ტელევიზია აქვს, არ ვიცი, იცის თუ არა, რა ხდება საქართველოში, ამ თემას არ შეხებია და მეუბნება აიღეთ ბილეთი გელოდებით ამერიკაში, წავედი, დამხვდა აეროპორტში ეს ბიჭი, ოლეგი, მან მომაქცია დიდი ყურადდღება, მიმიწვია კარნეგი ჰოლში სტუმრად, როგორც პირველი ქართველი ჯაზ შემსრულებელი, გამოვიდა ჩემი დისკი, ჩემს შემოქმედებას დაუთმო გადაცემები მის ტელევიზიაში, რომელიც ამერიკაში ფუნქციონირებს და მოვექეცი ყურდაღების ცენტრში.

- როდესაც თავის პროფესიაში აღიარებული ხელოვანები რაღაც პერიოდით ჩრდილში მოექცევიან, თითქოს იკარგებიან, ვეღარც ნახულობენ სხვა გზას, თქვენ როდესაც შემოქმედებითი პაუზა გქონდათ, არ დაიკარგეთ და დაიწყეთ პოლიეთილენის პარკებისგან ნახატების შექმნა, როგორ მოვიდა ეს თქვენს ცხოვრებაში?

Rating

- სწორედ ამერიკაში როცა მოხდა შეხვედრა „კარნეგი ჰოლში“, გამოაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი პირველი ჯაზ მომღერალი. ადგნენ სკამებიდან ხალხი, რომლებმაც დაიწყეს ყვირილი ჩვენი ახალგაზრდობის მომღერალი! გიული ჩოხელი! ესენი იყვნენ ებრაელები, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, იცოდნენ ჩემი სიმღერები და წლების შემდეგ დაფუძნდნენ ამერიკაში, ძალიან თბილად შემხვდნენ, მაჩუქეს საჩუქრები. მოვედი სახლში და ეს საჩუქრის პარკები მოვათავსე კარადაში, რაღაც დროის შემდეგ გამოვაღე და დავინახე არაჩვეულებრივი სურათი, ფერები, პროფილი ადამიანის, ჩემმა წარმოსახვამ დაინახა და დავიწყე ნახატების გაკეთება, არსად არ მინახვს მსგავსი რამ. 10 თვე არ გამომიშვეს, ამ ბიჭმა გამიკეთა გამოფენა, სადაც 100 ნამუშევარი გამოვფინეთ. ერთი პორტრეტი იყო ძალიან კარგი მსახიობის. 10 დღე იყო გამოფენა და გალერიის ხელმძღვანელი უტრიალებდა გარშემო ამ ნამუშევარს, წავიდოდა-წამოვიდოდა, იქ მოვიდა, სადაც ეს ეკიდა, ამბობდა - ბიუტიფულ, გავიდა ეს 10 დღე, უნდა ჩამოვხსნათ ნახატები, ბიჭებმა ჩამოხსნეს ნახატები, ყველაფერი ადგილზეა, აკლია მხოლოდ მსახიობის პორტრეტი, მაშინვე მოვტვინე, რომ ეს აიღო გალერიის ხელმძღვანელმა, ბიჭებს ვუთხარი, დაკიდეთ ყველა ნახატი ადგილზე! დაკიდეს, გამოვიდა გამოსამშვიდობებლად და ხედავს დაკიდულია, რაშია საქმეო, მე ვუთხარი ეს არის თქვენი, ჩამეხუტა, მითხრა: მიხვდიო? მე ვუთხარი: მე ქართველი ვარ, ყველაფერს მივხვდი მეთქი, წამოვედი ასე, ალბათ ის დღემდე აკეთებს გამოფენებს.

- თქვენ ამბობთ, რომ თქვენ იყავით თქვენი სიმღერის ტყვე. თქვენი შვილი კი სულ გელოდებოდათ, ენატრებოდით და სწორედ ამ მოტივით, რომ თქვენ ძალიან დაკავებული იყავით, მან უარი თქვა ამ გზაზე.

- სულ იყო გასტროლები, კონცერტები, ჩვენ ტელეფონით ვურთიერთობდით, წერილებით, როგორც კი მქონდა თავისუფალი დრო, მოვფრინდებოდი თვითმფირინავით და თავისუფალ დროს ვატარებდი მასთან ერთად, ის სულ მელოდებოდა, მე ვერ დავესწარი მის მნიშვნელოვან მომენტებს, გარდა ურთიერთსიყვარულისა, შემდეგ რომ წამოიზარდა, ერთად ვიყავით. ჩემი შვილი იყო ჯაზმენი, წერდა კომპოზიციებს, ძალიან ნიჭიერი იყო, მე ვუთხარი, გელოდები, შვილო, სცენაზე, იმიტომ რომ აქ ჯაზ ფესტივალზე, რომელიც გაიოზ კანდელაკმა მოაწყო, ერთად გამოვედით და მთელი დარბაზი ფეხზე დაუდგა, მაგრამ მან მითხრა, მე კარიერას არ გავიკეთებ, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა შენ მენატრებოდიო, და არ მინდა, ჩემი შვილი, გიორგი, მონატრებული იყოს. მან მარტომ დამოუკიდებლად გაზარდა თავისი შვილი, ჩემგან განსხვავებით.

Rating

- და ბოლოს, ქალბატონო გიული, ასეთი აზრი არსებობს, რომ რაოდენ დიდი მიღწევაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს წარსულში, ის უნდა გათავისუფლდეს მისგან, რომ მომავალშიც შექმნას რაიმე საინტერესო, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- ნამდვილად ასეა, იმ სიმღერებს, რომლებსაც თქვენ ახლა მახსენებთ, თავისი პერიოდები აქვთ, არ ვარ დაინტერესებული მათი გამოხმაურებით და ა.შ. თუ სულ იმაზე იფიქრებ, ვერ შექმნი ახალს ვერაფერს. დღეს მე ვწერ ლექსებს, გამოვეცი 2 წიგნი, სადაც ჩემი ცხოვრება შევაჯამე, თუმცა, არც ამაზე ვაპირებ შეჩერებას.
ზაურ მირიანაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS