აბიტურიენტობიდან გამოჩნდა მის ცხოვრებაში კინო და სწორედ კინომ შეახვედრა მის მომავალ მეუღლეს რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის. პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟს, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო შტოს შთამომავალია. ვერ გეტყვით, უოცნებია თუ არა ლეილა ყიფიანს, ბავშვობაში თითქმის ყველა
რეზო ჩხეიძის საკულტო ფილმ "ღიმილის ბიჭებს" უკავშირდება ლეილა ყიფიანისა და ნუგზარ ბაგრატიონის გაცნობა. როგორც ყვებიან, ერთმანეთს ფილმის სინჯებზე შეხვდნენ და დამეგობრდნენ, თუმცა, ნუგზარ ბაგრატიონს ცხოვრებაში ლეილა არა ერთხელ ჰყავდა ნანახი, რადგან მისი სახლის წინ იყო ის სკოლა, სადაც მაშინ უკვე ვარსკვლავი ლეილა ყიფიანი სწავლობდა. ნუგზარიც ხშირად უყურებდა, როგორ ბრუნდებოდა, მშვენიერი გოგონა სკოლიდან სახლში წიგნებით დატვირთული, თუმცა, მაშინ ერთმანეთს არ დაკონტაქტებიან. ფილმში კი ერთად ითამაშეს და პრემიერის შემდეგ მილოცვებსაც ერთად იღებდნენ. 3 წელი იყვნენ შეყვარებულები და საბოლოოდ, როგორც პრინცს და პრინცესას შეეფერება, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.
ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი ლენინგრადში
ლეილა ყიფიანი ნელ-ნელა ჩამოშორდა კინოეკრანებს. როგორც თავად ამბობს, მეუღლის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა, გათხოვების შემდეგაც ითამაშა რამდენიმე როლი სხვადასხვა ფილმში, თუმცა, მას შემდეგ რაც დედა გახდა, ნელ-ნელა კინოკარიერა მისთვის მეორე ფლანგზე გადავიდა.
თავად ამბობს:
" ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი ამ მითამაშია. გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა, ხანდახან, როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა, ახლა ამაზე საუბარი გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა. "
ლეილა ყიფიანი პროფესიით ბიოლოგია, მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლის დამთავრების შემდეგ დღემდე პროფესიით მუშაობს. კინოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გააჩნია და მადლობელია ყველა იმ რეჟისორის, რომლებმაც ასეთი მნიშვნელოვანი როლების განსახიერება ანდეს.
თუმცა, დღეს ლეილა ყიფიანი არ ცხოვრობს საჯარო ცხოვრებით, ნაკლებად იძლევა ინტერვიუებს და თითქმის არ ესწება ღონისძიებებს, სადაც მის კოლეგებს ნახავთ.
მისი ბიოგრაფიის გაცნობისას, შესაძლებელია, პარალელი გაავლოთ მსახიობ გრეის კელისთან, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ქალად მიიჩნევა.
ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა, რომელიც ცოლად მონაკოს პრინც რენე მესამეს გაჰყვა, ყველასათვის საოცნებო კინო კარიერა გვერდით გადადო და ხელი მიჰყო პრინცესის ეგიდით საზოგადოებრივ საქმიანობას მონაკოში.
ალფრედ ჰიჩკოკის მცდელობის მიუხედავად, რომ კელის პრინცესობის პერიოდშიც ეთამაშა კინოში, შეუძლებელი აღმოჩნდა, პროექტი ჩაიშალა და კელიმაც სამუდამოდ ჩაიქნია ხელი მისი ცხოვრების მთავარ საქმეზე. გრეის კელი 1982 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ის დღევანდელი მონაკოს მმართველის, პრინც ალბერ მეორის დედაა.
ლეილა ყიფიანი დღეს ორი ქალიშვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებიაა. მისი შვილია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. მისი და დავით ბაგრატიონ მუხრანელის ვაჟი გიორგი ბაგრატიონი საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ტახტის მემკვიდრედ მოიაზრება.
ლეილა ყიფიანი შვილიშვილის შესახებ ამბობს:
„სულ მეგონა, რომ რომელიმე შვილიშვილ გოგონას გამოჰყვებოდა ჩემი თვალები, მაგრამ არც ერთს არ გამოჰყვა. სამაგიეროდ, გიორგის აქვს ცისფერი თვალები,”.
ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი
მონაკოს კინოვარსკვლავი პრინცესა გრეის კელი ამერიკის კინოინსტიტუტმა კინოს 100 საუკეთესო ვარსკვლავთა შორის მე-13 ადგილზე დაასახელა, ხოლო ჟურნალმა "ვოგმა" 100 ყველა დროის ყველაზე ელეგანტურ ქალთა სიაში 1 ადგილი მიაკუთნა.
ლეილა ყიფიანი კი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია, ეკრანზე აღარ გამოჩენილა, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება ქართულ კინოში, მან ერთგვარად გააგრძელა დიდი ქართველი კინოვარსკვლავების გზა და ეკრანზე ქართველი ქალის სრულყოფილად წარმოჩენას შეუწყო ხელი. უამრავი ადამიანი დღემდე ვერ მალავს ემოციებს მისი გმირის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე: " შენ კი გხედავ სოსოია, შენ გხედავ და მზეს.."
ზაურ მირიანაშვილი