24 თებერვალი, 2019
"ქვედა "განყოფილებაში" რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და ქართველი გოგონები მუშაობდნენ, თუ არ გავასწრებდი, მეც იგივე დღეში აღმოვჩნდებოდი..."
"ყოველღამე ჩემს მძინარე შვილებს საათობით ვუყურებდი. თითქოს მარაგს ვიკეთებდი, დიდხანს რომ ვეღარ ვნახავდი იმისთვის და თავს ვაგუებდი მათ გარეშე ცხოვრებას"


გზა, რომელიც ვითომ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად დაგეგმა, სინამდვილეში ჭაობი აღმოჩნდა, საიდანაც თავი ძლივს დააღწია... სამი შვილის დედა, 45 წლის თათია გვიყვება, თუ როგორ წაიყვანა ახლობელმა ვითომ მაღალანაზღაურებად სამსახურში, სინამდვილეში კი ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა.

- ახლობელმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი მუდმივი კლიენტი იყო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მითხრა, შენნაირი კარგი სტილისტი ასეთ დაბალ ანაზღაურებაზე არ
უნდა მუშაობდესო... ამას იმდენად ხშირად მეუბნებოდა, რომ მიუხედავად იმისა, პატარა ბავშვები მყავდა, მაინც ვიფიქრე ცოტა ხნით წასვლაზე, - იქნებ რამე თანხა დავაგროვო, რომ ჩემს შვილებს სამომავლოდ წაადგეთ-მეთქი.
ჩემს დას მაშინ ოჯახი არ ჰყავდა და მისთვის შემეძლო შვილების დატოვება. იოლი არ იყო, მაგრამ თვიდან თვემდე მხოლოდ საჭმელსა და კომუნალურებზე მუშაობაც მომბეზრდა. მთელი დღე ფეხზე ვიდექი და სახლში ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი, ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო არ მრჩებოდა...
ჰოდა, რამდენიმე თვე, ყოველღამე ჩემს მძინარე შვილებს საათობით ვუყურებდი. თითქოს მარაგს ვიკეთებდი, დიდხანს რომ ვეღარ ვნახავდი იმისთვის და თავს ვაგუებდი მათ გარეშე ცხოვრებას.


- მეუღლე არ გყავთ?
- მყავს, ოღონდ ისრაელშია. რამდენიმე წლის წინ "ქიუნეტის" გამო ვალები აიღო, დედამისის ბინა ჩაუდვია ბანკში და ჩემმა დედამთილმა აიძულა წასულიყო, ბინა რომ არ დაჰკარგოდა. მათ სახლში მას და მის სადაქალოს, საბავშვო ბაღი აქვთ გაკეთებული, წილი ყველამ ჩადო და ერთი სიტყვით, მისი გაყიდვის შემთხვევაში ძალიან ცუდად წაუვიდოდათ საქმე... საოჯახო კრებამ გადაწყვიტა, რომ ჩემი ქმარი მშენებლობაზე სამუშაოდ ისრაელში წასულიყო და ვალის გასასტუმრებელი ფული იქიდან გამოეგზავნა. ერთი თვის ხელფასს დედამისს უგზავნიდა, მეორე თვისას - ჩვენ. ასე იყო დაგეგმილი. ცუდი კაცი არ არის, უბრალოდ, დედის გავლენის ქვეშ იყო და ყოველთვის ასე იქნება. შუაღამეს მირეკავდა, ახლა მივედი სახლში და მძინარე შვილები მაინც დამანახვეო... 6 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით, მეტი კი არა და ისე მენატრებოდა, რომ ყოველი საუბრის შემდეგ ცრემლებს ვყლაპავდი.


- სამუშაოდ როგორ წახვედით?
- ერთხელაც, როდესაც ეს ჩემი კლიენტი მოვიდა, ვკითხე, - უცხოეთში სამუშაოდ წასვლაზე რომ მელაპარაკებოდი, რაღაცები მაინტერესებს-მეთქი. - იტალიური ბრენდის სალონია, თურქეთშიც აქვთ ქსელი და თუ კარგად აეწყობი, მერე იტალიაშიც წაგიყვანო. ოღონდ ვიზუალურ მხარეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენო. ვალები ავიღე, სასწრაფოდ კბილები მოვიწესრიგე, ვარცხნილობა შევიცვალე და დიეტაზე დავჯექი. თან ვერც ვამხელდი, თურქეთში რომ მივდიოდი, - სამი შვილის დედა ვარ, ქმარი აქ არ მყავს და ვინმემ რამე ცუდად არ იფიქროს-მეთქი...


- დამსაქმებელმა პირობები წინასწარ გაგაცნოთ?
- დიახ, მითხრა, რომ სალონთან ახლოს ბინას მიქირავებდნენ, სადაც უნდა მეცხოვრა, დილის 9 საათიდან საღამოს 8-მდე ვიმუშავებდი და კვირაში ერთი დღე - ორშაბათობით დავისვენებდი, მოჭრილი ხელფასი მექნებოდა და 10 კლიენტის ზემოთ - ბონუსი. ანუ მთლიანობაში, სადღაც 1.500 ლირა უნდა მქონოდა... იზმირამდე ავტობუსით ჩავედით და მეორე დღეს ახლომდებარე ქალაქ ესკისეჰირში გადავედით. სალონში რომ მიმიყვანეს, მაშინვე ვინანე, რომ ე.წ. იტალიური სილამაზის ცენტრების შესახებ მეტი ინფორმაცია არ მოვიპოვე.


- რა ხდებოდა იქ?
- ეს იყო სილამაზის ცენტრი, მართლაც იტალიური დასახელებით. ძალიან დიდი და თანამედროვე ინტერიერით. კარგი სამუშაო პირობებით, სარდაფში მასაჟის სალონი და გამაჯანსაღებელი ცენტრები იყო გახსნილი, რომელსაც მუშტარი არასდროს აკლდა... რამდენიმე დღეში უკვე მივხვდი, იქ რაც ხდებოდა, მაგრამ ვიფიქრე, მე არ მეხება, ჩემს საქმეს ვაკეთებ-მეთქი... ქვედა "განყოფილებაში" რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ყაზახი და ქართველი გოგონები მუშაობდნენ. ყველანი იქ ცხოვრობდნენ და კლიენტებზე ისეთი ტაციაობა ჰქონდათ, ლამის ცემა-ტყეპამდე მიდიოდნენ. თუ არ ჩავთვლით, რომ ზოგჯერ კლიენტი დიდ თანხას იხდიდა და რომელიმე გოგონა "მასაჟის გასაკეთებლად" რამდენიმე დღით ან კვირით სახლში მიჰყავდა... ქართველ გოგონებს გამოველაპარაკე, ზოგი მოცეკვავე იყო, ზოგი ვითომ ბავშვს ან მოხუცს უვლიდა... სულ 8 ქართველი დავითვალე. თუმცა, მითხრეს, სინამდვილეში მეტნი ვართ, უბრალოდ, დანარჩენები სხვაგან არიანო.
მამაკაცები ჯერ ჩვენთან შემო­ივლიდნენ და შემდეგ ჩადიოდნენ მათთან... უკვე ვფიქრობდი, რომ თვის ბოლოს დავბრუნდებოდი. იქაური ქალები და გოგონები ჩიოდნენ, დარღვევები გვაქვს, 3 თვეზე მეტია აქეთ ვართ და საზღვარზე თუ გადავედით, უკან შეიძლება ვეღარც დავბრუნდეთო, არადა, თითქმის ყველას ერთმანეთის, დამსაქმებლისა და უბრალო ნაცნობის ვალი ჰქონდათ. მივხვდი, რომ თუ არ გავასწრებდი, მეც იგივე დღეში აღმოვჩნდებოდი, ამიტომაც, ერთი სული მქონდა, როდის ავიღებდი ხელფასს, საქართველოში რომ დავბრუნებულიყავი... თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: სალონის მეპატრონემ მითხრა, ჯერ ხელფასი არ გეკუთვნის, ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით იყავი. აყვანილი ხარ, კლიენტები შენი მუშაობით კმაყოფილი არიან და მომავალი თვიდან კუთვნილ თანხას მიიღებო...


- სიტყვიერი შეთანხმება გქონდათ?
- დიახ, ხელშეკრულება არ გამიფორმებია. ვიფიქრე, ჯერ გადავხედავ-მეთქი. საცხოვრებელი პირობები მართლაც ნორმალური მქონდა... რამდენიმე ხნის შემდეგ ღიმილით მითხრეს, - ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც სულ შენთან დადის, დაინტერესდა შენითო. რა თქმა უნდა, უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ თავი შორს დავიჭირე, - ქმარი მყავს და არ მაინტერესებს-მეთქი.


- მეუღლემ იცოდა, სად იყავით?

- არა, მას ეგონა, რომ იტალიაში წავედი სამუშაოდ. მე ხომ სამი თვის შემდეგ დაბრუნებას ვაპირებდი და ვფიქრობდი, როდესაც ქმარიც დაბრუნდება, ყველაფერს მოვუყვები-მეთქი... მუდმივად მესმოდა იქაური გოგონებისგან, რომ ვიღაცას მაგრად გაუმართლა, ვიღაც მაღალჩინოსანს ერთ-ერთი მოეწონა და ცოლად შეირთო, მის შვილებზეც ზრუნავსო... იცინოდნენ, თურქი ქალები ვერ გვიტანენ, ამბობენ, ქმრები და შეყვარებულები წაგვართვესო. ერთი სიტყვით, ჩემგან უარყოფილი მელექი ვერ მოვიშორე. ცდილობდა ჩემს პატივისცემას, ჯერ ვარდებით დაიწყო, შემდეგ უფრო ძვირიან საჩუქრებზე გადავიდა. ჩვენი ცენტრის მეპატრონე ჩემი ცხვირის აბზუებას უარყოფითად ხვდებოდა, - მელექი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გულუხვი ვიზიტორია, შენი საქციელით ჩემი ბიზნესი მნიშვნელოვნად ზარალდებაო... თუმცა, შემდეგ არაფერი უთქვამს. თითქოს მელექსაც გადაუარა, ძველებურად არ მიჟუჟუნებდა თვალებს, სერიოზულად იქცეოდა და დავისვენე. ამასობაში ერთი თვე გავიდა და ჩემი კუთვნილი ხელფასი, 1.600 ლირაც ავიღე.


- სახლში დაბრუნება გადაი­ფიქ­რეთ?
- ცოტა ხნით, წინ კიდევ ერთი თვე მქონდა და ვიფიქრე, ამ დროსაც გამოვიყენებ-მეთქი... სტაბილური სამუშაო და ნორმალური ანაზღაურება მქონდა. ერთხელაც, ჩემმა უფროსმა მითხრა, სახლში გამოძახების შეკვეთა გაქვთ, 10 წუთში მანქანა მოვაო... ადრეც გავსულვარ, ქალებთანაც და კაცებთანაც. ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილი იყო. ქალაქგარეთ, თეთრი და ძალიან ლამაზი სახლის ჭიშკარს მივადექით. მანქანამ ჭიშკართან დამტოვა და წავიდა. გაოგნებული ვათვალიერებდი მარმარილოს სახლს. კიბეზე ჩემი თაყვანისმცემელი მელექი ჩამოვიდა, აბაზანის თეთრი ხალათით. - ჯერ ჩაი მიირთვითო. ზედმეტი არაფერი უკადრებია. თურქულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი, ის მხოლოდ იღიმოდა. ხელის კანკალით შევჭერი თმა. მან იმაზე მეტი გადამიხადა, ვიდრე მეკუთვნოდა და თავისი მანქანით გამომიშვა... სამსახურში რომ დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ აბონემენტი ჰქონია ნაყიდი და თანხის გადახდა არც უწევდა. ეგ თქვენი ფეშქაში იყოსო, მითხრეს. ამის შემდეგ, კვირაში ერთხელ მიძახებდა სახლში... და ერთ დღესაც მის საძინებელში აღმოვჩნდი... ამის შემდეგ ყველაფერი აირია. სახლში სტაბილურად ვგზავნიდი თანხას, მაგრამ მელექის შემდეგ სხვა გამოჩნდა, მისი მეგობარი, ასევე გავლენიანი და გულუხვი კაცი და მისი მომსახურებაც მიწევდა. ასე აირია ყველაფერი ერთმანეთში. როდესაც ქმარი მირეკავდა, დაკავებული ვარ-მეთქი, ვეუბნებოდი. ბრაზობდა, ჩხუბობდა, იბუტებოდა და მერე ისევ მირეკავდა, მემუდარებოდა, დაბრუნდი, შვილები შენ გარეშე ცოდვები არიანო...

- ამ სახის მომსახურებაში ცალკე გიხდიდნენ?

- თავიდან, ის მამაკაცები თავიანთი ნება-სურვილით მიხდიდნენ, შემდეგ უკვე ესეც აბონემენტის ფასში შედიოდა. ჩვენ ჩვეულებრივი სექსმონები ვიყავით. თანდათან სურათი ისე შეიცვალა, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დაინტერესებული, რომ მეტი და მეტი ახალი კლიენტი მოგვეზიდა, რადგან ახლები ყოველთვის კარგად იხდიდნენ. ეს ერთგვარი კომერციული ფანდი იყო... ჩვენი მეპატრონე გვეუბნებოდა, რომ ჩვენს გარეგნობაზე ზრუნავდა, საცხოვრებელ ფართობსა და ანაზღაურებას გვაძლევდა და მისი მადლიერი უნდა ვყოფილიყავით. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS