წლების წინ ერთი ბლოგი დავწერე ემიგრანტ ქალებზე. დედაჩემმა რომ წაიკითხა, მთხოვა, არ გამომექვეყნებინა. ზუსტად ამოიცნო სუბიექტი. მე მაინც გამოვაქვეყნე. სუბიექტის გარდა, 182 ადამიანი გამომეხმაურა. იყო ზარები, კაცების მხრიდან გინებაც. ქალების მხრიდან კი უფრო მეტის მოყოლის სურვილი.
ახლა ორი განსხვავებული ქალის ამბავს მოვყვები, რომლებიც
არც ერთი არ არის მართალი, მაგრამ ფაქტი ერთია, ერთმა ორისთვის ღირსება გაწირა.
როცა ქმარმა მიატოვა, არც მეტი, არც ნაკლები, თავშესაფარიც არ ჰქონდა. ბინა იქირავა. დილით საოფისე სამსახურში მუშაობდა. ხელფასი ძალიან დაბალი იყო. საღამოს სამსახურიდან წასული ბაზარში დახლებს ალაგებდა. საჭმლის ფული რომ დაეზოგა, სამსახურში თანამშრომლების მიერ გადაყრილ ჩაის ერთჯერად პაკეტებს „იპარავდა“, რომ მასაც ჩაი დაელია. სახლთან ახლოს ჯიხურში 35 თეთრად "კორჟიკები" იყიდებოდა. ერთს იყიდდა და ის იყო მისი ორი დღის საუზმე, სადილი და ვახშამი. სამსახურში მისი მარტოხელობის შესახებ არავინ იცოდა. ეს საიდუმლო ორი წელი შეინახა. მერე შემთხვევით მეგობრებში საუბრის დროს გაიგეს, რომ განქორწინებული იყო.
მას შემდეგ, რაც მარტო დარჩა, არასდროს შეხვედრია კაცი, რომელიც მას მის უპირატესობას დაანახებდა. პირიქით, მის ირგვლივ კაცები მისგან სწავლობდნენ, რჩევისთვის მიმართავდნენ, დახმარებას სთხოვდნენ და ისიც უანგაროდ, მაქსიმალურად აგვარებდა მათ პრობლემებს. წლებთან ერთად მისი ქალური გრძნობები გაქრა. ემოციები მისი ცხოვრების მწარე რეალობაში ჩაიკარგა და არც დაუშვია, მის ცხოვრებაში პარტნიორი გამოჩენილიყო. იყო და ცხოვრობდა რეალობაში, თავაწეული და ღირსეული.
ასე გავიდა 11 წელი. ერთ დღეს სისუსტე იგრძნო. ეგონა, გადაღლის ბრალი იყო. სისუსტეს ემოციური მდგომარეობა დაემატა. მიხვდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი დაღლა... ის ბრძოლით დაიღალა. მიხვდა, რომ საყრდენი სჭირდებოდა.
ერთ საღამოს მეგობართან სახლში ავიდა. იქ სტუმარი კაცი დახვდა. უხერხული მომენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მერე სიტყვას სიტყვა მოჰყვა და დიალოგიც შედგა.
რაღაც მოხდა იმ ღამით, რაღაც ახალი დაიწყო. იმ ღამით ქალმა გაიცნო კაცი, დაანახა, რომ არსებობს კაცი, ვისაც შეუძლია მოუსმინოს და დაეყრდნოს. უფრო მეტიც, აგრძნობინა, რომ ყველაზე მეტად ეს კაცი სჭირდებოდა.
კაცმა თავისი მოხერხებულობით, მალევე მოიპოვა ქალის ნდობა. დაიწყო ინტენსიური შეხვედრები, ზრუნვა. ესაუბრებოდა ძალიან ბევრს. ესაუბრებოდა საჭირო და მნიშვნელოვანზე. ქალი მიხვდა, რომ მასში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა. რამდენადაც მზრუნველი იყო კაცი, ათჯერ მეტად ცდილობდა ქალი, თავისი შესაძლებლობებიც გამოეყენებინა და მასაც გაეღო ყურადღების საზღაური (დეტალებს არ ვაკონკრეტებ, ორივე ქალის პატივსაცემად)... როცა ქალს ეგონა, რომ დაიწყო მის ცხოვრებაში რაღაც პოზიტიური, შემთხვევითი ვიზიტისას დაინახა მისი პარტნიორი კაცი ძველი მეორე ქალით.
უცებ დაწყებული ურთიერთობა ისევე უცებ განადგურდა - ბუნების მოვლენებიდან შესაძლოა ტაიფუნს შეადაროთ. ქალი, რომელიც კაცის სარეცელს თურმე წელზე მეტი იზიარებდა, თავად დაუკავშირდა „ახალბედა“ ქალს. გაარკვიეს, რომ თითქმის ერთნაირად ექცეოდა ორივეს, ერთნაირ სახელებს ეძახდა (კაცს ოჯახი არ ჰყავს).
ასეთი რამ ხშირად ხდება, მაგრამ ერთი გარემოებაა საინტერესო: „ახალბედა“ ქალმა მეორეს უთხრა, რომ ის არის კაცისთვის ძვირფასი, რომ მასზე ნერვიულობს და დაუმალა ბევრი დეტალი, რომელიც რეალობა იყო და მეორეს გულს ატკენდა.
მეორე ქალის უკან დგას დიდი ოჯახი. „ახალბედას“ „იმედი“ კი მეგობარი იყო, რომელმაც ამ ქაოსში ცეცხლზე ნავთი დაასხა (ძველ პარტნიორ ქალს მისი მეგობრისა და კაცის ურთიერთობის შესახებ მისწერა). თუმცა ამ ნაბიჯით ორივე მხარეს ახადა ფარდა და რეალობა გამოაჩინა.
აქვს კი აზრი, ასეთ დროს ვინმეს უპირატესობა დაუმტკიცო? - უბრალოდ, ერთ მხარეს გვყავს ქალი, რომელმაც შეიცნო თავისი უპირატესობა და იცის, რომ მასზე ნერვიულობენ და ფიქრობენ.
მეორე მხარეს გვყავს ქალი, რომელსაც უნდოდა, ეგრძნო ძლიერი კაცის გვერდით ცხოვრების გემო და ძალიან მწარედ შეცდა. მოისმინა, როგორ ფიქრობდა კაცი, რომელსაც თურმე ეგონა, რომ ეს ურთიერთობა დროებითი იქნებოდა. რომელმაც ამ ბინძურ ომში ქალური ეგოიზმი დაივიწყა და მეორე გაამხნევა. რაც შეეხება მეგობარს, რომელმაც მისი ინტიმური დეტალების შესახებ დაწერა, ქალი ამ მეგობრობის ღირსეული ერთგული დარჩა, მის საიდუმლოს სამარეში ჩაიტანს.
ზოგადად, ასეთ დროს შეურაცხყოფილი და დამცირებული ქალი ბევრ ცუდს ჰყვება, მაგრამ ის მათი ურთიერთობის გადარჩენაზე ფიქრობს. ვფიქრობ, სწორედ აქ გადის ზღვარი ღირსებას, პრინციპებსა და სურვილებს შორის.
და რას აკეთებს ამ დროს კაცი? ... (აქ გავიღიმოთ)