24 ოქტომბერი, 2018
ცნობილი ქართველებისა და მსოფლიო ვარსკვლავების შეხვედრები - ის, რაც ფოტოებმა შემოინახა
სოციალურ ქსელში ხშირად შეგვხვედრია ფოტოები, რომლებზეც მსოფლიო ვარსკვლავები და ქართველი მსახიობები არიან გამოსახულნი. შეხვედრები, რომლებიც ფოტოებმა შემოგვინახეს, გვახარებს, გვაოცებს და ღიმილსაც გვგვრის, თუმცა, ძალიან ცოტამ თუ ვიცით, როდის და რა ვითარებაში შედგა ეს ისტორიული შეხვედრები.

სერგო ზაქარიაძისა და სოფი ლორენის შეხვედრა 1965 წლით თარიღდება. ორივე მსახიობი მოსკოვის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებს შორის იყო და ორივე მათგანი ფესტივალის გამარჯვებული გახდა საუკეთესოდ შესრულებული ქალისა და მამაკაცის როლებისთვის. სერგო ზაქარიაძე "ჯარისკაცის მამით", ხოლო სოფი ლორენი ფელუმენას როლით წარადგინეს
ფესტივალზე კინოფილმიდან "ქორწინება იტალიურად" (Marriage Italian Style 1964).   ლეგენდარული მსახიობების პირველი შეხვედრა სცენაზე დაჯილდოებისას შედგა, შემდეგ იყო საზეიმო ვახშამი.


ამ ფოტოზე სოფი ლორენი ზაქარიაძეს სპაგეტით უმასპინძლდება

Rating

მოგვიანებით კი მსახიობებმა ქალაქის ქუჩებში გაისეირნეს. როგორც ყვებიან, სოფი ლორენს სერგო ზაქარიაძესთან ფოტოს გადაღების სურვილი თავად გამოუთქვამს, ალბათ ამიტომაცაა, რომ ფოტოგრაფებს ისინი არა ერთ ფოტოზე ყავთ ასახული და ამ შეხვედრიდან ბევრი ფოტო შეგვრჩა.

როდესაც ფესტივალი დასრულდა და ზაქარიაძე თბილისში დაბრუნდა, ტელევიზიაში შეხვედრა მოუწყვეს და კინოფესტივალის შთაბეჭდილებებზე ჰკითხეს. როდესაც სოფი ლორენთან დაკავშირებული შეკითხვა გაისმა, ითამაშებდა თუ არა ქართველი მსახიობი ულამაზეს იტალიელ მსახიობთან ერთად, სერგო ზაქარიაძემ უპასუხა: "მე მსახიობი ვარ და ყველა ჩემს კოლეგასთან, ქართველთან, რუსთან თუ ფრანგთან სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, სოფისთან თამაშზე არ ვიოცნებებ, რადგან მე ისეთ მსახიობებთან მითამაშია, როგორებიც ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილია. ისინი ტოლს არ უდებენ არც სილამაზით, არც ნიჭიერებით იტალიელ მსახიობს." წლების შემდეგ, როდესაც სოფი ლორენი 2016 წელს საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" კონცერტზე დასასწრებად ჩამოვიდა, მას ეს ფოტოები აჩვენეს, მსოფლიო ვარსკვლავმა კი განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა ეს შეხვედრა.

Rating

ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთმანეთს 1979 წელს გადაღებულ იტალიურ-საბჭოთა ფილმში "სიცოცხლე მშვენიერია" შეხვდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, მათ არა მხოლოდ ერთად იმუშავეს ფილმზე, დამეგობდნენ კიდეც და ორნელა გადასაღებ მოედანზე ოთარ კობერიძეს თავისი ცხოვრების დრამატულ დეტალებს უამბობდა, რაც პაპარაცებმა დააფიქსირეს და პრესაში მათ შესახებ ფოტოებთან ერთად, სტატიებიც გაავრცელეს. 70-იან წლებში ორნელა მუტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ყოველი დეტალი მისი ცხოვრებიდან ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა, სწორედ ამით ისარგებლეს ჟურნალისტებმა.

"ორნელა მუტის რუსულ-იტალიური ფილმის "სიცოცხლე მშვენიერიას" გადაღებებისას შევხვდი, იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი, არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძნე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ იტალიელ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე...

Rating


მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა, " ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს "ჭორიკნებმა"? და მაგიდაზე ჟურნალი გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი.. იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: "ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით", - იხსენებდა წლების შემდეგ ოთარ კობერიძე.

Rating

გრეგორი პეკისა და ლეილა აბაშიძის შეხვედრა ტოკიოს მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მაშინ გრეგორი პეკი ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე იყო და აშშ-დან ის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა ტოკიოში, ლეილა აბაშიძე კი მთავარ როლს ასრულებდა ლანა ღოღობერიძის "ორომტრიალში".

საქართველოდან კინოფესტივალს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და ლეილა აბაშიძე ესწრებოდნენ. ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, როდესაც პრიზების გამოცხადება ხდება, ქართულმა ფილმმა ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, რომელიც ლანა ღოღობერიძეს გადაეცა, თუმცა, დაჯილდოების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 4000-იან, საკურის ტოტებით საზეიმოდ მორთულ დარბაზში კიდევ ერთხელ გაისმა ქართული გვარი. გრეგორი პეკმა მის ფილნალურ სიტყვაში მოულოდნელად ასეთი რამ თქვა: " ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში ვნახე ორი სრულიად გამაოგნებელი მსახიობის ლია ელიავასა და ლეილა აბაშიძის არაჩვეულებრივი შესრულება და სინანული მიმყვება ამერიკაში იმის გამო, რომ რადგან ფილმა რეჟისურისთვის მიიღო პრიზი, ეს ქალბატონები დარჩნენ ჯილდოს გარეშე." ამ ფრაზის შემდეგ, ლეილა აბაშიძე წამოდგა ადგილიდან, გრეგორი პეკს გაუგზავნა საჰაერო კოცნა, შემდეგ გრეგორი პეკი ჩამოვიდა სცენიდან და გადაეხვია ქართველ მსახიობს.

Rating

მარჩელო მასტროიანი საქართველოს 1987 წელს ეწვია, მან რამდენიმე შეხვედრა ქათველ კინემატოგრაფისტებთან გამართა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მოინახულა. თბილისში ვიზიტისას მასტროიანი ლეგენდარულ რეჟისორს სერგო ფარაჯანოვს ესტუმრა. ფარაჯანოვმა, როგორც სჩვეოდა ხოლმე, მარჩელოს დღესასწაული დაახვედრა, საკუთარი ხელით გაკეთებული კოლაჟიც აჩუქა და ის მეზობლებიც გააცნო, რომლებიც მარჩელოსთან შეხვედრაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ. მარჩელო მასტროიანის სერგო ფარაჯანოვთან ვიზიტი ასახულია სერჟ ავედიკიანის მხატვრულ ფილმში: "ფარაჯანოვი" (2013).

ამ ფილმში არ შევიდა იმ შეხვედრის იტორია, რომელიც ასევე სერგო ფარაჯანოვის სახლში შედგა, მარჩელო მასტროიანს იმ პერიოდში თბილისის თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, მსახიობი ია ფარულავა შეახვედრეს.
შეხვედრას ფარაჯანოვთან და მასტრიოიანთან ერთად მხატვარი კოკა იგნატოვიც ესწრებოდა. სერგო ფარაჯანოვს სტუმრებისთვის უთქვამს, აბა, კოკა და მარჩელო შეაფასეთ ნამდვილი ქართული სილამაზე, ხომ ლამაზი გოგონააო.

ზაურ მირიანაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS