27 აპრილი, 2018
ის 25 წლის იყო: კატრინ დენევის უფროსი დის ტრაგიკული ბედი
ფრანგ დრამატულ მსახიობს, მორის ტენიაკსა (ფსევდონიმით დორლეაკი) და რენე დენევს სამი ქალიშვილი ჰყავდათ, კიდევ ერთი ქალიშვილი კი დანიელი რენეს პირველ ქორწინებაში, 1937 წელს შეეძინა.

1942 წელს ფრანსუაზა დაიბადა, 1,5 წლის შემდეგ კი, კატრინი. გოგონები ერთ ოთახში გაიზარდნენ და მცირე ასაკობრივი სხვაობის გამო, ტყუპებივით იყვნენ.

Rating

უფროსი და 10 წლიდან კინოვარსკვლავობაზე ოცნებობდა, უმცროსს კი მოდელობა სურდა. სამსახიობო კარიერა, აღიარება და კინოში გადაღება კატრინს არ იტაცებდა.

ფრანსუაზა მიზანდასახული იყო, კატრინი „რთულ“ ბავშვად მიიჩნეოდა.

„მე ჩემი უფროსი დის, ფრანსუაზას
საპირისპირო ვიყავი - ის არასდროს ეწეოდა, მე ვეწეოდი. არ სვამდა, მე კი დალევა მიყვარდა. ის თითქმის არაფერს ჭამდა, კვერცხის გარდა, მე ჭამა მიყვარდა“, - იხსენებს დენევი.

ფრანსუაზა დებიდან პირველი იყო, რომელმაც კინოკარიერა დაიწყო, მოგვიანებით კი ის ადამიანი გახდა, რომლის წყალობითაც კატრინ დენევი კინოთი დაინტერესდა.

საზოგადოებას რომ არ არეოდა, გოგონებმა სხვადასხვა გვარი მიიღეს - ფრანსუაზამ მამის ფსევდონიმი - დორლეაკი, კატრინმა კი დედის გვარი - დენევი.

„მე ლამაზი ვარ, კატრინი კი კარგია. მე გენიალური ვარ, კატრინი ნიჭიერი“, - ამბობდა ფრანსუაზა. ასე ფიქრობდნენ მაშინ გარშემო მყოფებიც.

Rating

თუმცა, ფრანსუაზა ასე ყოველთვის არ ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი არასტანდარტული სილამაზე, არასიმეტრიული სახის ნაკვთები, ჟღალი თმა და საკუთარი გარეგნობის წარმოჩენის უნარი აჯადოებდა, იყო დღეები, როცა საკუთარი გარეგნობის გამო სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა.

Rating

პირველი ფილმი, რომელშიც ფრანსუაზამ ითამაშა, იყო „ტყუილი“ (1957 წ). რამდენიმე წლის შემდეგ მან გადასაღებ მოედანზე კატრინი მიიყვანა. დები მალევე გახდნენ საფრანგეთის ყველაზე მოთხოვნადი მსახიობები.

1964 წელს ფრანსუაზამ ფილმში „ადამიანი რიოდან“ ჟან-პოლ ბელმონდოსთან ერთად ითამაშა.

Rating

1964 წელი დებისთვის რთული გამოწვევა გახდა.

ფრანსუაზამ მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლი - სტიუარდესა ნიკოლი შეასრულა ფრანსუა ტრუფოს ფილმში „ნაზი კანი“, ამავე წელს კატრინსაც ხვდა მთავარი როლი ფილმში „შერბურგის ქოლგები“.

Rating

ორივე ფილმი კანის კინოფესტივალზე აჩვენეს. ფილმს „ნაზი კანი“ საზოგადოება და კრიტიკოსები ცივად შეხვდნენ, „შერბურგის ქოლგებს“ კი დიდი ტრიუმფი ელოდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ კატრინ დენევი ცნობილი მსახიობი გახდა.

ფრანსუაზა კრახს ძალიან განიცდიდა, დენევი კი მოგვიანებით გამოტყდა, რომ დის წარუმატებლობის გამო საკუთარი წარმატებით სრული სიამოვნება ვერ მიიღო.

პრესა დების მეტოქეობასა და შურზე წერდა - კატრინი თავს იმართლებდა, რომ მას და ფრანსუაზას გასაყოფი არაფერი აქვთ და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, როგორც ცხოვრებაში, ისე ეკრანზე.

Rating

„ფრანსუაზა ისეთი ცოცხალი, თამამი, ნიჭიერი, თავისუფალია. ჩვენ ერთმანეთს არასდროს ვეჯიბრებოდით. ზედმეტად განვსხვავდებოდით, თუმცა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. მას შემდეგ მეგობარი არ მყავს. არავისთან შემიძლია ისე ვისაუბრო, როგორც ჩემს დას ვესაუბრებოდი“.

პაექრობის პრობლემა რეჟისორმა ჟაკ დემიმ გადაჭრა 1966 წელს, როცა მიუზიკლში „გოგონები როშფორიდან“ გადასაღებად ორივე მსახიობი ერთად მიიწვია.

Rating

ფილმი ძალიან მსუბუქი და ლამაზი გამოვიდა, მდიდრულმა სამოსმა და ლამაზმანმა დებმა მაყურებელი გულგრილი ვერ დატოვა.

Rating

1967 წელს, როცა ფრანსუაზა ნიცადან ლონდონში „გოგონები როშფორიდან“ პრემიერაზე გაფრენას აპირებდა, აეროპორტში ავტომობილით Renault 10 გაემგზავრა. გოგონამ საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გადაბრუნდა და დაიწვა. თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ ცდილობდა ფრანსუაზა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან თავის დაღწევას, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა. ფრანსუაზას სხეული მხოლოდ მისი ჩეკის წიგნაკის, დღიურისა და მართვის მოწმობის ფრაგმენტებით ამოიცნეს.

დის გარდაცვალების შემდეგ კატრინი რამდენიმე თვის განმავლობაში ტრანკვილიზატორებს იღებდა და მთელ დროს სამსახურში ატარებდა, თამაშობდა ყველგან, ოღონდ დის სიკვდილზე არ ეფიქრა. ფრანსუაზას გარდაცვალება კატრინისთვის უდიდესი დარტყმა იყო, და ის დღემდე იმეორებს, რომ მისი წარმატება სინამდვილეში ფრანსუაზა დორლეაკს უნდა ეკუთვნოდეს.

1992 წლიდან როშფორში სადგურის მოედანი ფრანსუაზა დორლეაკის სახელს ატარებს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS