05 აპრილი, 2018
"8 ოქტომბერს გნახე ბოლოს... წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ" - პატიმარი დედის წერილი პატარა ვაჟიშვილს
პატარა გუგას (გურამს)

წერილი პირველი


ბევრი წერილი მაქვს შენთვის მომზადებული, ჩემო ერთადერთო. სამ წერილს მოგწერ, რომლებიც შენთვის სხვადასხვა დროს დავწერე...
8 ოქტომბერს გნახე ბოლოს... წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ეზოში სულ ორი წუთით გნახე... ჩემი ნაყიდი ცისფერი ტანისამოსი გეცვა, ცისფერი ქუდით. გაფართოებული თვალებით შემომყურებდი... ქვეყნად ვერავინ დამარწმუნებს, რომ ექვსი თვის ბავშვს არ გესმოდა, რა უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს.
ხმამაღლა ვტიროდი. პაწაწინა ხელებს გიკოცნიდი. რუსუდანი და ბებო მამხნევებდნენ. მკერდი მტკიოდა, ის რძე მაწუხებდა, შენ რომ უნდა
გეჭამა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი! არასდროს ვყოფილვარ
სიკვდილთან ასე ახლოს. სამი ძვირფასი ადამიანი მაიძულებდა მოვბრუნებულიყავი მეორე ნაპირისკენ - სიცოცხლისკენ!

პატარა გუგას (გურამს)

წერილი მეორე

იმ საშინელი და ჯოჯოხეთური დღეების შემდეგ დღეს პირველად შეგხვდი, გუგა! ესეც ჩვენი პირველი პაემანი!
ბებოს ჰყავდი გულში ჩაკრული. მინდოდა პირველად შენ მოგფერებოდი, მაგრამ ბებოს და რუსუდანს ჩავეხუტე, შემრცხვა დედიკო, მათ იმდენი რამ გააკეთეს და გადაიტანეს ჩემთვის, რომ...

აი, თურმე როგორი ყოფილხარ: თეთრი, ქერა კულულებით, მოუსვენარი, ცელქი ბიჭი. საოცრად მაგონებ ჩემი ბავშვობის სურათებიდან მომზირალ ბავშვს... ბებომ ფეხსაცმელი და წინდა გაგხადა - ზუსტად ჩემნაირი ფეხის ტერფები გაქვს...

ლექსი მითხარი, მიმღერე, მომეფერე... "დედა" მაინც არ დამიძახე! არადა როგორ გეხვეწა რუსუდანი...
ბებია და "რუსო-დედა" დაწყნარდნენ, მხნედ რომ დამინახეს. მე დავრწმუნდი, რომ ქვაზე და რკინაზე მაგარი ვარ, რომ თქვენთვის ყველაფერს გავუძლებ!

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS