ნათელა გრიგალაშვილი, თბილისი
თაგვეთი
სოფელში ტყის პირას ვცხოვრობდით. ბავშვებთან დიდად დროს არ ვატარებდი და არ ვთამაშობდი, უფრო ჩემთვის, განცალკევებით ვიყავი. ვცხოვრობდი ფილმებით და წიგნებით, ჩემს სამყაროში ჩაკეტილი. 16 წლისამ დავამთავრე სკოლა, წამოვედი თბილისში და მას მერე უმეტესი ნაწილი ჩემი ცხოვრებისა თბილისში მაქვს გატარებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, შინაგანად ისევ ჩემს სოფელში, ჩემს პატარა სამაყროში ვარ, საიდანაც ვერ გამოვედი. კარგად ვარ, კარგად ვგრძნობ თავს და მთელი ჩემი სამყაროც იქაა
ბავშობიდან მიყვარდა კინო, ხატვა, ხელოვნება, შესაბამისად, პატარა ასაკიდანვე გამიჩნდა ოპერატორობის სურვილი. დოკუმენტური კინოს ოპერატორობა მინდოდა. მინდოდა მე ვყოფილიყავი ავტორი და ოპერატორი. თვითონ მინდოდა გადამეღო.
სკოლის შემდეგ სწავლა სამხატვრო სასწავლებელში გავაგრძელე, თუმცა, მოგვიანებით, მთლიანად ფოტოგრაფიაში გადავეშვი. ძალიან პატარამ დავიწყე მარტო ცხოვრება. სწავლა, ფოტოგრაფია და თავის რჩენა ერთდროულად ძალიან მძიმე და რთული იყო. იყო პერიოდები, როდესაც არც საცხოვრებელი მქონდა და არც საჭმლის ფული, მიწევდა, მეგობრებთან საერთო საცხოვრებელში ჩუმად მეცხოვრა. ამიტომ, სწავლისთვის თავის დანებება მომიწია. საბოლოოდ, დავრჩი ფოტოგრაფიაში. მაშინ სულ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ეს ასე არ არის, ცხოვრებისგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რომელსაც დღეს ძალიან ვაფასებ.
ჩემი პირველი აპარატი იყო „სმენა“, რომელიც 15 მანეთი ღირდა, მაგრამ მშვენიერი კამერა იყო. თავიდან ფირის გამჟღავნებაც არ ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე. ის ფირები დღესაც შენახული მაქვს. სულ ვფიქრობ, რომ თუ ფირები/ფოტოები აღარ გაქვს, მგონია, რომ ისტორია შეწყდა, დაიკარგა.
დავამთავრე თუ არა ფოტოგრაფიის სწავლა, პრესაში, გაზეთ „დვრიტა“-ში, დავიწყე მუშაობა ფოტორეპორტიორად. მაშინ ქალი ფოტორეპორტიორები არ იყვნენ. ფოტოგრაფია კაცის საქმედ ითვლებოდა. სადღაც ატელიეში შეიძლება ქალს ემუშავა ქმართან ერთად, მაგრამ რეპორტიორი ქალები უბრალოდ არ არსებობდნენ. სულ მსიამოვნებდა, როდესაც საკუთარ თავს ფოტოგრაფს ვუწოდებდი და მიკვირდა ამაზე რატომ წუხდნენ ადამიანები, თან ჩემ ნაცვლად. დღეს პირიქით ხდება - ქალები არანაკლებ აქტიურები და მაგრები არიან ფოტოგრაფიაში, ვიდრე კაცები და ეს ძალიან მახარებს.
საკუთარი თავის გატანის გარდა, შვილი უნდა მერჩინა, იმ პერიოდშიც კი, როდესაც ჯერ კიდევ დაოჯახებული ვიყავი. არც ოჯახი მქონდა დიდად აწყობილი, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე სწორედ შვილის გამო ვერ ვბედავდი სახლიდან წამოსვლას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მე გამოცდილი მქონდა, რას ნიშნავს უსახლკარობა, საოცრად მეშინოდა, ჩემი მცირე შემოსავლით შვილთან ერთად ქუჩაში არ დავრჩენილიყავი.
წლების შემდეგ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დავიწყე მუშაობა და სტაბილური ხელფასი გამიჩნდა, გადავდგი ეს ნაბიჯი და მე და ჩემმა შვილმა ახალი ცხოვრება დავიწყეთ. მარტოხელა დედად ვიქეცი. გარდა სამსახურისა, ყველა შიდა საქმე, ქალისაც და კაცისაც მე დამაწვა. თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს ყველაფერი ისაა, რამაც ბევრად უფრო ძლიერ ადამიანად მაქცია.
სწორედ მაშინ დავიწყე პროექტზე „დედაენა“ მუშაობა. 6-თვიანი პროექტი იყო. სამინისტროში მუშაობის დროს, ერთადერთი კვირა დღე მქონდა დასვენება და სულ ვფიქრობდი, სად წავსულიყავი, დილით წასული მთელ დღეს რომელიმე სოფელში ვატარებდი. ამ 6 თვის მანძილზე არც ერთი კვირა დღე არ ჩამიგდია. ხანდახან სადგურში რომ მივიდოდი, ადგილზე ვწყვეტდი მიმართულებას, ხალხს ვეკითხებოდი რამე საინტერესო თუ ხდებოდა მათ სოფელში.
ვერ ვიტყვი, რომ სამინისტორში ცუდად ვიყავი, თუმცა, დიდხნიანი მუშაობის შემდეგ, ერთ დღესაც ავდექი და წამოვედი. შიში მქონდა, რომ გამიჭირდებოდა გზის გაგრძელება, მაგრამ ასე არ მოხდა. მივხვდი, რომ ცვლილებების არ უნდა გეშინოდეს. ვთვლი და ახლა ვხვდები, რომ ძალიან დიდი დრო დავკარგე არსებობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყველა ასე ვიბრძვით, ყოველდღიურად, მაგრამ დრო ნათელი და სასიამოვნო საქმისთვისაც უნდა მოიტოვო. მე ეს არ მქონდა. არც დრო მქონდა და არც ფინანსები იმისთვის, რომ ის მეკეთებინა, რაც გულით მინდოდა.
პროექტი „ფოტოკლუბები სოფლად“ ჯავახეთში
სოფლის ფოტოკლუბების იდეა პროექტ „დუხობორების მიწაზე“ მუშაობის პერიოდში გამიჩნდა, სოფელ გორელოვკაში. ეს არის გარემოში, სადაც თითქმის არაფერია სკოლის გარდა. იქ ბავშვებიც და უფროსებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, შრომობენ და მათ არაფერი გასართობი არ აქვთ. ვფიქრობ, რომ მეც როცა სოფელში ვცხოვრობდი, ვინმე რომ ჩამოსულიყო და ფოტოაპარატი მოეცა და გადაღება ესწავლებინა, ძალიან გამიხარდებოდა.
პროექტში „ფოტოკლუბი სოფლად“ მარტო ბავშვები არ მონაწილეობდნენ. შერეული ჯგუფი იყო ასაკის და ეროვნების მიხედვით (იყვნენ ქართველებიც, სომხებიც და რუსებიც). ყველაზე ასაკოვანი 62 წლის მაშა იყო, რომელიც დღემდე ამ ფოტოაპარატით დადის და იღებს. კარგი იყო ის, რომ ეს ადამიანები დაახლოვდნენ ერთმანეთთან და ამ ყოველდღიურ, ერთფეროვან ცხოვრებაში იპოვეს რაღაც არაჩვეულებრივი, რასაც სხვა თვალით შეხედეს. დადიოდნენ და ამბობდნენ ვაიმე, თურმე რა ლამაზი ყოფილა ჩვენი სოფელიო. ამ ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ შეიძლება გადაიღო ფოტო შენს სოფელში, მერე ეს ვიღაცამ კედელზე დაკიდოს და სხვა ადამიანები მოვიდნენ და ნახონ. ძალიან საინტერესო იყო მთელი პროცესი.
პირველად როდესაც ჩავედი ჯავახეთში, სოფელში დავდიოდი და ხალხთან დაახლოებას ვცდილობდი. თავიდან ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ კლუბზე მუშაობა როდესაც დავიწყეთ, 15 ადამიანი შევიკრიბეთ და სოფელიც ჯგუფური სიარულისა და გადაღებების მომსწრე გახდა.
ფოტოგადაღებებს გამოფენა მოყვა გორელოვკაში, სოფლის კლუბში, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო იქ მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის სამზარეულო, გაიმართა ფილმის ჩვენება დუხობორებზე.
ადგილობრივ გამოფენას მეორე გამოფენა მოყვა თბილისში. ყველა მონაწილე იყო ჩამოსული, ზოგიერთი დედაქალაქში პირველად იყო. პროგრამით სხვადასხვა აქტივობები იყო გათვალისწინებული (პრეზიდენტის სასახლის დათვალიერება, ზოოპარკში გასეირნება და სხვ.)
ერთ-ერთ გოგოს 75 წლის ბებო გამოყვა. აიშე ბებო, რომელიც დაჯდა ზოოპარკში მანქანებზე და აღარ გამოდიოდა. უნდა გენახათ, როგორ დაყავდა ამ შავებში შეფუთულ ბებოს მანქანა. ამბობდა, მე მთელი ცხოვრება მინდოდა მანქანის მართვა მესწავლა და არავინ გამიშვა, ახლა მაინც ხომ გავატარე მანქანა, ამდენი წელი ვიცოცხლე და ბოლოს მაინც ავისრულეო, მეუბნებოდა.
გორელოვკაში პროექტის წარმატების დასრულების შემდეგ, გაჩნდა იდეა, იგივე პანკისში გაგვეკეთებინა. თავდაპირველად, კლუბი პანკისის ცენტრალურ სოფლებში გავაკეთეთ, მოგვიანებით კი უფრო გარე სოფლებში - ომალო, ხალაწანი და დუმასტური.
პირველი ჯგუფი მეთერთმეტე კლასელებისგან შედგებოდა. აღმოჩნდა, რომ ერთი მთლიანი კლასი მოვიდა ფოტოგრაფიის სასწავლად. თავიდან მეგონა, რომ ეს გოგოები დაჩაგრულები და დათრგუნულები იქნებოდნენ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ლაღები და მხიარულები არიან. სულ ვამბობ, რომ მათგან ბევრი რამე ვისწავლე. ტრადიციებისადმი დამოკიდებულება, პატივისცება, ზრდილობა - მივხვდი, რომ ჩვენ ეს აღარ გვაქვს. ვფიქრობდი, რომ ბავშვებს ჩემთან ერთად არ გამოუშვებდნენ, მაგრამ მოვიარეთ მთელი ხეობა, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი ნამყოფი არ იყო მეზობელ სოფლებში.
ძალიან ბევრს ვმუშაობდით. პრაქტიკული გაკვეთილების გარდა, თავიდან თეორიული გაკვეთილებიც გვქონდა, ვაჩვენებდი სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებს და ყოველთვის ვაძლევდი ერთ თემას გადასაღებად და ვეუბნებოდი, რომ მე მინდოდა მათ საკუთარი ცხოვრება გადაეღოთ და ყოველდღიურობა ეჩვენებინათ. ვუხსნიდი, რომ არაფერის განსაკუთრებულს არ ვითხოვდი მათგან, მინდოდა, საკუთარი სახლები გადაეღოთ - ქალები რომ შეიკრიბებიან, ყავას რომ სვამენ, ბურნუთს რომ ეწევიან, ძროხას რომ წველიან, ყველს რომ იყვანენ, მათ გარშემო არსებული ცხოვრება გადაეღოთ, რაც მათთვის არის ჩვეულებრივი, მაგრამ ჩვენთვის უცხოა და ბევრს აინტერესებს. მე იქ ფოტოგრაფებს არ ვზრდიდი. ეს იყო იდეა, რომ ერთფეროვან გარემოში ადამიანებს მისცემოდათ ახალი საშუალება, გამოწვევა და საქმე, რომელიც დააინტერესებდათ. კარგად ვიცი, რა მძიმეა, როცა ადამიანს უნდა ცოტა წინ წავიდეს ცხოვრებაში, ხელობა ისწავლოს, თავი დაიმკვიდროს და არაფრის საშუალება იქ არ არის.
სოფლებში რომ ჩავდიოდი და ფოტოებს ვიღებდი, მივხვდი, რა მინდოდა ფოტოგრაფიაში - მე მინდოდა ჩემი სოფლის გადაღება. იმიტომ რომ გამუდმებით, სულ მენატრებოდა სოფელი. სოფელი, რომელსაც თაგვეთი ქვია.
„დედაჩემის წიგნი“
„დედაჩემის წიგნი“ ბოლო პერიოდში გაჩნდა. მთელი ცხოვრება დედაჩემს ვიღებდი. მთელი ცხოვრება, რაც ფოტოაპარატი მიჭირავს. არ უყვარდა გადაღება, მაგრამ დღეს უკვე არანაირი რეაგირება აღარ აქვს. მე პატარა ვიყავი სახლიდან რომ წამოვედი, ალბათ მქონდა ცოტა გულდაწყვეტაც, რთული დამოკიდებულებაც, წყენაც, მერე სინანულიც გამიჩნდა. გაუცხოებაც იყო და მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი შემიძლია დავივიწყო, მივხვდი, რომ ურთიერთობაში სხვა რამ არის მთავარი. ეს წიგნი ჩემი მონანიებასავით არის. ჩემს თავსაც რაღაცაში ვამტყუნებდი და მინდოდა, ამ წიგნით გადამედგა ნაბიჯი იქით. რომ დავიწყე ამის კეთება, რაღაცნაირად დავმშვიდდი. ამით თითქოს გამოვისყიდე რაღაცეები, თუნდაც ის დარდი, რაც გულში მქონდა.
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური