19 მარტი, 2018
ჟურნალისტი: გგონიათ, დევდარიანი ერთადერთია, ვისზეც ვიცით? ერთი სტატია თაროზე მიდევს
"ტაბულას" ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ხატიაა ის ჟურნალისტი, რომელმაც მოამზადა სტატია იმ ქალებზე, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

"ყველაფერი დაიწყო ასე: პარასკევს, როცა სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლოს საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა ზვიად დევდარიანი, ამის შესახებ დაპოსტეს ქალების ჯგუფში. რასაც მოჰყვა ერთ-ერთი წევრის კომენტარი, რომ ის არ უნდა იყოს ამხელა თანამდებობაზე და მით უმეტეს სახალხო დამცველისგან წარდგენილი. რომ ის მოძალადეა და ძალიან ცინიკურია, როცა სახალხო დამცველის კანდიდატი ხდება. ასეთი შინაარსის კომენტარების რაოდენობა
ძალიან სწრაფად იზრდებოდა, თუმცა კონკრეტულს არავინ არაფერს ამბობდა. გადავწყვიტე, რომ თემა საყურადღებოა და მივწერე ყველას, ვისაც რამე მსგავსი ეწერა. დამეხმარა ქალთა მოძრაობაც.

გარდა ამისა, დამოუკიდებლად, მეგობრებისგან მივაკვლიე კიდევ რამდენიმე ადამიანს. შედეგად, აღმოვაჩინე, რომ ბევრი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ქალი ჰყვება ისტორიებს, რომლებშიც ხშირად დეტალები საერთოა; ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ რაღაც ხდება, რომ მას თუ არა, მეგობარს ან მეგობრის მეგობარს ჰქონია შევიწროების გამოცდილება ზვიად დევდარიანისგან.

ორი დღის განმავლობაში ვისმენდი ამ ისტორიებს, ვისმენდი ქალების ხმებს, რომლებმაც ამის ხმამაღლა თქმა პირველად გაბედეს. თავს ვიკავებდი, რომ მათი აკანკალებულო ხმებს გაგონებისას არ მეტირა ან არ მეყვირა.

პარალელურად, ვურეკავდი ზვიად დევდარიანს, რომელსაც არც ერთი ზარისთვის არ უპასუხია.

და ამ ყველაფერთან ერთად მიწევდა რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა - მსხვერპლების დათანხმება, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, ელაპარაკათ; შიდა ბრძოლები რამდენიმე ადამიანთან, რომ თურმე ტაბულას "ექსკლუზივი" არ უნდა ჰქონოდა. თითქოს ჩემი მიზანი ეს ექსკლუზივი იყო, თითქოს მე არ მიმუშავია და მხოლოდ სხვებმა იმუშავეს. თითქოს ეს ექსკლუზივი ვინმემ აი ასე, აიღო და გადმომცა. ქალთა მოძრაობა ძალიან დამეხმარა, ჩვენ ერთად ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ. დამეხმარნენ მეპოვა ქალები, რომლებიც იცნობენ მსხვერპლებს ან თავად არიან მსხვერპლები.

ამ ყველაფერს ემატებოდა ნერვიულობა დევდარიანის ოჯახზე, რომ მისი შესაძლო დანაშაულის გამო ისინი არ უნდა დაზარალდნენ; რომ ეს სტატია მათთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

სტატია მომზადდა ყველა ეთიკური ნორმის დაცვით, არ დავყრდნობივართ მხოლოდ ერთ და ორ ადამიანს. 9 ადამიანმა თავისი ისტორია მოგვიყვა, აქედან 8 გამოქვეყნებაზე დათანხმდა და დიახ, კონფიდენციალურად. ამის ხმამაღლა თქმა ნორმალურ საზოგადოებაშიც ძალიან რთულია და ჩვენთან ხომ საერთოდ.

რომელ შეთქმულების თეორიებზე საუბრობთ, თან ხალხი, ვისაც ერთი ჭორი არ გამოეპარება? იცით რამდენმა ადამიანმა მოგვწერა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ და გვითხრა იგივე?

და ბოდიში, რომ ათობით ქალის უფრო მჯერა, ვიდრე ზვიად დევდარიანის. დანარჩენს ალბათ სასამართლო დაადგენს.
მოიკითხეთ მეგობრებში, ვინმეს ხომ არ გაუგია იგივე. და გრცხვენოდეთ, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ლანძღავთ, რომ მათი სახელები არ იცით. ვისიც იცით, იმათ ხომ რას ამბობთ, სულ მხარში უდგახართ.
დიახ, ეს ყველაფერი დაემთხვა საზმაუს მოვლენებს და ეს ცუდია. მაგრამ რომ არა ეს ამბავი, შეიძლება ვერასდროს გაებედათ საუბარი. ბაია პატარაიამ მანამდე მოხსნა კანდიდატურა, სანამ ამას დევდარიანი გააკეთებდა. რა შეთქმულების თეორიებზე საუბრობთ საერთოდ?

გგონიათ, დევდარიანი ერთადერთია, ვისზეც ვიცით? ერთი სტატია თაროზე მიდევს თვეებია, რადგან ამდენი წყარო არ მყავს, სამწუხაროდ.

მოძალადეები არიან ყველგან, უმაღლეს თანამდებობებზეც და არასამთავრობო სექტორშიც. ისინი შეიძლება იყვნენ თქვენს მეგობრებს შორისაც.

პ.ს. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც საღ აზრზეა; მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა; ყველაზე დიდი მადლობა კი იმ ქალებს, ვინც ილაპარაკა. ეს ძალიან, ძალიან რთულია. და მზად ვარ მოვუსმინო ყველას, ვისაც მსგავსი ისტორია ჰქონია."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
თქვენ უარესი არ იცით ზვიადს ერთი ოჯახის დანგრევა ბრალდება და კიდევე რთი ახლაგაზრდა გოგონას შეცდენა რომელმაც შვილი გააჩინა კიდეც და ახლა საკმაოდ მოზრდილია.
14:24 / 02-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS