საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღესდღეობით 1200-მდე ქალი მუშაობს. მათ უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები დგანან. ასევე - ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამენ და მიდიან სამსახურში, ფორმა, რომლის სამკერდე ნიშანზეც ჯარისკაცი წერია და თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სამშობლოს წინაშე.
ეკა ბაჯელიძე, ნანა კინწურაშვილი და ნანა ჩარბაძე დღეს
- ჯარი და ოჯახი...
ნანა კინწურაშვილი(მაიორი, გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი): დიდი ხანია, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმუშაობ, მყავს მეუღლე და ორი შვილი. რომ არა ჩემი ოჯახის თანადგომა და ჩემი საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდება ოჯახის მხრიდან, ფიზიკურად ვერ შევძლებდი სამსახურის და ოჯახის შეთავსებას. ჯარის პარალელურად, ლექციებს ვკითხულობ.
ეკა ბაჯელიძე (მასტერ-სერჟანტი, წვრთნებისა და განათლების სარდლობის თანამშრომელი): ჩემს შემთხვევაში საქმე უფრო ადვილად არის, ჩემი მეუღლეც სტრუქტურაში მუშაობს და უფრო მიადვილდება, თუმცა, რომ არა ოჯახის თანადგომა, ალბათ ვერ მოვახერხებდი მუშაობას და ბავშვების აღზრდას.
ნანა ჩარბაძე (მაიორი, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ექიმი): ოჯახის თანადგომას სულ ვგრძნობ, ისეთი გზა ავირჩიე ცხოვრების, რომ არა ჩემი ოჯახი, ალბათ ვერ შევძლებდი მემუშავა ჩემი პროფესიით.
- ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამ...
ნანა კინწურაშვილი: ეს არის პასუხისმგებლობა, ოჯახის, სამშობლოს წინაშე... ფორმას იცვამ და იცი, რომ არ ეკუთვნი საკუთარ თავს. ბევრჯერ საკუთარი შვილი დამიტოვებია სიცხიანი და სამსახურში წავსულვარ, ეს არის, პირველ რიგში, ვალდებულება საკუთარი თავის მიმართ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს და, უპირველეს ყოვლისა, გიყვარდეს საკუთარი საქმე.
ნანა ჩარბაძე: თითოეული ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ფორმა არის ყველაზე სასიამოვნო ვალდებულება, პასუხისმგებლობა.
ეკა ბაჯელაძე: დავეთანხმები გოგონებს, ჩემთვისაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ფორმას ერთი უცნაური თვისება აქვს, ერთხელ თუ ჩაიცვი და შეიყვარე, მერე მასთან განშორება ძალიან გიჭირს.
ნანა ჩარბაძე: სტატუსის, სამსახურის და მოქალაქეობრივი ვალის მიუხედავად, თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს ქალი, თითოეული ჩვენთაგანი არის დედა და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ერთ ისტორიას გავიხსენებ: 2008 წლის ომის დროს, ყველას ახსოვს მეოთხე ბრიგადა ფრონტის წინა ხაზზე და ამ ბრიგადას ვხელმძღვანელობდი, ზემოთაც ავღნიშნე და ახლაც ვიტყვი, თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია. როდესაც საჭირო გახდა ჩვენი წასვლა, არც დავფიქრებულვარ, ისე წავედი საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად. მისიაზე უნდა გავსულიყავით და გოგონები უნდა ამერჩია, ვისაც წავიყვანდი. როდესაც გადარჩევა დავიწყე, პირველი, რაზეც ვფიქობდი ის იყო, რო ნებისმიერ ჩვენთაგანის შვილი შეიძლებოდა დარჩენილიყო უდედოდ და ეს გააზრებული გვქონდა, დაზღვეული არავინ არაფერისგან ვიყავით.
ჩვენთან მუშაობენ გოგონები, რომლებსაც მარტო, უმამოდ უწევთ შვილების გაზრდა, გოგოები ისე ავარჩიე, რამე რომ მომხდარიყო ბავშვებს მამა მაინც ყოლოდათ, ავედი მანქანაში და ჩემი დატოვებული გოგონები, ორივე იქ დამხვდნენ, ცრემლების გარეშე ახლაც ვერ ვიხსენებ ამ ამბავს. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.
- თქვენი შვილები ალბათ ამაყობენ ასეთი დედებით...
ეკა ბაჯელაძე: ჩემს უფროს შვილს ჩვენი შემხედვარე კადეთტა კორპუსში ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი.
ნანა კინწურაშვილი: რიდი აქვთ დედის, ამაყობენ ალბათ. დედა ზოგადად შვილისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაა, ყოველთვის საამაყო და მისაბაძია. კარგი დედა ვარ? დროის დეფიციტის გამო, ვერ ვახერხებ ჩემს შვილებთან დიდხანს ყოფნას, თუმცა, ბევრჯერ მითქვამს უარი პირად სიამოვნებაზე. მირჩევნია, თითოეული თავისუფალი წუთი მათ გვერდით გავატარო.
ნანა ჩარბაძე: ასე პირდაპირ ამ თემაზე მე და ჩემი ვაჟი არასდროს ვსაუბრობთ, თუმცა, ვიცი, რომ ამაყობს. სხვანაირი ბავშვია, ხედავს და აფასებს ჩემს შრომას. ცდილობს, ბევრი ყოფითი პრობლემა ამარიდოს და არ მანერვიულოს. კარგი შვილი მყავს, გამიმართლა.
ეკა ბაჯელაძე: ამ სისტემაში სამივე შემთხვევით მოვხვდით, თან იმ პერიოდში, მე პირადად ბევრი დაბრკოლება მქონდა, ლამის მთელი სანათესაო ამიმხედრდა, როდესაც გაიგეს, სადაც ვიწყებდი მუშაობას, თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. მეუღლე ჯარში გავიცანი, აეროპორტში თვითონ წვრთნებზე მიდიოდა და მე მაშინ თარჯიმნად მივყვებოდი გერმანიაში, ძალიან მალე დავქორწინდით და დღეს სამ შვილს ვზრდით. ძნელია ჯარისკაცის ცოლობაც და ქმრობაც, ჩვენ ეს მომენტი უფრო გაადვილებული გვაქვს, ორივეს კარგად გვაქვს გააზრებული საკუთარი საქმე.
- მამაკაცებს ხშირად ეშინიათ ძლიერი და დამოუკიდებელი ჭკვიანი ქალების...
ნანა კინწურაშვილი: (იღიმის) მამაკაცებს რეალიზებული ქალების ეშინიათ.
ეკა ბაჯელაძე: მთავარი ურთიერთგაგება და პატივისცემაა. ნდობა უპირველეს ყოვლისა.
- ჯარისკაცები როგორ აღნიშნავთ 8 მარტს?
ნანა კინწურაშვილი: მერწმუნეთ, ყველაზე ქალურად.
ნანა ჩარბაძე: ჯარში ქალებს უფრო დიდი დაფასება აქვს, მამაკაცების გარემოცვაში, განსაკუთრებულათ მსგავს დღესასწაულებზე.
ეკა ბაჯელიძე: ჩვენი ხელმძღვანელობა უყურადღებოდ არასდროს არ გვტოვებს, განსაკუთრებით ასეთ დღეებში.
- დღევანდელ პერიოდში პირობები ალბათ უფრო გაუმჯობესებულია?
ნანა ჩარბაძე: 21 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვარ და ღირსეულად ვატარებ ჯარისკაცის სახელს, ჯარისკაცის წოდების ქვეშ თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს ქალი, დედა. საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვართ, ეს ჩვენი არჩევანია და სიამოვნებით ვასრულებთ საკუთარ დაკისრებულ მოვალეობას. ჩემთვის თითოეული ჯარისკაცის მადლიერი თვალები ყველაზე დიდი ჯილდოა.
ეკა ბაჯელიძე: რაც შეეხება სიტუაციას ქართულ ჯარში, 90 წლებისგან განსხვავებით, დღეს ძალიან კარგი პირობებია, მეტად დაფასებული ხარ.
ნანა კინწურაშვილი: თითოეული ჩვენთაგანის არჩევანია ჩვენი საქმე და მე უბედნიერესი ქალი ვარ, რომ დღეს ვატარებ ჯარისკაცის სტატუსს.
- როგორია ქართველი ქალი საქართველოს სადარაჯოზე?
ნანა ჩარბაძე: ძლიერი, ბევრი ქალური სისუსტის მიუხედავად, ძლიერი.
ნანა კინწურაშვილი: თითოეული ჩვენთაგანი არ ვიშურებთ ძალისხმევას და ვცდილობთ, ღირსეულად ვატაროთ ჯარისკაცის სახელი.
ეკა ბაჯელაძე: 21-ე საუკუნეში, ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კულტურაში, ქალი არ არის მარტო დიასახლისი და მე მიხარია, როდესაც ამდენ წარმატებულ და რეალიზებულ ქალს ვხედავ.
თამუნა პეტრიაშვილი