19 თებერვალი, 2018
ძაღლი ორი წელი იყო თავშესაფარში, შემდეგ კი ნაცნობი სუნი იგრძნო და...
პაკიტო არგენტინის ძაღლთა თავშესაფარ  Arca Animal Partido de Mar Chiquita-ში ქუჩიდან მიიყვანეს. ძაღლი უფრო მიტოვებულს ან დაკარგულს ჰგავდა, ვიდრე მაწანწალას, ის დაბნეული დახეტიალებდა ქუჩაში.

ცენტრის თანამშრომლებმა, მათ შორის მოხალისე სილვია ფერეირამ, სიმპატიური ოთხფეხა მეგობარი სიხარულით მიიღეს.
ორი წლის განმავლობაში ვერავინ მიაგნო მის პატრონს და ვერც ის გაიგეს, თუ რატომ მიატოვეს ქუჩაში.

ძაღლის მდგომარეობა ძალიან დამთრგუნველი იყო, გულგრილად ვერავინ უყურებდა, როგორ დარდობდა და ენატრებოდა პატრონი, თავს მარტოსულად გრძნობდა. ახალი პატრონის გამოჩენის შანსიც სულ უფრო იკლებდა, რადგან პირველ
რიგში, ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები მიჰყავდათ. პაკიტო კი მოწყენილი ელოდებოდა თავის რიგს.

ცენტრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა პაკიტოს ფოტოები სოციალურ ქსელშიც კი განათავსეს, მაგრამ არც ახალი პატრონი ჩანდა და არც ძველი. უნდა აღინიშნოს, რომ პაკიტოს ვერაფრით გადაუღეს კარგი ფოტო. ყოველთვის, როცა მის ფოტოგრაფირებას ცდილობდნენ, ძაღლი თავს დაბლა ხრიდა და თვალებს მალავდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხეს და ძაღლს ნორმალური ფოტო გადაუღეს და ფეისბუქზე განათავსეს.

„თითქმის მაშინვე გამოგვეხმაურა ქალბატონი, რომელმაც მოგვწერა, რომ ეს მისი ვაჟის ძაღლი იყო და იგი დიდი ხანია ეძებდა მას.“ - ამბობს სილვია.

როგორც ქალბატონმა თქვა, მის შვილს არიელ ნავეირას უკვე აღარც კი ჰქონდა პაკიტოსთან შეხვედრის იმედი.

არიელი მეორე დღესვე მივიდა თავშესაფარში, რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად მისი ძაღლი იყო თუ არა. ყველა მოუთმენლად ელოდა მათ შეხვედრას!

ძაღლმა მაშინვე ვერ იცნო პატრონი - შეშინებული იყო, ცენტრის თანამშრომლის უკან იმალებოდა, მაგრამ შემდეგ ფრთხილად დაყნოსა სტუმარი და როცა მშობლიური სუნი იგრძნო... საოცრება მოხდა. ძაღლის შეჩერება შეუძლებელი იყო, პატრონის ირგვლივ ხტუნავდა, ლოკავდა და კოცნიდა მას.

თითქოს ერთბაშად მოიშორა წლების განმავლობაში დაგროვილი დარდი და მწუხარება.
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო!

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS