30 იანვარი, 2018
" სიყვარულით დავქორწინდით და მეგონა, ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ..." - ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ცოლების შემზარავი ისტორიები
ახალგაზრდა ქალს მამაკაცი ქუჩაში სადისტურად სცემდა, მუშტებს ურტყამდა, მიწაზე ათრევდა. ქალი მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ვერა და ვერ დაუსხლტდა ხელიდან. განწირული ხმით გამვლელებისგან შველას ითხოვდა. სამწუხაროდ, ბევრმა ისე გულგრილად ჩაუარა, რომ მსხვერპლის დაცვა მოძალადისგან არც კი უცდია. ქალმა ბრძოლის ძალაც დაკარგა და სხვების დახმარების იმედიც.

საბედნიეროდ, ამ დროს გამოჩნდნენ ახალგაზრდა ქალები, რომლებიც არ შეუშინდნენ გააფთრებულ მამაკაცს და მოძალადეს ქალი ხელიდან გამოსტაცეს. გამვლელებმა იქვე პატარა ბიჭუნა შენიშნეს, რომელიც ამ კონფლიქტის თვითმხილველი იყო და ტიროდა. 4
წლის პატარა დედის დახმარებას ვერ ახერხებდა, თუმცა, სხვებს არც ბავშვის ტირილისთვის მიუქცევიათ ყურადღება და არც მათი პრობლემა მიუტანიათ გულთან. საბედნიეროდ, ორი ქალბატონი არ მოსცილდა მსხვერპლს, პოლიცია და “სასწრაფოს” ბრიგადაც გამოიძახა. მათაც ეჩხუბებოდა მოძალადე და სწორედ პოლიციის გამოძახების შემდეგ გამოჩნდნენ მოძალადე მამაკაცის მეგობრები, რომლებმაც მამაკაცი იქაურობას გაარიდეს. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გაირკვა ისიც, რომ მოძალადე მისი ყოფილი მეუღლე იყო. განქორწინების მიუხედავად, ქალი ქმრისგან თავის დაცვას ვერ ახერხებდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სამართალდამცავებმაც ოპერატიულად დააკავეს დამნაშავე. როგორც გაირკვა, ის გასართობად კაზინოში წავიდა და სწორედ იქ აიყვანეს. სასამართლომ შვილის თვალწინ მოძალადე მამას ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა და დღეს ის ციხეშია გამოკეტილი. მისი ყოფილი მეუღლე, 30 წლის მარიკა ამბობს, რომ არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.

მარიკა:

- 5 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი. სიყვარულით დავქორწინდით და მეგონა, ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ 4 თვის შემდეგ, ჩვენ შორის კონფლიქტები დაიწყო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ჩემი მეუღლე ნარკომანი იყო. სულ ამ თემაზე ვჩხუბობდით. იმდენად გაუსაძლისი ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა, რომ სახლიდან მივდიოდი და ჩემს მშობლებთან ვრჩებოდი, მაგრამ როცა გამოფხიზლდებოდა, იწყებდა ხვეწნა-მუდარას, გამოვსწორდები და ასე აღარ მოვიქცევი, ერთი შანსი მომეციო. მიყვარდა და ალბათ ამ სიყვარულის ხათრითა და იმ იმედით, რომ გამოსწორდებოდა, ვურიგდებოდი. ერთხელ ვუთხარი, თუ მკურნალობას არ დაიწყებ, არ შეგირიგდები-მეთქი. დაიწყო მკურნალობა და მეც შევურიგდი, თუმცა, მალევე გამოვცადე მორიგი იმედგაცრუება.
ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა და მცემდა კიდეც. ფეხმძიმედ ვიყავი და იმედი მქონდა, შვილის ხათრით იქნებ გამოსწორებულიყო, მაგრამ მას შვილი აღარ აინტერესებდა. წლის იყო ჩემი პატარა, ერთმანეთს საბოლოოდ რომ დავშორდით. ახლა ბავშვს იმიზეზებდა - შვილის ნახვა მინდაო და შუაღამისას მოდიოდა ჩვენთან. ბავშვის გატანებასაც მთხოვდა. პატარას თუ არ გავატანდი, მცემდა.

- პოლიციის ჩართვა არ გიცდიათ? საპატრულო პოლიციას დამცავი ორდერის გამოცემა და თქვენი დაცვა ხომ შეეძლო?
- ბევრჯერ პატრული გამომიძახებია, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. სიმართლე გითხრათ, თავიდან ხელს ვაფარებდი, არ მინდოდა, მეჩივლა, რადგან ჩემი შვილის მამა იყო. როცა სახლში შუაღამისას მომივარდებოდა და პატარის წაყვანას მოითხოვდა, პატრულს ვიძახებდი და პოლიციის ძალით ტოვებდა სახლს. დამცავი ორდერი არ გამოუწერიათ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ. ერთხელ ბავშვი დღისით წაიყვანა. საღამოს 9 საათი გახდა და რომ არ მომიყვანა, დავურეკე და მითხრა, დღეს ბავშვი არ წამოვა, ჩემთან დარჩებაო. არ გავჩერდი, წავედი ბავშვის წამოსაყვანად, რადგან ძუძუს ვაჭმევდი პატარას და წამოყვანა რომ დავაპირე, მაშინაც შემეხო ხელით.

მაშინაც პატრული გამოვიძახე, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ პოლიციელები მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, იქნებ ამ ერთხელ აპატიო, მამააო. მაშინაც გადამაფიქრებინეს საჩივრის დაწერა. ბავშვი რომ წამოიზარდა, უკვე ღამითაც მიჰყავდა, წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი, თან მისი ოჯახის წევრებიც მარწმუნებდნენ, წამლის მოხმარება მიატოვაო. იმ დღეს წაიყვანა ისევ ბავშვი. საღამოა, ჩემს შვილს სკაიპით ველაპარაკები და რას ვხედავ, ჩემი ყოფილი ქმარი “კაიფშია”. მესმოდა, როგორ ცდილობდა ბავშვი მის გამოფხიზლებას. თანაც სახლში მარტო იყვნენ. ზაფხული იყო, ფანჯრები ღია ჰქონდათ და პანიკაში ჩავვარდი, ბავშვი ან ფანჯრიდან არ გადავარდეს, ან რამე არ მოხდეს-მეთქი. სასწრაფოდ დავურეკე ყოფილ დედამთილს და ვთხოვე, სახლში მისულიყო. ის კი მარწმუნებდა, წამალს არ გაიკეთებდა, შეიძლება პლანი მოსწიაო.
- სახლში მისვლა და შვილის წამოყვანა არ გიცდიათ?
- ძალიან აგრესიული იყო, როცა კაიფში იყო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და მივედი. ბავშვი წამოვიყვანე, დამეწია და ჩხუბი დამიწყო. მერე ცემაზე გადავიდა. გამეტებით მირტყამდა მუშტებს. ეს ყველაფერი ჩემი შვილის თვალწინ ხდებოდა. მინდოდა, ბავშვი დამემშვიდებინა, მაგრამ მასთან მიახლოებაც ვერ შევძელი, რადგან დაჭერილი ვყავდი და უმოწყალოდ მირტყამდა, განსაკუთრებით - თავში. ეტყობა, სურდა, გონება დამეკარგა. ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ყველა გამვლელს დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ ჩემი დაცვა არავის უცდია. საბედნიეროდ, გოგონები გამოჩნდნენ, რომლებსაც ერთი მამაკაცი ახლდა და ისინი მაშინვე ჩემს დასახმარებლად მოვიდნენ. მათაც ძალიან აგრესიულად ელაპარაკებოდა, თქვენ ვინ გკითხავთო, მაგრამ ფაქტია, იმ ხალხმა მიხსნა იმ დღეს და ძალიან მადლობელი ვარ. დარწმუნებული ვარ, მის ნარკომან მეგობრებს კარგად ესმოდათ ჩემი განწირული კივილი, მაგრამ არავინ მოსულა, სანამ ეს ადამიანები არ გამომესარჩლნენ. ყველაფერი უბანში ხდებოდა და განგრეულ კაიფში მოვიდნენ ისინი. ყველა წვრილმანი აღარ მახსოვს, იმდენად ცუდად ვიყავი. საავადმყოფოში მოვხვდი. მაშინ ვთქვი, ამასაც თუ ვაპატიებდი, მაშინ სასიკვდილოდ გამიმეტებდა და ამიტომ ვუჩივლე. დღეს ციხეშია. იმდენად ვერ წარმოედგინა, რომ დაიჭერდნენ, ამბობდა, ორ დღეში სახლში ვიქნებიო. სულ ვცდილობდი, ბავშვს არ ენახა კონფლიქტები, მაგრამ ძალადობის თვითმხილველი მაინც გახდა. ძალიან განიცდის. სულ მეუბნება, მამა არ მიყვარს, რადგან შენ ასე ძალიან გცემაო. არ მინდა, ჩემი შვილი იყოს ნარკომანი მამის გვერდით. არ მივცემ უფლებას, ცხოვრება დაგვინგრიოს. იმ ქალებს მინდა მივმართო, ვინც ჩემსავით ძალადობის მსხვერპლია. ნუ გაჩუმდებიან, ჩემსავით არ დაუშვან შეცდომა. თუ აპატიებ, უფრო მეტს ითხოვს. მგონია, მკაცრად თუ დაისჯება რამდენიმე და ამას გაიგებს საზოგადოება, ამდენი ძალადობა აღარ მოხდება.


ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი, ქუთაისელი 22 წლის დეა გოშხეთელიანია. თეაც გაშორდა მოძალადე მეუღლეს, მაგრამ ის მაინც არ ეშვებოდა. “ფეისბუკზე” ახალგაზრდა ქალმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, თუ როგორ ძალადობდა წლების განმავლობაში მასზე ყოფილი ქმარი. ირკვევა, რომ მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, ქუთაისის სასამართლომ ის გირაოთი გაათავისუფლა. გოშხეთელიანი თვლის, რომ მოძალადის განთავისუფლება მისი ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდება, რადგან ის ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელია.

“რა თქმა უნდა, ველოდი კიდეც, რომ საზოგადოების ნაწილი ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა, ნაწილი კი ჩემს მხარეს. მინდა, ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე, რათა ნაკლები კითხვის ნიშნები იყოს: 2009 წელს ეს ადამიანი იყო დაჭერილი პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო. ის ფეხმძიმესაც მცემდა როგორც პირველ ბავშვზე, ასევე მეორე ფეხმძიმობისას (სამწუხაროდ, მეორე ბავშვი მომეშალა). შევსწრებივარ შემთხვევას, როდესაც საკუთარ დედასაც შეხებია ხელით და თქვენ დასვამთ კითხვას, რატომ არ ავდექი და უბრალოდ არ წამოვედი? ამაზეც გიპასუხებთ... რამდენჯერაც ვცადე, ცემის ფაქტი დამეფიქსირებინა თუნდაც სამართალდამცავ ორგანოებში, თუნდაც ვინმე ახლობელთან, იმდენჯერ ტელეფონი წამართვა, სახლის კარი ჩამიკეტა (გაქცევის მცდელობა მქონდა, თუმცა უშედეგოდ) და მემუქრებოდა: "მე გაგლახე? რა სისულელეა, აბა დამიმტკიცე, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულში, ჩემ გარეშე არარაობად გაქცევ, გაგამწარებ, დამშორდები და არ გაგახარებ, ბავშვს წაგართმევ, ციხეში გამოგამწყვდევ და ა.შ. საძილე აბებს სვამდა (რომლის ფოტომასალა მაქვს), სახლში იარაღიც ჰქონდა, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც მისი თქმით, შინაგან სისხლდენას და ადამიანის მალე სიკვდილს იწვევს; იმასაც შევსწრებივარ, როცა მამამისმა (გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავნა წამალი, რომელიც ქაღალდებში საგულდაგულოდ იყო გახვეული და გააფრთხილა, არავის აჩვენო, ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა, რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები, მოტივით: სუსტად გამოიყურები, მოძლიერება გჭირდებაო და ამ თემაზე სერიოზული ჩხუბის შემდეგ პირობა დამადებინა, რომ მის მიერ მოტანილ `ვიტამინებს~ დავლევდი. შემდეგ დამალევინა ერთი, მეორე დღეს _ მეორე და მერე უკვე როცა ვახერხებდი, წამალს ვაგდებდი ჩუმად. იყო შემთხვევა, როცა ჰაიმორიტიანი და ფეხმძიმე (მეორე ბავშვზე) სახლიდან გამომაგდო იმის გამო, რომ ლოგინში მწოლიარემ ტანსაცმელი ვერ გავუუთოე. საბოლოოდ, დაშორების დღეს, ჯერ გავარკვიე რომელ საათზე დაბრუნდებოდა სახლში. როცა დავრწმუნდი, რომ გვიან მოვიდოდა, ჩუმად ჩავალაგე ბარგი, წერილი დავწერე და სახლიდან უნდა გავსულიყავი, მაგრამ მომისწრო. მცემა, მახრჩობდა, ტელეფონი წამართვა, კარი ჩამიკეტა. საბოლოოდ, მისი ტელეფონიდან შევძელი ოთახში ჩაკეტილმა პატრულში დარეკვა. დარეკვისთანავე დაწყნარდა, დამშვიდდა, თითქოს არაფერი მომხდარა და სახლიდან მშვიდად და წყნარად წასვლა მთხოვა. 26 ივლისს შემაკავებელი ორდერი გამოწერეს. ვერ დავუმტკიცე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი მქონდა, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს არნახული აფექტური გამომეტყველებით და ხელის დარტყმას ცდილობს, თუმცა გადამღების დანახვისთანავე ხელს დაბლა სწევს. დაშორების შემდეგ გამუდმებულ ზეწოლას განვიცდიდი, არ დამკლებია კრიტიკა, ლანძღვა-გინება როგორც მისი მხრიდან, ასევე დედამისის მხრიდან, რომელიც ბავშვის თანდასწრებით მიყვიროდა, ჩემი შვილია, შენ სუროგატი დედა ხარ, მე წმინდანი ვარ, შენ კი ბოზი ხარ, რადგან სიგარეტს ეწევიო. ბავშვი დაუკითხავად წაიყვანა ბაღიდან და არ მატანდა მანამ, სანამ სასამართლოში არ შევიტანე სარჩელი და შემდეგ მემუქრებოდა, თუ სარჩელს არ გამოვიტანდი, ბავშვს არ მაჩვენებდა. გონივრულად მეშინია მამამთილის გავლენების და სწორედ მაგიტომ მეშინია ჩემი ყოფილი მეუღლის მოვარდნისა და სიკვდილის. მინდოდა, ხალხისთვის მიმეწვდინა ხმა, რადგან ჩემი ეჭვი გამართლდა (გირაოს შესახებ) და სავარაუდოდ, მამამისის გავლენით გირაოთი გამოუშვეს. 3 წლის წინ ჩემს უნივერსიტეტში ლექტორი მოკლა თავისმა ყოფილმა ქმარმა, იმ ქალს ვეღარ გავაცოცხლებთ და მე არ მინდა სიკვდილი”, - წერს დეა გოშხეთელიანი.


აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, სამართალდამცავებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს: “ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ, მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და, ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მოძალადე დღეს პატიმრობაშია.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ძალადობის ფაქტზე ვიქნებით ისეთივე ეფექტიანები, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით.


მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების მსხვერპლები მოძალადეებს გადაურჩნენ, მაგრამ ამ დრომდე საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის ორი შვილის დედა, რომელიც გასულ კვირას ყოფილმა მეუღლემ დაჭრა.

32 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობებით რეანიმაციაშია და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ასევე მძიმეა მასთან ერთად დაჭრილი მისი მეგობარი მამაკაცის მდგომარეობა. ყოფილი ცოლისა და მისი მეგობარი მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ოპერატიულად დააკავა და ბრალიც წაუყენა. როგორც ირკვევა, ქალს ყოფილი ქმარი ნაქირავებ ბინაში მიუვარდა და დანით 14 ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში მოხდა. ამ შემთხვევაშიც შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო.

“ყოფილი მეუღლე ქალზე რომ სისტემატურად ძალადობდა, ყველამ ვიცოდით. დასახმარებლად არაერთხელ გამოიძახა პოლიცია. ეზოში შემოსასვლელი კარი სულ დაკეტილია და როგორ შემოვიდა მოძალადე, არ ვიცით, არ გაგვიგონია ხმაური. ერთიანად სისხლით მოთხვრილი მსხვერპლი მეორე სართულზე ამობობღდა, მიშველეთო და იქვე ჩაიკეცა.

“სასწრაფო” გამოვიძახეთ, მერე გაირკვა, რომ მასთან სახლში მყოფი მამაკაციც დაჭრილი იყო, ოთახში ყველაფერი - დამტვრეული. როგორც ჩანს, ჯერ იჩხუბა, დალეწა ყველაფერი. აშკარად მისი სიკვდილი უნდოდა, აბა, 14 ჭრილობას ხომ არ მიაყენებდა?", - ამბობს მეზობელი.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე დანაშაულს აღიარებს და მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. მას ბრალი წაუყენეს ოჯახური ძალადობის მუხლითაც და საკმაოდ დიდხანს მოუწევს ალბათ ციხეში ყოფნა.


თეა ხურცილავა
ჟურნალი "გზა"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარი
კარგად გაიცანით,მომავალი მეუღლე და მერე გადაწყვიტეთ,ღირსია თუ არა გაუჩინოთ,შვილი.შენი თავი,თუ არ გეცოდება შვილებს,რას ერჩი?
18:53 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ლანა
ქართველ კაცების სახეე რომ დაგანახოთ ქალმა ვერ იცნობთ მეცოდებით
14:59 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS