09 იანვარი, 2018
ქართულ ტრადიციას შეწირული ქორწილი და ჩაშლილი სიყვარული - ახალგაზრდა გოგონას ისტორია
მატარებლით იშვიათად ვმგზავრობ, მაგრამ რატომღაც იმ დღეს თბილისიდან ქუთაისში წასვლა სწორედ ასე გადავწყვიტე.

ჩემ გვერდით 25 წლამდე ელეგანტური გოგონა დაჯდა. მისი სამყარო უფერული მომეჩვენა, მზერა - უიმედო. არც შევმცდარვარ, უეცრად თვალები ცრემლებით აევსო და ნიკაპი აუკანკალდა. მე დახმარება და გულის გადაშლა შევთავაზე, ამბობენ, უცნობებთან საუბარი საქმეს შველისო და მანაც ცრემლები მოიწმინდა, ღრმად ამოისუნთქა და ისე დაიწყო, თითქოს დიდი ხანი მელოდებოდა:

"ნიკა ჩემი შეყვარებული იყო. შეყვარებული-მეთქი ვამბობ და იმის ახსნას აღარ დავიწყებ, თუ როგორ მიყვარს. ეს
სიტყვა ყველაფერს თვითონ ამბობს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ურთიერთობიდან ერთი წლის თავზე დაქორწინებას ვაპირებდით, გადავწყვიტეთ, მშობლებისთვის ერთმანეთი გაგვეცნო. ასეც მოვიქეცით და საქორწინო სამზადისი მალევე დავიწყეთ.

არ ვიცი მოვწონვარ თუ არა ნიკას ოჯახს, ასე რომ არ იყოს, ეს ალბათ გავლენას მათ შვილზეც მოახდენდა და ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ბზარი გაჩნდებოდა, მაგრამ არა, ჩვენ კვლავ იდეალური წყვილი ვიყავით.

ქორწილის დაგეგმვაში მონაწილეობას ყველა იღებდა, ჩვენი დედები იმდენად დაახლოვდნენ, ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს აღარ დგამენ, ყველაფერს ერთად არჩევდნენ, მე ბევრი რამ მეზედმეტებოდა, მაგრამ ისინი კატეგორიულები იყვნენ, ცდილობდნენ მათი შვილების ქორწილი გრანდიოზული და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი გამხდარიყო. მოსაწვევებიც ერთად დიდი ენთუზიაზმით შეარჩიეს და გააგზავნეს.

წესით ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. მე და ნიკა ცოტა გადაგვღალა ამ ყველაფერმა, მაგრამ როგორღაც ყველაფერს თავს ვართმევდით. მას უკვე ისე აღვიქვამდი, როგორც ქმარს. მისადმი მიჯაჭვულობა ვიგრძენი და ამან სულაც არ გამაღიზიანა, პირიქით - კიდევ უფრო მიყვარდებოდა და მჭირდებოდა მისი გვერდით დგომა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო უკანასკნელი კაცი ვისთანაც ურთიერთობა მექნებოდა. მომწონს ობიექტურად, კიდევ უფრო მომწონს სხვების დამოკიდებულება მისადმი. ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც ბევრ პარალელს ავლებენ ჩვენ შორის და ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნოა... საერთო მართლაც ბევრი გვაქვს. მე ნიკაზე ორი დღით უფროსი ვარ და ამაზე ბევრს ვხუმრობდით. ზოგჯერ, როცა რაიმეზე ვკამათობდით, ნიკა იტყოდა, კაი, შენ ჩემზე უფროსი ხარ, მეტი გამოცდილება გაქვსო და კამათსაც მხიარული განწყობა ცვლიდა.

ქორწილამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა. ბოლო დღეებში დედა დათრგუნული მეჩვენებოდა, ნიკას დედას კი საერთოდ ვეღარ ვხედავდი, თითქოს მერიდებოდა. დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია, მღელვარებას დავაბრალე, ყველა ვღელავდით და წარმომიდგენია, როგორ ერთულებათ მშობლებს შვილების გაშვება. ერთ დღესაც მე და ნიკას დაგვირეკეს და გვთხოვეს მათთან მივსულიყავით. დედას ვერ ვაიძულე ტელეფონით რაიმე ეთქვა, მაგრამ მისი ხმა რაღაც საშინელებას მანიშნებდა.

ნიკას სახლში მივედით. მშობლების დაბნეული სახეები არასდროს ამომივა მეხსიერებიდან, ისტორიის შესალამაზებლად სიტყვებს ვერ პოულობდნენ, ბოლოს კი ქორწილი რამდენიმე სიტყვით ჩაშალეს.

როგორც აღმოჩნდა, მე და ნიკას იმაზე მეტი საერთო გვქონია, ვიდრე გვეგონა. ჩვენმა დედებმა აღმოაჩინეს, რომ ერთსა და იმავე საავადმყოფოში, ერთსა და იმავე დროს დავიბადეთ. ჩვენი მშობლები გვერდიგვერდ პალატაში იწვნენ, რძე ხან ერთს არ ჰქონდა, ხან - მეორეს, ჰოდა ასე... მე და ნიკა ძუძუმტეები ვყოფილვართ.

დედებს თავიანთი მეხსიერების შემოწმება უცდიათ, მისულან იმ საავადმყოფოში, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ პასუხების ვინმესგან მოსმენა არც ისე მარტივია. ნიკას დედა თავის პალატასთან დამდგარა და ის გვერდითა პალატაც დაუსახელებია, სადაც თურმე მისი შვილი გაყავდა ექთანს. ამ პერიოდში კი პალატაში მხოლოდ ერთი ქალი იწვა, დედაჩემი. ესაა რაც ვიცით, ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ მე მაინც მინდა ექთნების პოვნა. იქნებ მშობლებს არასწორად ახსოვთ ან იქნებ ნიკას დედას არ მოვწონვარ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმა... მაგრამ ასეც რომ იყოს, ნუთუ ასეთ დანაშაულს ჩავიდენთ ქორწინებით...."

მარიამ ელიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS