08 იანვარი, 2018
ღმერთთან მოცეკვავე - ძალა, რომელიც სასწაულს ახდენს
51 წლის ანა ჰალპრინი ნელ-ნელა კვდებოდა. ექიმებმა მას მძიმე დაავადება დაუდგინეს. ანას სხვა გზა არ ჰქონდა, ბედისწერას უნდა შეგუებოდა, თუმცა, ამის ნაცვლად მან ცეკვა დაიწყო და რაოდენ ფანტასტიკურადაც უნდა ჟღერდეს, კიბოს დამარცხება შეძლო.

მას შემდეგ უკვე 40 წელზე მეტია ანა ცეკვავს - ცეკვავს არა ხელოვნების, არამედ ჯანმრთელობისთვის. 92 წლის ანა ჰალპრინი სხვებსაც ასწავლის ცეკვას და მისი დახმარებით განკურნებას.

როგორც ანა ამბობს, მის ისტორიაში არაფერია ჯადოსნური და ზებუნებრივი. „ბუნებრივი თვითგანკურნების მექანიზმი სხეულის თითოეულ უჯრედშია მოთავსებული, -
განმარტავს ანა, - უბრალოდ, უნდა ისწავლო მისი ამუშავება, ეს არის და ეს“.

ანას მიაჩნია, რომ ამ მექანიზმის ამუშავების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ცეკვაა. არა უბრალოდ ცეკვა, არამედ მოძრაობების, განცდებისა და გრძნობების შერწყმა.

როცა ანამ ავადმყოფობის შესახებ გაიგო, დიდ ტილოზე საღებავებით თავისი დაავადება დახატა - პირქუში აბსტრაქტული ლაქა გამოვიდა. სურათი კედელზე ჩამოკიდა, მეგობრები დაპატიჟა და საკუთარი ნახატის წინ „საბედისწერო ცეკვა“ შეასრულა. იდეა ის გახლდათ, რომ ცეკვის საშუალებით გადმოეცა თავისი შიში და განცდები. ეს საოცრად უცნაური, დამთრგუნველი სანახაობა იყო - ანა მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა, ხელებს ფარჩხავდა, ბუქნაობდა, ღმუილისმაგვარ ხმებს უშვებდა. თითქოს რაღაც რელიგიურ რიტუალს ასრულებდა.
Rating
„ერთხელ ბავშვობაში დავინახე, ბიძაჩემი ლოცვის დროს როგორ ირწეოდა, - ამბობს ანა ჰალპრინი, - მაშინ გავიფიქრე, ალბათ, ღმერთი მოცეკვავეა-მეთქი“.

საოცარია, მაგრამ „საბედისწერო ცეკვამ“ გაამართლა. ანამ დაავადება დაამარცხა. „ჩემი ბრძოლა დაავადებასთან ბედის საჩუქრად მექცა, - აღიარა ანამ,
- დაავადებამდე ვცოცხლობდი იმისთვის, რომ მეცეკვა, დაავადების შემდეგ კი ვცეკვავ იმისთვის, რომ ვიცოცხლო“.

სწორედ ამ ხელოვნებას - სიცოცხლისთვის ცეკვას ასწავლის ანა თავის მოსწავლეებს. მისი მეთოდის არსი ის გახლავთ, რომ ღრმა კავშირი დაამყაროს გონებას, შეუცნობელსა და საკუთარ სხეულს შორის.

მაგალითად, ის სთხოვს თავის მოწაფეებს, დახატონ თავიანთი შიშები და განცდები - ნებისმიერი რამ, რაც თავში მოუვათ, შემდეგ კი ეს განცდები ცეკვით გამოხატონ. „ხალხს ვასწავლი, საკუთარ სხეულს მოუსმინონ. ისინი თვითონ კურნავენ საკუთარ თავს. მე მხოლოდ რესურსებზე მივუთითებ და ამითაც ბედნიერი ვარ“, - ამბობს ანა.

ანა თავის სტუდენტებთან ერთად სამსაათიან მეცადინეობებს, ასევე, საავტორო სემინარებს ატარებს. ავადმყოფების გარდა, ის მუშაობს ყველასთან, ვისაც საკუთარი სხეულის უკეთ შეცნობა სურს. მაგალითად, ის ატარებს სემინარს, რომლის მიზანი შემოქმედებითი უნარის განვითარებაა და რომელიც დღეში ექვს საათს გრძელდება ხუთი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ანა პერიოდულად ცეკვის ფესტივალებზეც გამოდის.

უკვე 40 წელია, ანა ჰალპრინი ცეკვის მეშვეობით კურნავს ხალხს - შეიძლება ითქვას, რომ ის ღმერთთან ცეკვავს. და ღმერთიც არ უცრუებს იმედებს.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS