24 დეკემბერი, 2017
"შეყვარებულის ნაკვალევს ჩუმად ავედევნე და უცნაურ ადგილზე აღმოვჩნდი" - ქუთაისელი გოგონას გზავნილი
"არ ვიცი, რატომ გწერთ, ალბათ ძალიან მიჭირს, მარტომ გავიხსენო პირველი სიყვარული, იქნებ თქვენმა თანაგრძნობამ ეს ტვირთი ჩამომხსნას. ან იქნებ მითხრათ შეცდომას ახლა ვუშვებ თუ ეს 22 წლის წინ გავაკეთე...


კერასინკის ეპოქიდან ვარ. იმ 90-იანებში გავიზარდე ყოველ საღამოს მეზობლები რომ მთელი ეზოს ამბების განსახილველად იკრიბებოდნენ. "ჭორბიუროს" უყურადღებოდ ჩვენი ახალი მეზობლები არ დარჩენია და ერთხელ რამდენიმემ ოჯახთან სტუმრობა გადაწყვიტა. დედას მეც ხელი ჩავჭიდე და გავყევი.


ოჯახი 4 წევრისგან შედგებოდა - ნიკა, მისი მშობლები და ბებია. მასპინძლებმა თბილად
მიგვიღეს,მხოლოდ ნიკამ აგვათვალიერე თითოჯერ და ოთახიდან გავიდა. სამეზობლო ჯერ სუფრას შემოუსხდა, მერე კერასინკას, საერთო ენა მალე იპოვეს. მე კი ვიჯექი და ხან რას ვაკვირდებოდი, ხან - ვის.
ამასობაში ოთახიდან ნიკა გამოვიდა და გამათბობელს ხელები მიაფიცხა. ლამაზი თითები ჰქონდა, გრძელი და წვრილი. თვალებიც ზღვისფერი, ლამფის შუქზე ალაგ-ალაგ ამოსული წვერიც დავლანდე, ნიკაპთან ხალიც შევამჩნიე. აქ მზერაში დამიჭირა და ისე შემომხედა თითქოს ქურდობაში წამიჭირა და გამიღიმა.

მაშინ ვერც ღიმილით ნათქვამ ჩანაფიქრს მივხვდი და ვერც მისი ასეთი მზერის მიზეზს. ნიკასთან დაახლოების შემდეგ ამ კითხვებსაც ვუპასუხე, თუმცა პასუხები უკვე აღარფერში გამომადგა.


დამეგობრება კი მეორე დღეს დაიწყო, როცა სკოლისკენ მიმავალს თავზე კაპიშონჩამოფხატული წამომეწია. არ მომსალმებია, არც ის უკითხავს, როგორ ვიყავი. გვერდით ამომიდგა და სიგარეტი გააბოლა. ცივაო ერთი ჩაიჩურჩულა. არ მახსოვს რა ვუპასუხე, თუმცა მთელი გზა ვსაუბრობდით. არც ისეთი უცნაური აღმოჩნდა, როგორც წინა დღეს მეჩვენა. იმ დღის შემდეგ ერთად მივდიოდით სკოლაში და უკანაც ერთად ვბრუნდებოდით. ხან მე ველოდებოდი, ხან - ის. მასთან ერთად ყოფნა ისე მომწონდა აღარც დილით ადრე ადგომა მეზარებოდა და აღარც სკოლაში წასვლა. მეტიც - ზაფხულის მოსვლა მაშინებდა. არ ვიცოდი ასე ინტენსიურად შევძლებდი თუ არა მის ნახვას. სკოლის დამთავრებამდე უკვე ერთი კვირა რჩებოდა, რომ მითხრა საღამოობით ეზოში რატო არ გამოდიხარ, სკოლა რომ დამთვარდება, მერე სად უნდა გნახოო. არ ვიცოდი რა მეპასუხა. შეკითხვამ გამახარა, ინტონაციამ - შემაშინა. "უნდა გნახო" რას ნიშნავს-მეთქი. მერე აგიხსნიო თქვა და თავისი ძმაკაცისკენ გაიქცა.


იმ დღეს არ დაველოდე მასთან დალაპარაკებას და სახლში გამოვექეცი, თუმცა გამოპარვა მალევე ვინანე. მეორე დილით სახლთან დამხვდა. ზღვისფერ თვალებში წყენა ამოვიკითხე. მოდი დღეს სკოლაში არ წახვიდე და ქალაქში ვიხეტიალოთ თან ვისაუბროთო. დავთანხმდი. მთელი დღე ერთად გავატარეთ .ის დღე ჩემს ცხოვრებაში პირველი ყველაზე შთამბეჭდავი და მოკლე აღმოჩნდა...
სახლში უკვე "შეყვარებულიანი" დავბრუნდი, თუმცა გადავწყვიტე მშობლებისთვის არაფერი მეთქვა.


ზაფხულიც მალე დაიწყო და ყოველ საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩემმა მეგობრებმა მის შესახებ იცოდნენ და იცნობდნენ კიდეც, თუმცა მე მისი წრიდან არავის ვიცნობდი. ეს რომ ვუთხარი, მიპასუხა საჭირო რომ იყოს გაგაცნობდიო. ვერ მივხვდი რა იგულისხმა, მაგრამ მივხვდი ანერვიულდა და აღარ ჩავძიებივარ.


ნიკასთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ფაქტობრივად არ ვიცნობდი მას, არ ვიცოდი მისი ინტერესები, მისი სამომავლო გეგემები, მხოლოდ ვიცოდი, ის რომ ოცნებობდა ეგვიპტეში მოგზაურობაზე და მის გამო ეს ადგილი მეც შევიყვარე, არც თავგადასავლებზე მიყვებოდა რამეს. ძირითადად მე ვუყვებოდი ჩემს ამბებს, ის კი მისმენდა რჩევებს მაძლევდა და მეფერებოდა. ეს რომ გავაანალიზე, მივხდი, ჩვენს ურთიერთობას სხვადასხვა მხრიდან ვუყურებდით, მაგრამ ისიც ვიცოდი, მიყვარდა ისეთი, როგორიც ჩემთან იყო, ისეთი იდუმალი და საინტერესო, ისეთი მხიარული და ზოგჯერ ახირებული.


იმ საღამოს შევხვდი, ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, ბოლოს კი, როცა მისი წასვლის დრო მოვიდა, გადავწყვიტე გავყოლოდი და გამეგო, რა საქმეებზე დადიოდა ყოველ საღამოს. ჩუმად ავედევნე ნაკვალევს და უცნაურ ადგილზე აღმოვჩნდი. ირგვლივ სულ შავებში ჩაცმული ახალგაზრდები იყვნენ, თავზე კაპიშონებით და წვერებით. შემეშინდა. ნიკას მისვლას ემოციებით შეხვდნენ. მანაც, მისალმების ნიშნად, ყველას მუშტი მუშტზე მიარტყა. მერე რაღაც სახელი თქვა, ვიღაც მოიკითხა, როგორც აღმოჩნდა, იქ არ იყო. ნიკამ დაველოდებიო ჩაიბურტყუნა და ქვაზე ჩამოჯდა. მეც იქვე დამალული ველოდებოდი "უცნაურსახელიანს" და მოვლენების წარმართვას. ვხვდებოდი, რაღაც ისე არ იყო.


უცნობი ბანდას მალე შემოუერთდა. ნიკამ დაინახა თუ არა ადგა, მისკენ აჩქარებული ნაბიჯით წავიდა და მუშტი პირდაპირ ცხვირში დაარტყა. გაოცებისგან გავქვავდი, მე ასეთ ნიკას არ ვიცნობდი. მისი თვალები აღარ იყო ლურჯი.
დაიწყო რაღაც საშინელი ჩხუბი და აურზაური. მე დრო ვიხელთე და გამოვიპარე.
მთელი ღამე არ მიძინია. ყველაფერი გავაანალიზე. ნიკა ტიპური 90-იანელი იყო... მე კი ასეთი შეყვარებული არ მჭირდებოდა. უკვე მეშინოდა კიდეც მისი, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა, როცა ვეტყოდი, რომ დაშორება მინდა. გადავწყვიტე, ჯერ არაფერი მეთქვა და დავლოდებოდი, როდის შეეშლებოდა ჩემთან რამე საბაბად რომ გამომეყენებიდა. გამიმართლა და შეცდომა მალე დაუშვა, როცა თავისთან სოფელში წასვლა შემომთავაზა. არ ვიცი შეიძლება ცუდი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ მე მას აღარ ვენდობოდი. შანსი გამოვიყენე და ისტერიკები ავუტეხე. თავის მართლება სცადა, მაგრამ მე მისი მოსმენა კი არა დანახვაც აღარ მინდოდა. ასე განვუცხადე უნდა დავშორდეთ-მეთქი. აღარ ვნახულობდი, მარტო მასთან აღარ ვრჩებოდი. ეს ჩემთვის მძიმე იყო, ჩემი ნიკა მიყვარდა, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა "კაი ბიჭი" ქმარი არ მინდოდა. თვითონ კი არ მეშვებოდა, მე მოკარების საშუალებას არ ვაძლევდი. დიდი ხანი დამდევდა, მერე სასწავლებლად თბილისში წამოვედი, ოჯახმა ქუთაისის სახლი გაყიდა და ყველანი დედაქალაქში გადმოვედით. მეგობრებისგან გავიგე ჩემზე უკითხავს, თუმცა არავინ გამცა. მოკლედ მას შემდეგ საერთოდ აღარ მინახავს.


მხოლოდ ახლახან უცნობი კაცი მოვიდა სამსახურში, ტურისტულ სააგენტოში და ყველაფერი თავდაყირა დამიყენა. ..
უცნობს ვთხოვე, 5-10 წუთით დამლოდებოდა, საქმეს მოვრჩებოდი და შემდეგ მას დავეხმარებოდი ტურის შერჩევაში, მანამდე კი ბროშურების წაკითხვა შევთავაზე. ის კი არ ჩუმდებოდა, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ბოლოს მეც ჩამითრია, მომეწონა მისი საუბრის მანერა, ინტელექტი, იუმორი. კითხვებს ისე ვუსმევდი და ვპასუხობდი, კომპიუტერის ეკრანს თვალს არ ვაშორებდი და ერთდროულად ორ ფრონტზე ვიბრძოდი. საქმეს რომ მოვრჩი, ვკითხე სად და როგორი ტური უნდოდა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე, ეგვიპტიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და შთაბეჭდილებები გადმოვულაგე. ბოლოს მანაც ეგვიპტე აირჩია.

დოკუმენტების შესავსებად პირადობა ვთხოვე. ჯერ სახელი და გვარი მეცნო, ვიფიქრე უბრალოდ ემთხვევა-მეთქი და გამეღიმა, დაკვირვებით შევხედე და ამ კაცში ნიკას ლურჯი თვალები დავინახე, თუმცა კაპიშონიანი შავი მოსაცმელის ნაცვლად შარვალ-კოსტუმი ეცვა, აღარც სიგარეტის სუნი ასდიოდა. ის ხალიც შევამჩნიე და მზერა ხელებზე გადავიტანე, თითები ისევ ისეთი გრძელი და სწორი, უკვე ნიშნობის ბეჭდით დამშვენებული ჰქონდა. ცრემლები თავისით წამომივიდა, ვერაფერს ვგრძნობდი. ვერ მიხვდა რა დამემართა, ვუთხარი ძველ ნაცნობს მიგამსაგვსე-მეთქი. ან რა უნდა მეთქვა სხვა...
იქნებ სპეციალურად მოვიდა ჩემთან, იქნებ თვითონ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა..."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დატა
სევდიანი ისტორია უაზრო ფინალით
20:23 / 26-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS