- ბატონო მიხეილ, მთის რთულ პირობებში, როგორ იზამთრებს ხალხი ხევსურეთში?
- უჭირთ, ძნელია აქ ყოფა-ცხოვრება, გამოზამთრება... რთულ ზამთარს
შუქი მარტო შატილსა და მუცოშია, დანარჩენ სოფლებს ლამფის შუქზე უწევთ ცხოვრება. შუქი ვისაც აქვს, ტელევიზორიც აქვს და იგებენ, რა ხდება ქვეყანაში. დანარჩენად მოკლებულია ხალხი ყველანაირ ინფორმაციას. ხანდახან დავფიქრდები ხოლმე და მიკვირს, როგორ ძლებენ ასე, ყველაფრის გარეშე და არ ტოვებენ აქაურობას. ძალიან ძნელია ასე, მაგრამ რა ვქნათ. გვიყვარს აქაურობა, ეს მიწა, მთები და ვიწრო ბილიკები... ვერ ვტოვებთ... ზაფხულობით ბევრი ხალხია, ამოდიან, ისვენებენ არც ტურისტების ნაკლებობას ვუჩივით. ამ ბოლო დროს მობრუნდა ხალხი აქეთ.
1982 წელს შევარდნაძემ ჰესი გააკეთა და მოეხსნა ხევსურებს უშუქობის პრობლემა. მას შემდეგ, აბა, რამდენი წელი გავიდა და თავისი დრო მოჭამა. ამოდიან, აკეთებენ, მაგრამ მაინც ვერ შველიან. რამდენიმე დღის წინ 3 დღე არ გვქონდა შუქი, ამბობდნენ, რაღაც დაზიანდაო.
ვინმე ცუდად თუ გახდება თუ ტელეფონი იჭერს, მირეკავენ თუ არადა მესაზღვრეებს ატყობინებენ და მერე მესაზღვრეები მე გადმომცემენ ხოლმე. ავიღებ მეც ჩემ ჩანთას და მივდივარ. რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა - წავედი, სანამ სოფელში შევიდოდი, ძაღლმა მიკბინა და დამიზიანა მთელი კუნთები და სისხლძარღვები. რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა, ვინ მოთვლის, ზვავები, უგზოობა, წელამდე თოვლში მივლია, მაგრამ მაინც მივსულვარ ავადმყოფამდე...
ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ხევსურს ტურისტები ჰყავდა ამოყვანილი, აქედან წასვლისას, უღელტეხილზე ერთ-ერთი ტურისტი დაზიანდა - წვივის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. დამირეკეს, ჩავედი, რისი გაკეთებაც შევძელი, გავაკეთე, ბარისახოში გახდა საჭირო ჩასვლა საგზაო მანქანით წავედით. გზაში მძღოლს გაუჭირდა მართვა და ხევში გადავცვივდით. ორი ოპერაცია დამჭირდა, მეც ძლივს გადავრჩი.
რასაც დასთეს, იმას მოიმკიო ხომ გაგიგიათ, ჩემმა გაკეთებულმა საქმემ არაერთხელ გადამარჩინა... ერთხელაც ერთი ჩეჩენი მომიყვანეს - ფილტვების ანთება ჰქონდა, ჩემთან დავტოვე სახლში და ვუმკურნალე, რომ მომჯობინდა, წავიდა. ამ დროს ჩეჩნეთის მხარეს ხევსურები გადადიოდნენ ხოლმე სანადიროდ. ერთხელაც მე, ივანე ჭინჭარაული და არხოტელი შოთა ოჩიაური წავედით სანადიროდ. მთიდან, თურმე სამ ჩეჩენს დავუნახივართ და მიმხვდარან, ხევსურები რომ ვიყავით და მოკლა სდომებიათ ჩვენი. მაშინ ხევსურები და ჩეჩნები ერთმანეთს მტრობდნენ და აქეთ გადმოდიოდნენ.
რამდენიმე ხნით ადრე შატილში ჭინჭარაულების ოჯახი - ხახონაანთ ოჯახს ვეძახდით, ერთ-ერთმა ჩეჩენმა ამოწყვიტა მთლიანად, რომელსაც სეიდა რქმევია. სწორედ ამ სამი ჩეჩენიდან, რომელიც ჩვენ ნადირობისას გვითვალთვალებდა ერთ-ერთი ეს სეიდა ყოფილა. აბა, რა თქმა უნდა, ეზიზღებოდა ხევსურები. წილი უყრიათ, ვინ ვის ესროდა. მეორე ამ ჩეჩნებიდან კიდევ ის ყოფილა, მე ვისაც ვუმკურნალე, ზუსტად ამას მორგებია ჩემი მოკვლა, ვუცნივარ და უთქვამს, - ამ ექიმმა გადამარჩინა, ვერ მოვკლავო... უთხოვია, ყველა გავუშვათო.
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ჩეჩენმა მწყემსმა მიამბო, რომელიც ხევსურეთში საქონელს მწყემსავდა.
განაგრძეთ კითხვა: