11 დეკემბერი, 2017
გაიცანით ბიჭი, რომლის ცხოვრებაც ზაზა ფაჩულიამ მთლიანად შეცვალა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა პოსტმა იმის შესახებ, თუ როგორ დაასაჩუქრა ზაზა ფაჩულიამ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი სრულიად საქართველო აალაპარაკა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელი სინამდვილეში კალათბურთელი კი არა, პროგრამისტი და მომავალი ფილოსოფოსი ბექა ჭყოიძეა. როგორც თვითონ ამბობს, ახლა მისი "ტვინის პრეზიდენტი" კალათბურთია და ზოგჯერ არც კი სჯერა, რომ კაპიტნის გუნდმა მოყვარულს პროფესიონალად ქცევის ასეთი შანსი მისცა:

-კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, დიდი ხანი ვცდილობდი, ჩემი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა გამეღრმავებინა და
უბრალო მოყვარულიდან პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადამედგა, ისე მოხდა, რომ ჩემი და ზაზა ფაჩულიას აკადემიის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, ისინი ახალგაზრდა, კალათბურთზე შეყვარებულ ადამიანებს ეძებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სპორტის ამ სახეობისთვის დაეთმოთ, მე კი სწორედ ასეთ შანსს ვეძებდი. საბოლოოდ, რამდენიმე ძალიან კარგი ადამიანის დახმარებით, რამდენიმე კარგ ადამიანს შევხვდი, გავესაუბრე, გამესაუბრნენ და ჩემი შანსი რეალობად იქცა... თავდაპირველად საცდელი პერიოდით, სამიოდე თვეში კი ოფიციალურად გავხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მწვრთნელი... დღესაც არ მჯერა... მათთვის სრულიად უცნობ ადამიანს ამხელა ნდობა გამოუცხადეს და მისცეს ის შანსი, რომლისთვისაც ბევრი წლები იბრძვის... მგონი ძალიან იღბლიანი ვარ...

- არ გაგიჭირდათ ახალი ამპულის მორგება? მოყვარულისთვის მწვრთნელობა მარტივი არ უნდა იყოს...
- ბავშვობაში კალათბურთზე დავდიოდი, მაგრამ როცა არჩევანის გაკეთება სწავლასა და კალათბურთს შორის დადგა, სწავლა ავირჩიე.

7 წელია ყოველ ზაფხულს კალათბურთს და კალათბურთის პოპულარიზაციას ვუთმობ... ჩემი შვებულება, ჩემი და ჩემი მეგობრების დასვენების დღეები სხვებისთვის დაუვიწყარი დასვენების დღეების მოწყობაში იხარჯება.
ბევრ ახალგაზრდას შევაყვარეთ კალათბურთი. აკადემიაშიც განსაკუთრებით პატარა ბავშვებთან მუშაობისას მთავარი ამოცანა სწორედ ეგაა, კალათბურთი უნდა შეაყვარო, თუ ამას მიაღწევ, დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხია. რასაკვირველია, არ იყო მარტივი, თუმცა, აკადემიაში მისულს ისეთი მწვრთნელები დამხვდნენ, ისეთ ადამიანებთან ერთად მიწევდა მუშაობა, უკეთესს ვერც ვინატრებდი, ცოტა გადავაჭარბებ და კალათბურთის ჰარვარდში მოვხვდი (ნუ საქართველოს დონეზე მაინც). ძალიან დამეხმარნენ, ყოველ წამს გვერდით მედგნენ, მეხმარებოდნენ, მასწავლიდნენ, შენიშვნებს მაძლევდნენ, ეს ჩემთვის იდეალური სასწავლო პროცესი იყო, რომელიც დღემდე გრძელდება... ქართველი და უცხოელი მწვრნელებისგან დაკომპლექტებული შესანიშნავი გუნდი მუშაობს, იდეალური გარემოა სწავლისა და განვითარებისთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ასევე აღსაზრდელებისთვის.

- რა პროფესიის ხარ და რატომ აირჩიე?
- პროგრამისტი ვარ. მგონი, 2009 წელი იქნებოდა იმჟამინდელმა ბატონმა პრეზიდენტმა წარჩინებულ მოსწავლეებს Asus Eee Pc 2G Surf რომ დაგვირიგა - ლეპტოპი, რომელსაც პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ცხოვრება უნდა შეეცვალა. სხვების რა გითხრათ და ჩემი ცხოვრება მართლაც შეიცვალა. ჩემს ლექსიკონში გაჩნდა ისეთი სიტყვები და ფრაზები როგორებიცაა: ისევ გაჭედა ამ დედა მოტ..მა, ფუ მე ამის გამომშვები ქარხნის …. , ნაბ***არი, გამოშტერებული და ა.შ. ლეპტოპით გამწარებულმა გადავწყვიტე, პროგრამისტი გავმხდარიყავი და ისეთი ლეპტოპები და ოპერაციული სისტემები მეწარმოებინა, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში უცენზურო სიტყვების დანერგვას ხელს არ შეუწყობდა.

- თავიდან რომ ირჩევდე პროფესიას, რას აირჩევდი?

- იმ პერიოდში პროგრამისტობა საუკეთესო არჩევანი იყო. ახლა თსუ-ში ფილოსოფიაზეც ვსწავლობ.

- კალათბურთი?
- კალათბურთი ყოველთვის იყო თავის სიმაღლეზე ჩემს ცხოვრებაში და შანსს ელოდებოდა სათავეში რომ მოსულიყო, ორი წლის წინ ჩემს ტვინში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა და დღეს სათავეშია უკვე. აქამდე საპრეზიდენტო ასაკი არ ჰქონდა.


მემი მემორი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS