30 ნოემბერი, 2017
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი
უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება

არქივში უამრავი ისეთი ამბავი ინახება, რომელმაც შესაძლოა, ამ საოცრებებით სავსე სამყაროში მაინც უზომოდ გაოცებული დაგტოვოს. ჩემი პროფესიის წყალობით, სწორედ ასეთ მასალებთან მიწევს მუშაობა და არ მასვენებს სურვილი, ისინი დღის სინათლეზე გამოვიტანო და თქვენც გაგაცნოთ (ფონდი 489, ჩანაწერი #1, საქმე #329):

1908 წელს, ვინმე გიორგი პატარკაციშვილი დაქორწინდა 11 წლის ნინოზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 3 წლის განმავლობაში მასთან სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონია, ხოლო ბოლო სამი
წლის განმავლობაში, ქმრის მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაშიც სიდედრს სდებდა ბრალს - საწამლავი დამალევინა, რომ ქმრის ვალი ვერ შემესრულებინაო.
18 წლის ნინომ საჩივარი დაწერა და მიტროპოლიტს მიართვა, სადაც აღწერდა თავის გასაჭირს: ქმარი სცემდა, სასტიკად ეპყრობოდა, მისი გაუპატიურება თითით მოახდინა და ასე დაკარგა ქალწულობა. ასევე, სექსუალური ურთიერთობისას სხვა საგნებს იყენებდა და ხრწნიდა მას. ნინოს ქმართან გაშორება სურდა.
გიორგი პატარკაციშვილი თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ სხვა ქალებთან ყველაფერი გამოსდიოდა. ამის დასამტკიცებლად მიტროპოლიტმა გადაწყვიტა, მისთვის გამოცდა ჩაეტარებინათ და გიორგისთვის ცოლთან დაწოლის საშუალება მიეცათ, რასაც თვალს ადევნებდა რამდენიმე ასაკოვანი ქალბატონი და მღვდელი. თუ ის თავის მოვალეობას შეასრულებდა, ცოლს დაუბრუნებდნენ. მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ მან ვერ შეძლო ფიზიკური ურთიერთობის დამყარება. ამის შემდეგ გიორგის მიეცა 3 თვის ვადა სამკურნალოდ.
როგორ დასრულდა ეს ცოლქმრული დავა, ამას ნინოს ბოლო განცხადებიდან შეიტყობთ. ახლა კი მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად.

6 აპრილი, 1915 წელი
"მათს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, უფალს ალავერდელ მიტროპოლიტსა და კახეთის მწყემსს და კავალერს ბოდბელის იოანეს თანა.
ქედელში მცხოვრებლის დავითა ფეიქრის ქალის ნინოსგან უმდაბლესი მოხსენება.
უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება, გარნა გამაბედვინებს ჩემის მეუღლის გიორგისგან უწყალონი მწუხარებან მეუღლეობის წესს, რასაც ბუნება მოითხოვს, ჩემი ქმარი არ აღასრულებს, ვინათგან არის საჭურისი, უწყალო ტანჯვითა მგვემს ცემითა, ავად მოპყრობითა. გარდა ამისა ესრეთ მტანჯა: მოინდომა ბუნებითის საქმის აღსრულება და რომ ვერ აღასრულა წესი დაუტევა და სხვითა რაითამე გამხრწნა. აქამომდე ესრეთ მტანჯა. ეს ჩემი უწყალონი საქმენი ჩემს მოძღვარს, წმინდის ნინოს დეკანოზს მოვახსენე: ექვსი წელია, ამ ტანჯვაში ვყევარ-მეთქი. ამ ჩემს მოძღვარს ვმოწმობ ამაში, რომ ამისთვისაც შემეჩივლოს და აღსარებაში მეთქვას. ჩემო ხელმწიფევ, მე ამ ტანჯვის გაძლება აღარ შემიძლია, ვითხოვ უმდაბლესად თხოვისა ამის კმაყოფილება მომცეთ და არა მიმცეთ წარწყმედასა უმოწყალესო ხელმწიფევ".


9 ივლისი, 1915 წელი
"საქართუელოსა და იმერეთის უწმინდესისა კანტორასა შინა.
მოხსენება გიორგი პატარკაციშვილისაგან.
მე ვცხოვრობდი ქიზიყს, ბოდბის ხეობაზედ, სოფელსა ქედელსა და ვითხოვე ცოლად მებაღე გოგიას ქალი და დაგვწერა ჯვარი ქედელმა დეკანოზის შვილმა, სვიმონ მღვდელმა და მყუანდა შვიდი წელიწადი როგორცა კაცს შეეფერება ვიყავ ამ ჩემს მეუღლესთანა. წამართვა ქალი ბოდბელ მიტროპოლიტმა იოანემ მტრების შესმენითა და მითხრა შეყრილს ხალხში, თუ შენ კაცი ხარ, დაუწექ ამ შენს მეუღლესაო და თუ არ დაუწვები, არ მოგცემო და მე არ დავუწექ ჩემს მეუღლესა იმ ხალხში სირცხვილითა და ამის გამო არ მამცა და ვიტანჯები უსამართლოდ შესმენილი. ვითხოვ უმდაბლესად, მისცეთ სრულებაი მორთმეულსა ამას ჩემსა მოხსენებასა.
ხელს ვაწერ ამ არზასა ზედა მე, გიორგი პატარკაციშვილი".

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS