75 წელს რომ გადასცილდა, წერა დაიწყო და გამოაქვეყნა 150 წიგნი, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია „იცხოვრო დიდხანს, იცხოვრო კარგად“. 100 წელს გადაცილებული უკანასკნელ დღემდე აგრძელებდა ხალხის მკურნალობას და ლექციების კითხვას. შიგეაკი ჰინოჰარა 18 ივლისს 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოებას კი საინტერესო რჩევები დაუტოვა, როგორ უნდა იცხოვრონ რაც შეიძლება დიდხანს.
ადამიანი ენერგიას იღებს არა საკვებისა და ძილისგან, არამედ მხიარულებისგან. გახსოვთ, ბავშვობაში, თუ რამე გიხაროდათ ან მხიარულობდით, აღარც ჭამა გახსოვდათ და აღარც ძილი? ზრდასრულ ასაკშიც ასეა. რაც შეიძლება მეტი იმხიარულეთ და ნუ დაიტანჯავთ ორგანიზმს მკაცრი დიეტებითა და ძილის რეჟიმით.
დიდხანს სიცოცხლე შეუძლია ნებისმიერი რასის, ეროვნებისა და სქესის ადამიანს. მათ მხოლოდ ერთი საერთო ნიშანი აქვთ: უხუცესებს შორის ვერ ნახავთ მსუქან ადამიანს. მე, მაგალითად, საუზმედ ვსვამ ერთ ფინჯან ყავას, რძეს ან ფორთოხლის წვენს ერთ კოვზ ზეითუნის ზეთთან (სასარგებლოა არტერიისა და კანისთვის) ერთად. სადილი - რძე ნამცხვართან ერთად. თუ ძალიან დაკავებული ვარ, შეიძლება არც ვისადილო. როცა ვმუშაობ, საერთოდ ვერ ვგრძნობ შიმშილს. ვახშამი - ბოსტნეული, ცოტაოდენი თევზი და ბრინჯი. კვირაში ორჯერ 100 გრამ მჭლე ხორცს გეახლებით.
გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს. მე წელიწადში 150 ლექციას ვკითხულობ ნებისმიერი აუდიტორიისთვის - სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, ბიზნესმენებით დამთავრებული. ჩემი ლექციები საათი-საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდება და მე მათ ფეხზე მდგარი ვკითხულობ.
ტკივილი იდუმალი რამაა; ტკივილთან გამკლავება შეიძლება, თუ რაიმე საინტერესოთი დაკავდებით. როცა ბავშვს კბილი სტკივა, გაართეთ რაიმე საინტერესო თამაშით და მას მალევე დაავიწყდება ტკივილი.
მხოლოდ მეცნიერება ვერ უშველის ადამიანებს. მეცნიერება ყველას ერთნაირად გვფარცხავს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული სული აქვს, ავადმყოფობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს სულთან. დაავადებას რომ უმკურნალო და ადამიანს დაეხმარო, საჭიროა არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ხელოვნებაც.
კარგია დიდხანს სიცოცხლე. 60 წლამდე ჩვენი ოჯახის საკეთილდღეოდ ვმუშაობთ, თუმცა, შემდეგ საზოგადოების სასიკეთოდაც უნდა ვიშრომოთ. მას შემდეგ, რაც 65 წელი შემისრულდა, კვირაში შვიდი დღე, დღეში 18 საათს უფასოდ ვმუშაობ და ყოველი წუთით ვტკბები.