ამ დროს დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი და ახსნა-განმარტებებისთვის ალბათ ზედმეტად პატარაც. ჩემს მეხსიერებაში კი საშინელ კადრებად დარჩა, როგორ ტიროდა დედა მისი ყოველი შეხებისას. მახსოვს, როგორ ემუქრებოდა ჩემი მოკვლით და როგორ შეჰყავდა საძინებელში.
ეს რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა, ცოტა რომ გავიზარდე, ვცდილობდი, მასთან მარტო არ დამეტოვებინა, თუმცა, დედა უკვე წინააღმდეგობას აღარ უწევდა...
ერთხელ ვკითხე, თუ რატომ ექცეოდა მამა ასე სასტიკად. მან ლეიბის ქვემოდან გახუნებული ფოტოსურათი ამოიღო და მკითხა, მახსოვდა თუ არა ეს სახე. ფოტოდან 30 წლამდე მამაკაცი მიღიმოდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ სინამდვილეში მამაჩემი სწორედ ეს კაცი იყო. დედამ იმ დღეს ჩვენი ცხოვრების ტრაგედია მომიყვა.
2 წლის ვყოფილვარ, როცა მამა ავტო-კატასტროფაში დაიღუპა. სახლში მე, დედა და ბაბუა დავრჩით. დანარჩენს მკითხველი თვითონვე მიხვდება, თუმცა, მე მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ბოლომდე არაფერი მესმოდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ დედა ამ ყველაფერს ჩემ გამო იტანდა. მე ბაბუასთან თითქმის არ ვკონტაქტობდი, მხოლოდ ერთხელ გამოვექომაგე დედას. მახსოვს, ხელში ამიყვანა და იატაკზე დამანარცხა. სანამ გონებას დავკარგავდი ქალის ტირილის და კაცის გინების ხმა ჩამესმოდა. გონზე რომ მოვედი და დედა მოვიკითხე, ბაბუამ მითხრა, რომ იგი წავიდა და ვეღარასდროს ვნახავდი.
დღემდე არ ვიცი დედა თავისით წავიდა თუ ბაბუამ გააგდო. მე, როგორც ქალს, ახსნა შემიძლია პირველსაც მოვუძებნო, მაგრამ ირგვლივ არავინ იცოდა, რა ხდებოდა ჩვენს სახლში მაშინ, როცა ეს ორი ადამიანი მარტო რჩებოდა. ამიტომ დედა ყველას ლანძღვის ობიექტად იქცა, მან ხომ 12 წლის ქალიშვილი მიატოვა და ამით მეუღლის სული შეურაცხყო - ასე ჩანდა ნათესავებისა და მეზობლების თვალში. შემდეგ გავიგე, ჩემი ნახვის უფლებას აღარ აძლევდნენ.
ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვსო. ჩემი ცხოვრების გაგრძელება მედლის მეორე, უკეთესი მხარეა. ბევრი ვერ გაიგებს და იკითხავს, როგორ შეიძლება უდედოდ ცხოვრება რაიმეზე უკეთესი იყოსო. მაგრამ როცა ყოველ დღე თვალწინ გიუპატიურებენ დედას, მისი წასვლა ქალისთვისაც და შვილისთვისაც საუკეთესო გამოსავალია. დედის გაუჩინარების შემდეგ ბაბუა ნამდვილ ბაბუად იქცა. განათლებაც მომცა და არც არაფერი დაუკლია, გარდა ერთისა... მან ხომ მე დედა წამართვა...