31 ოქტომბერი, 2017
"ჩემზე ბევრად უფროსმა ქალებმაც კი არ იცოდნენ, როგორ დაეღწიათ თავი ამ მიწიერი ჯოჯოხეთისთვის" - 29 წლის გოგონას სულისშემძვრელი ამბავი, რომელმაც გათხოვებას სიკვდილით დასჯა არჩია
"მესამე სამყარო" - ასე უწოდებს დასავლური საზოგადოება ავღანეთს, რომელიც წლებია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. "ბედნიერია ის, ვისაც გაუმართლებს და იმ ჯოჯოხეთიდან წამოსვლას შეძლებს, მნიშვნელობა არ აქვს, სად წახვალ, რადგან ავღანეთის ფონზე, ყველგან სამოთხეა", - ამბობენ ავღანელი ჟურნალისტები, რომლებმაც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილის დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს...

მათ შორისაა ახალგაზრდა მეინა ქაუროსი, რომელიც ქაბულიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამჟამად ლონდონში მცხოვრები ადგილობრივი ჟურნალისტის, ნაჯიბულა ქურაიშის დახმარებით, ავღ
ანეთიდან გაიქცა. მისივე თქმით, ამით ის ან სიკვდილს გადაურჩა, ან დასახიჩრებას... მას ინტერნეტით დავუკავშირდით. 29 წლის მეინამ სამშობლოში გამოვლილ უმძიმეს პერიოდზე ჟურნალისთვის - "გზა", გულახდილად ისაუბრა...

- თავდაპირველად, ინგლისის ქალაქ ჩელსიში ჩამოვედით, სადაც სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ჩვენზე ზრუნავდნენ. უცნობი ადამიანების მზრუნველობა ჩემთვის იმდენად უცხო იყო, რომ კი არ მშველოდა, უფრო მეტად მაგდებდა დეპრესიაში. ხანდახან ძალიან პირადულ კითხვებსაც მისვამდნენ. ავღანელი ქალისთვის, ნებისმიერი სახის პირადი თემა, ოჯახის წევრთან, დედასთან ან დასთანაც კი დახურულია. იქ ქალის მთავარი ფუნქცია მორჩილება და მოთმინებაა... ამას ასწავლიან თითქმის ყველა ქალს, ბავშვობიდან და ამ პრინციპითვე ზრდიან. სამწუხაროდ, იმ მცირე გამონაკლის ოჯახში, სადაც გოგონა პიროვნებად ყალიბდება, მე ვერ მოვხვდი...

ოჯახში, ჩემ გარდა, კიდევ 8 დედმამიშვილი ვიყავით. სამი უფროსი და მყავს, სამივე 11-12 წლის ასაკში გაათხოვეს. მესამე, ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და დედასავით მივლიდა, ამიტომ მის გათხოვებასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ის ადგილობრივ მწყემსს, რომელიც სავარაუდოდ, მამაჩემზე 5 წლის უფროსი მაინც იქნებოდა, მეხუთე ცოლად გააყოლეს, უფრო სწორად - 30 სული ცხვრისა და რამდენიმე ტომარა ბურღულეულის ფასად მიჰყიდეს... შეწინააღმდეგებას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავდა, მაგრამ მახსოვს, ქალებისა და გოგოების წრეში მოტრიალე ჩემი, ჯერ კიდევ ბავშვური აგებულების დის ტირილისგან დასივებული თვალები... დედა მას თავის ღირსეულად დაჭერას სთხოვდა. ჩემს 12 წლის დას, რიქშას ნერვიულობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ ჩემი მშობლები ამას ვერც ამჩნევდნენ. იმ კაცს, ჩემი დის ქმარს, ქაბულის გარეუბნებში რაღაც ფარდულები ჰქონდა, მუყაოს ქაღალდებისა და ფიცრებისგან ნაშენი, რომელსაც ავღანეთის პროვინციებიდან ჩამოსულებზე აქირავდება. ჩვენს ფონზე, ის შეძლებულად ითვლებოდა... ცოტა ხანში გაირკვა, რომ საშინელი ხასიათი ჰქონდა. ჩემი დის სხეულზე დამწვრობები შევნიშნე... დედას შევჩივლე, მან კი მითხრა, რომ მუსლიმი ქალისთვის ყველაფერზე მთავარი ოჯახის სიწმინდეა და რიქშა ქმრის ხასიათს უნდა შეეგუოსო... დედას არც ვამტყუნებ, ის ასე გაიზარდა და სხვანაირად ვერ წარმოედგინა. ჩემი დის მეტოქეები, ანუ იმ კაცის სხვა ცოლები მას არ ახარებდნენ, რადგან რიქშა მათ შორის ყველაზე ლამაზი, ახალგაზრდა იყო და პოტენციურ მეტოქედ აღიქვამდნენ...

- ისედაც ხომ იყვნენ მეტოქეები...

- სხვა რამეს ვგულისხმობ - ლამაზი ცოლი, ლამაზ ქალიშვილებს ნიშნავს. იქ კი ძალიან უფრთხილდებიან გოგონებს, რადგან გოგოს რძლად "ყიდულობენ" და რაც უფრო ლამაზია ქალი, მით მეტი ღირს. შედარებით შეძლებულ ავღანელებს ორი ან მეტი ცოლი ჰყავდათ და ყველანი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ცოლები ცდილობდნენ, მეტოქეების შვილები დაესახიჩრებინათ, რათა თავიანთი ქალიშვილების უფრო ძვირად გაყიდვის შანსი ჰქონოდათ... იქ უფულო ოჯახს რძლის ყიდვის საშუალება არ აქვს. ამიტომაც, კაცებს ხშირ შემთხვევაში, არატრადიციული სექსუალური ცხოვრება აქვთ და არც პატარა ბიჭების გაუპატიურება წარმოადგენს სიახლეს... ერთი სიტყვით, დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ჩემი და კოშმარში ცხოვრობდა. ერთ დღესაც, ის სახლში ატირებული მოვიდა. თურმე, ადგილობრივ პოლიციას ჩემს სიძეზე კომპრომატები ჰქონია, "თალიბებს" ეხმარებაო და დააკავეს... ჩემმა დამ მოძალადე ქმრისგან კი ამოისუნთქა, მაგრამ მის ნათესავებთან ერთად უწევდა ცხოვრება...

ამასობაში, ჩემი გათხოვების ჯერიც დადგა. სკოლა და განათლება ჩემთვის დახურული თემა იყო. ზამთარში ფეხსაცმელი არ მქონდა და ეს "მშვენიერი" მიზეზი იყო, რომ სწავლა არ გამეგრძელებინა... მეც, ვინაიდან ჩემს პატარა და-ძმასთან თამაშისთვის მეტი დრო მრჩებოდა, ამაზე დიდად არ ვდარდობდი. თუმცა, სკოლა ძალიან მენატრებოდა, რადგან ეს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება იყო.

- გათხოვება რომ გაგეპროტესტებინა, ამას აზრი ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, არა. იქ ქალი საქონელია, რომელსაც ქმარი მამისგან ყიდულობს და ეს ნორმაა... ჩემი მთხოვნელი მობილურებით მოვაჭრე, ჯიხურის მფლობელი, დედაჩემის ნათესავი, საკმაოდ ახალგაზრდა კაცი იყო, ანუ "გამიმართლა", რადგან თურმე ოჯახის რჩენის თავი ჰქონდა. ერთი ცოლი უკვე ჰყავდა, მე მეორე ვიქნებოდი... ქორწილის დღე დანიშნული იყო. ჩემმა საქმრომ, მისთვის დაწესებული "გადასახადიც" წინასწარ მოიტანა... ღამით ვტიროდი და სიკვდილს ვნატრობდი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ქორწილამდე ორი დღით ადრე, მუცელსა და ფეხებზე მდუღარე გადავისხი... ჩვენთან ხალხური მედიცინა საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ დამწვრობა საკმაოდ მძიმე იყო და ორ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ მოვრჩებოდი. ფეხზე დგომა და მით უფრო, სიარული მიჭირდა, მაგრამ ჩემი მშობლები ამას არ შეუფერხებია, ოჯახის ახლობელმა ქალებმა ფერ-უმარილი დამწვარ ადგილებზე, მალამოს ზემოდან წამისვეს და სასიძოს დაელოდნენ... რამდენიმე საათში დავსივდი. სავარაუდოდ, ინფექცია შემეჭრა. ჩემი ოჯახის ახლობელი ქალები "მამშვიდებდნენ", რომ საგანგაშო არაფერი მჭირდა და ქმარს დროულად უნდა ჩავბარებოდი... იმ ღამეს, სიძის მოსვლისთანავე გავითიშე და გონს ქაბულის საავადმყოფოში მოვედი.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS