27 ოქტომბერი, 2017
"ქურთუკს მოგცემთ... ფულს მოგცემთ, რაც მაქვს... ოღონდ ეს ფოტოები დამითმეთ” - უცნობი ისტორია და უცნობი ფოტოები
ქალბატონი ირმა გუგუშვილის პოსტი ინტერნეტში ბევრმა აიტაცა. ეს საოცრად ლამაზი მოგონებაა ლიკა ქავჟარაძეზე და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები:

"წელი არ მახსოვს... მახსოვს, ზამთარი იყო და მე კი იმ ასაკში, ფოთიდან თბილისში და მერე, ვერიდან- საბურთალომდე, უკვე, მარტოც მიშვებდნენ...მამაჩემს, მარტოდმარტო რომ მიშვებდა თბილისში, კი ეთანაღრებოდა გული, მაგრამ, თავს იმხნევებდა: ეს არ დაიკარგება, ისეთია, რომ შეუშვა, პირველ მდივანთანაც შევაო... მე კი, უბედნიერესი, მონიჭებული ორდღიანი დამოუკიდებლობით, დავხეტიალობდი დედაქალაქში ახლად აღმოჩენილი მარშრუტებით და არც მდივანი მადარდებდა და არც მთელი
პოლიტბიურო. სვლაგეზის ორიენტაციით ვერც ახლა მოვიწონებ თავს, (სტუდენტობისას ერთი მეგობარი,

თავმობეზრებული ჩემი ,,გზააბნეულის მემუარებით’’, კომპასის ჩუქებასაც დამპირდა)... ვერაზე კი ნამდვილად არ ვიბნეოდი, ფილარმონიასთან ტროლეიბუსში ავდიოდი, მერე, რომელი ადგილიც მომეწონებოდა და არ ვიყავი ნამყოფი, დასალაშქრად ჩამოვდიოდი, ხან სად, ხან სად... და ახალ-ახალი გზამკვლევების აღმოჩენით ბედნიერი, ვიგნებდი გზას ვაჟას ძეგლამდე... იმ დღესაც ჩამოვირბინე გოგებაშვილიდან ბელინსკით, რედაქციასთან შემოვუხვიე ზუსტად ვერის ძველი ვერის ბაზრის წინ და ფილარმონიისკენ ავიღე გეზი.

გზად, დიდ ეზოში შესასვლელი თაღის ორივე მხარეს, ვიტრინებში ნახევრად თავშემობრუნებული, სტანდარტული შავ-თეთრი და ფერადად რეტუშირებული ფოტოებიდან, დონარა კინწურაშვილის, ჯულიეტა ვაშაყმაძის და სხვათა გვერდით, სრულიად ნორჩი და სრულიად გასაგიჟებელი - ჩემთვის სათაყვანებელი სახე მიღიმოდა. გავშეშდი. მინის მიღმა საპასპორტოს ფორმატით გადაღებული ფოტოდან ლიკა ქავჟარაძე იმზირებოდა.

თუმცა, უჩვეულო ის იყო, რომ ჩვეულებრივ, საპასპორტო სურათებს ხომ სერიოზული გამომეტყველებით იღებდნენ, ამ ფოტოზე ჩემი ლიკა გულითადად იცინოდა. ეს იყო ნამდვილი პასპორტის სურათი, ისეთი, არასდროს არსად რომ გამოქვეყნებულა, არავის რომ აქვს საქართველოში, არათუ ფოთში... გამიგებენ კოლექციონერები, ან ფილატელიის ჟინით შეპყრობილები, დამემართა ”რადაც უნდა დამიჯდეს’’...გარეთ მხოლოდ სარეკლამო ვიტრინა იყო, ფოტოატელიეში მოსახვედრად ეზოში უნდა შესულიყავი.

დამავიწყდა, სადღაც რომ მივდივარ. დავადე თავი, შევედი. მაშინ გრიშა კეჟერაძესაც ვიცნობდი, შემიძლია დავიფიცო: ატელიე ის იყო, ზუსტად.

ვითომ კარგად მენიშნა, სულ ტყუილად. გულში ტექსტს ვამზადებ: მეთქი, მე ფოთიდან ჩამოვედი...მინდა გთხოვოთ სურათი...ერთი სურათი...თუ კეჟერაძეა, გამიგებს.

ვერ ამოვთქვი. ვდგავარ და ვფიქრობ, რა ვქნა? როგორ ვქნა... ბლოკნოტის ყდის ჯიბეში მოიისფრო ათმანეთიანი მაქვს, შავი დღისთვის გადანახული... 5 მანეთამდე - სამგზავროდ და ლაღიძის წყალ-ხაჭაპურისთვის გახაზირებული... და შინ, ჩემოდანში - მატარებლის ბილეთის ფული - ხელშეუხებელი. ესაა მთელი ჩემი ავლადიდება.

- გოგონა, გისმენ, რა ზომის ფოტო გინდა?

- პატარა... -ვლუღლუღებ. ჩემი აზრით, პატარა ყველაზე იაფი ეღირება.
გავიხადე ქურთუკი, მომაწოდეს მრავალთმაგადანავარცხნი ბრტყელი სავარცხელი. დავალაგე თმა, კუდად გავისკვანჭე და ვდგავარ მორჩილი, მზადყოფნაში -გადავიღო ფოტო ¾-ზე. დრო გამყავს, იმ იმედით, ამასობაში მოვიფიქრებთქო რამეს. დავჯექი ფარდის წინ. გავიყურსე, თვალებში მიდგას სამყაროს სევდა და დედამიწის სამძიმარი...

-ხვალ მოდი, გოგონა... 3-საათის მერე...

აუუ... ხვალამდე რა მოიცდის... ვდგავარ ჯორივით. როგორი სათქმელია... როგორც იქნა, ამოვღერღე:

-იცით რა...მე ჩემი სურათი არ მინდა... მინდა ლიკა ქავჟარაძის. მომყიდეთ. რაც ფული მაქვს, ყველას მოგცემთ.
-რას ამბობ, გოგონა, როგორ შეიძლება, რა უფლება მაქვს სხვისი ფოტო მოგცე? არა, შვილო, არ შემიძლია...
- შეგიძლიათ... არავის ვაჩვენებ, არასდროს... არავის ვეტყვი. მარტო მე მექნება...

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS